მოგზაურობა ტაო-კლარჯეთში
კაპადოკია







ათაბაგები
ივანე ჯაყელი (ციხისჯვარელი)-მეწინავე სადროშოს სარდალი, სპასალარი და მეჭურჭლეთუხუცესი

ყვარყვარე ჯაყელ ციხისჯვარელთა, სამცხის ათაბაგთა საგვარეულო სახელი იყო, რაც ართულებს მათ სწორ იდენტიფიკაციას. მაგრამ ის ყვარყვარე, რომელსაც ეძღვნება წარმოდგენილი სტატია, ისტორიანი და აზმანი შარავანდედთა-სა და ჟამთააღმწერელში უპირველესად ივანედ იწოდება: გიორგი რუსს მიემხრო ყველა მესხი დიდებულ-აზნაური თÂნიერ ივანე ჯაყელისა, რომელსა ყუარყუარეცა ეწოდების; მოახსენა მეფესა რუსუდანს ივანე ციხისჯუარელმან ჯაყელმან, რომელსა ყუარყუარეცა ეწოდებოდა. ისტორიას კი სწორედ ც ნაწილაკდართული სახელით შემორჩა.

ყვარყვარე ციხისჯვარელი კაცი დიდად გამარჯვებული, მეწინავე სადროშოში (არტაანის მხარე) სარდლობდა, რაც მას განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებდა, რადგან, ჩვეულებრივ, საქართველოს საფრთხე სამხრეთ აღმოსავლეთიდან ემუქრებოდა. მომხდურ მონღოლებს, ავაგ ამირსპასალარისა და შანშე მხარგრძელივით უომრად კი არ გაერიდა, არამედ გმირულად შეება, მაგრამ მტრის ძალები სწორად შეაფასა და ქვეყანა რომ აოხრებისაგან ეხსნა, რუსუდანს მტერთან მოლაპარაკება ურჩია.

როცა უმეფოდ დარჩენილ საქართველოს საბერძნეთს მყოფი თურქმანები შემოესია, ყვარყვარემ შეკრიბა 10000 მეომარი და ტაოში ვანის ველზე შეება მომხდურს. თუმცა ორგნითვე მოსწყდა ურიცხვი, მაინც ქართველებმა გაიმარჯვეს და დიდძალი ნაალაფარით სავსენი და სახელოვანნი მოვიდეს სამცხეს.

მეფეთა ერთგული ყვარყვარე, განძის დალაშქვრის დროს, დაუპირისპირდა მთავარსარდლობის სტრატეგიას და ლაშა გიორგის თანა წინამბრძოლობდეს ძლიერად.

მონღოლების მიერ დუმანებად დაყოფილ საქართველოში მესხეთს ერზერუმამდე ყვარყვარე ციხისჯვარელი მეთაურობდა, მაგრამ თავკერძი ურთიერთობა როდი გააბა ილხანებთან. იგი ერთიანი საქართველოს აწმყოსა და მომავალზე ზრუნავდა და აქტიურად იყო ჩაბმული საქვეყნო საქმეებში.

გვარისშვილობით არავისგან გამორჩეულმა ეგარსლან ბაკურციხელმა, უმეფობით დრო იხელთა და გამეფება მოიწადინა. მაშინ ქართველმა ერისთავებმა, მათ შორის ყვარყვარე ციხისჯვარელმა, რუსუდანისაგან სასიკვდილოდ გამეტებული დავით ულუ კონოდან სამშობლოში დააბრუნა და სიხარულით მიეგება. მერე კი სხვა ქართველ დიდგვაროვან მთავრებთან ერთად დაარწმუნა მონღოლები დავით ულუს გამეფების კანონიერებაში. მან შესანიშნავად იცოდა ტახტისათვის ბრძოლაში შინაური დაპირისპირების სიავე და თავის დროზე დავით რუსუდანის ძესაც უწევდა თანადგომობას, მაგრამ იგი დროულად იღებდა სწორ გადაწყვეტულებას და მუდამ სახელმწიფოებრივი ინტერესების დამცველთა გვერდით იდგა. ბუნებრივია, რომ იგი სხვა ქართველ დიდგვაროვნებთა შორის ჩანს კოხტასთავს შეთქმულების ჟამს. მისი საქვეყნო, საგმირო საქმეებზე გადაუჭარბებლად არის მოთხრობილი ქართული მატიანეების ფურცლებზე.

სარგის ჯაყელ / ციხისჯვარელი, ათაბაგი XIII . მეორე ნახევარი- სამცხის პირველი დამოუკიდებელი მთავარი, სპასალარი, მეჭურჭლეთუხუცესი (12661285 წწ. )

სარგის ჯაყელი, წყაროების მიხედვით, იყო კაცი დიდად ნამსახური, მÃნედ შემმართებელი და მრავალჯერ გამოცდილი და სახელოვან-ქმნილი წყობათა შინა, ტანითა ახოვანი, Ãელოვნად მბრძოლი ცხენსა ზედა, მÃნე მოისარი, საჩინოდ ნადირთა უცდომლად მმუსრველი.

სარგის ჯაყელი ულუ დავითის უერთგულესი ვასალი იყო. მისი მითითებით ულუ დავითის მომხრენი იმერეთის დიდებულებსაც თანამოაზრედ იხდიან. როცა ულუ დავითი აჯანყდა და ეგვიპტეში წასვლაზე უარი უთხრა მონღოლებს, მეფის გვერდით ათაბაგი და შავშეთ-კლარჯეთის ერისმთავარნი დადგნენ. სარგის ჯაყელმა მეფე დიდი პატივით მიიღო, განუსვენა უმეტეს წესითა მეფისათა და თავისი ციხე-ქალაქებიც კი შესთავაზა. მეფემ სამცხის სპასალარის პატივის მქონე სარგის ჯაყელი დანიშნა 8000 ქართველის მხედართმთავრად. იგი უნდა გამკლავებოდა არღუნის 20000-იან ლაშქარს, რომელთა რიგებში იდგნენ ქართლის დიდკაცებიც. ძალთა ასეთ დაპირისპირებაში ერთადერთი გამოსავალი მონღოლთა ტაშისკარის ვიწროებში მომწყვდევა იყო, მაგრამ სარგის ჯაყელმა შეცდომა დაუშვა და მტერს ქართლის გაშლილ ველზე შეხვდა. შედეგიც შესაბამისი იყო, დამარცხებულმა მეფემ და მხედართმთავარმა თავი დასავლეთ საქართველოს შეაფარეს, მაგრამ 1264 წელს იძულებულნი გახდნენ ჰულაგუ ყაენს ხლებოდნენ. იქ სამსჯავროზე უმწეო მდგომარეობაში ჩავარდნილი მეფის ნაცვლად სარგის ჯაყელი წარსდგა. საუბარს კეთილმეტყუელი და სიტყუამარჯუე სადუნ მანკაბერდელი წარმართავდა. სარგის ჯაყელის ნათქვამს კაზმავდა და შელამაზებულად უთარგმნიდა დამსწრეთ. ათაბაგმა აჯანყების მოწყობა, მეფის გადარჩენის მიზნით, თვითონ დაიბრალა: მეფე უბრალო არის, მე ვარ რომელმაც განვაყენე მეფე კარისაგან თქვენისა. აჯანყების დაწყების აუცილებლობაც დაასაბუთა, მიზეზად მონღოლ ხარკის ამკრებთა თავგასულობა და მექრთამეობა მოიტანა, ხოჯა აზიზის ბოროტი საქმიანობა ჩამოთვალა. ქართველებს აჯანყების გარდა, სხვა გზა არ ჰქონდათ ამ ვითარების ყაენისათვის შესატყობინებლად, რადგან ხოჯა აზიზს ქრთამით ჰქონდა კარი ყეენისა შეკრულიო. კაცმა არ იცის, სარგის ჯაყელის საზრიანობა და მეფისადმი თავდადება რა შედეგს გამოიღებდა, რომ ჰულაგუ ყაენს თავისი მოსისხლე მტრის, ამ დროს დარუბანდს მომდგარი ბერქა ყაენის წინააღმდეგ ქართველების თანადგომა არ დასჭირვებოდა. ყაენმა თავის ჯარს წინ ჩაუყენა ქართველების ლაშქარი მეფისა და ათაბაგის წინამძღოლობით.

სარგის ჯაყელმა ჩრდილოელ ურდოებთან ბრძოლაში თავდადებისათვის ჰულაგუ ყაენისაგან სიგელით (იარლიყით) მიიღო კარნუ ქალაქი და “მისი მიმდგამი ქვეყანა”. მოშურნე პირებმა მალემრწმენ მეფეს ჩააგონეს, ყაენმა ისე განადიდა სარგის ჯაყელი, რომ არღარა იქნების მორჩილი მეფობისა თქუენისაო. ულუ დავითმა დაივიწყა ათაბაგის მსახურება და მუდმივი ერთგულება. სიბაზე წასასვლელად თბილისში მოიწვია სარგის ჯაყელი და შინად ტყუეყო. მაგრამ სარგის ჯაყელის თანამყოლი აზნაურების გარჯით ათაბაგი ყაენის კარზე აღმოჩნდა. ცილისწამების მსხვერპლი მეფისაგან სასიკეთოს აღარაფერს მოელოდა. მას თავი მეფის მოსალოდნელი შურისძიებისაგან უნდა ეხსნა, ან სამშობლოში დაბრუნებაზე სამუდამოდ ეთქვა უარი. ათაბაგმა პირველი გზა ირჩია და ყაენს მისი უშუალო მფარველობის ქვეშ მიღება სთხოვა მთელი თავისი სამფლობელოთურთ. ასე გაჩნდა ქართული ფეოდალური მონარქიის წიაღში სამცხის დამოუკიდებელი სამთავრო. ათაბაგის ეს იძულებითი გადაწყვეტილება საქართველოს მთლიანობისა და ძლიერებისათვის საბედისწერო ნაბიჯი იყო. სამცხე მონღოლთა სახასო მამულად, ხასინჯუდ იქცა. როცა დემეტრე II ყაენმა ქართველთა მეფედ დაამტკიცა, მას დაუმორჩილა ყოველი საქართველო, თÂნიერ სარგის ჯაყელის სამფლობელოსი. ისედაც ფაქტობრივად ორ სამეფოდ დაყოფილ საქართველოს, გამოეყო მისი მესამედი ნაწილი, პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული თვალსაზრისით გამორჩეული მხარე. სათავე დაედო სამეფოსგან სამთავროთა განკერძოებას.

ყაენს დაქვემდებარებული ათაბაგის სამფლობელო მოიცავდა ვრცელ ტერიტორიას ტაოსკარითგან კარნუ-ქალაქამდის, სამცხე, აჭარა, შავშეთი, კლარჯეთი და უმრავლესი ტაო, ვაშლოვანი, ნიგალის Ãევი, არტანუჯი, ათორმეტი უდაბნონი, კარნიფორი და ორნივე არტაანი და მრავალნი სოფელნი ჯავახეთსა.

ისტორიის გადასახედიდან სულ ცოტა ხანში, ათაბაგის სამფლობელომ მოიხსნა ხასინჯუს სტატუსი და იგი ირანის ილხანების ყმადნაფიცი სამეფო გახდა. სარგის I-ის ძე ბექა ხარაჯას მისცემდა ყაზანს და ლაშქრითა შეეწეოდა. ასე გახდნენ ჯაყელები ულუსისანი ვიდრე ჟამამდე მეფეთა შორის ბრწყინვალისა და დიდისა გიორგისთა. ირკვევა, რომ კავშირი საქართველოს მეფესა და სამცხის მთავრებს შორის გიორგი ბრწყინვალემდეც არ გაწყვეტილა. სარგის ჯაყელი, რომელიც მორჩილებდეს მეფეს დემეტრეს, დემეტრე თავდადებულის მეჭურჭლეთუხუცესი გახდა. ბექას კი მამის სიცოცხლეშივე ებოძა მანდატურთუხუცესის სახელო.

თუმცა ძლიერმა მიწისძვრამ ქვეყანა შეარყია და ბევრი რამ მიწასთან გაასწორა, მესხეთი საქართველოს სხვა პროვინციებთან შედარებით ეკონომიურადაც ძლიერი გახდა. 1301 წლის შიმშილობისას ქართველები მხოლოდ მესხეთში პოულობენ სასყიდლად პურს. მოსახლეობაც მომრავლდა.

მონღოლთა ყმადნაფიცებს ქრისტეს სჯული ამხნევებდათ და ძლიერ ღვთისმოსავებადაც დარჩნენ. სენითგან სიბერისათა დაუძლურებული სარგის ჯაყელი დაავადებული ყოფილა სენითა ფერÃისა ტკივილისათა. მას სიცოცხლის ბოლო ჟამი, სხვა ფეოდალებისა და მეფეთა მსგავსად, სულიერ წარუვალ საქმიანობაში გაუტარებია. საბას სახელით ბერად აღკვეცილა. მისმა ერთადერთმა მემკვიდრემ დიდმა ბექამ საგანგებოდ მამისათვის ააგო ტაძარი საფარაში იმ წმინდანის სახელობისა, რომლის სახელს ატარებდა ბერადშემდგარი სარგის ჯაყელი.

საფარის წმიდა საბას ტაძარში არის ფრესკული გამოსახულება გრძელწვერიანი შავითმოსილი მოხუცი სასულიერო პირისა, რომელსაც ახლავს წარწერა საბა ათაბაგი. სხვაგან წმიდა საბა პატრონად იხსენიება.

ბექა-I, ათაბაგი-(1285-1306), სამცხის ათაბაგი, მანდატურთუხუცესი სჯულმდებელი და ტაძართმაშენებელი

ბექა, მამამისის, სარგის ჯაყელის (1266-1285) სიცოცხლეში მიიღო სამცხის მართვის უფლება და მანდატურთუხუცესის საპატიო წოდება. მამის გარდაცვალების შემდეგ კი სამცხის ერთმმართველი გამგებელი გახდა. მისი სამფლობელო ვრცელდებოდა ტაოსკარითგან ვიდრე სპერამდე, ვიდრე ზღვადმდე; სამცხე, აჭარა, შავშეთი, კლარჯეთი, ნიგალას ხევი, ხოლო ჭანეთი სრულად მოსცა ბერძენმა მეფემან კომნინოსმა. მის საბრძანებელში შედიოდა: უმრავლესი ტაო, არტაანი, კოლა, კარნიფორი და კარი; ქვეყანანი და ციხენი არტანუჯი და უდაბნონი ათორმეტი კლარჯეთისანი... და მონასტერნი. იგი დიდ ყურადღებას იჩენს ტრაპიზონის საკეისროს მიმართ, სადაც მოსახლეობის უმრავლესობას ქართველური ტომი ლაზები შეადგენდნენ. ქართული ორიენტაციის პოლიტიკური დასის მხარდაჭერით მათი დაცვა პირდაპირ თავის მოვალეობად აქცია. ქალიშვილი ცოლად შერთო ტრაპიზონის კეისარს ალექსი მეორეს. ამით ქართული პოლიტიკური გავლენა გააძლიერა და თურქთა თავდასხმებიც შეაჩერა ამ მხარეში. მაგრამ XIV ს-ის 40-იანი წლებიდან აქ ბიზანტიელთა ბატონობა კვლავ აღდგა.

თუმცა ბექა ჯაყელი მანდატურთუხუცესის წოდებით საქართველოს მეფე სიუზერენის კარის მაღალი რანგის მოხელე იყო, სამცხეს დამოუკიდებლად მართავდა. პატრონი ათაბაგი თავისი უფლებამოსილებით აქ მეფედ იჯდა. მან სამართლის წიგნი როდი შექმნა ბრძანებითა მეფისათა. სამცხის დამოუკიდებლობასა და დანარჩენ საქართველოებთან პოლიტიკურ კავშირს უმტკივნეულოდ აგვარებდა, მათთან ნათესაურ კავშირს ამყარებდა. მეფე დემეტრე თავდადებულის მეუღლე გახლდათ ქალიშვილი ნათელა. მათი შვილი გიორგი გიორგი V, ბრწყინვალედ ზედწოდებული დიდხანს იზრდებოდა საათაბაგოში. ასწლოვანი მატიანის ცნობით, ბექა მეფეთა ძღუნითა სცემდა პატივს, მორჩილებდეს მეფესა დემეტრეს, უსმენდეს დავითს. მაგრამ მორჩილების დამადასტურებელი ფაქტები არ ჩანს. პირიქით, როცა დავითმა ინვესტიტურის მიღების ჟამს, თავისთან იხმო ბექა მანდატურთუხუცესი, მან არ ინება მისვლად, რამეთუ ფრიად განდიდებულ იყო.

სამცხისა და მთლიანად სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ერთ დამოუკიდებელ სამთავროდ რეალურად ქმედების იურიდიული დადასტურებაა ბექა-აღბუღას სამართალი, თუნდაც მისი დასაწყისი. გონივრული მართლმსაჯულების ნიმუში წიგნი სამართლისა კაცთა შეცოდებისა ყოველსავე უპირველესად სამცხის შინაგან სოციალურ სტრუქტურას გამოხატავს, ქვეყნის წესი და ადათობრივი სამართალია. საქართველოს მეფეთაგან განდგომილი სამთავროს ბჭეთა და შუაკაცთა სახელმძღვანელო კრებულია. სამართლის მოქმედების სივრცე თუ სფერო ჯაყელ-ციხისჯვარელთა სამთავროა და მაინც საერთო ქართული სამართლებრივი აზროვნების დიდებული ძეგლია.

ბექა I მსახურებდა ყაანს აბაღას, მაგრამ მამამისისაგან ხასინჯუდ ქცეული სამფლობელო ილხანების ყმადნაფიც სამთავროდ აქცია: ხარაჯას მისცემდა ყაზანს და ლაშქრითა შეეწეოდა. 1281 წელს მონღოლთა ლაშქარში დემეტრე II-თან ერთად იბრძოდა ეგვიპტეში. ილხანთა ვასალი მარჯვედ იცავდა თავის სამფლობელოს ახლად გამეზობლებულ თურქთა შემოსევებისაგან. როცა აზატ მოსეს (ალბათ, მუსა) ლაშქარმა მოულოდნელად იწყო მშფოთვარედ ოÃრება, Ãოცა და კლვა ბასიანსა და ტაოში, ბექა ჯაყელმა გამჭრიახი მხედართმთავრის ნიჭი გამოიჩინა, შეძლო მეზობელი სამთავროების ძალების თავმოყრა და მომხდურის წინააღმდეგ დარაზმვა. 12000 მეომრით მტერს ვაშლოვანთან შეება და დაამარცხა. სპერიდანაც კი განდევნა ისინი. ბრძოლის დაწყების წინ ერისმთავრების, დიდებულებისა და ლაშქრის წინაშე წარმოთქვა სიტყვა, რომელიც ქართული მჭევრმეტყველების დიდებული ნიმუშია (შეტანილია კიდეც ნ. კანდელაკის მონოგრაფიაში ქართული მჭევრმეტყველება, თბ., 1958). რაც მთავარია, საქართველოს მთლიანობის აუცილებლობას, სახელმწიფოებრივი აზროვნების დემონსტრაციაა და არა კერძო მამულობრივი სეპარატისტული განკერძოებისა, რასაც სათავე მისმა მამამ სარგის ჯაყელმა დაუდო, თვითონ კი განამტკიცა: ისმინეთ მთავარნო საქართველოსანო, ძმანო და თანამონათესავნო ჩემნო, სიტყუა ჩემი, დიდმან და სახელოვანმან, სკიპტრისა და პორფირისა მქონებელთა შორის უმეტეს განთქმულმან მეფემან დასცა და დაამხო ძლიერება თურქთა ნათესავისა და აოტნა სამეფოსაგან მისისა. მიერ ჟამითგან აქამომდე არღარა ჩენილან თურქნი. აწ ცოდვითა ჩუენთათÂს კულად აღიძრნეს და აღაოÃრეს მძÂნვარედ ტაო... ვინათგან მეფე შემცირებულ არს მძლავრებისაგან თათართასა და კუალად პირნი და თავნი საქართველოსანი განდგომილან და არავინ არს წინააღმდგომ თურქთა. აწ ისმინეთ ჩემი ტომნო და ერთნებანო და შევკრბეთ ყოვლითა ძალითა ჩუენითა და მივმართოთ თურქთა და არა მივსცეთ თავნი და შვილნი ჩუენნი და არა განგუიწირნეს ღმერთმან მოსავნი მისნი და აღმსარებელნი მისნი და მოგუცეს ძლევა მათს ზედა ვითარ მისცა მამათა ჩუენთა ძლევა მათ ზედა. დავდვათ თავი ჩუენი სჯულისა შეუგინებლობისათვის და ძმათა ჩუენთათÂს, უეჭველად ღმერთი მოგუანიჭებს ცხორებასა. მგზნებარე მიმართვამ შედეგი გამოიღო. მაგრამ (მეფეთაგან განკერძოების) მამისეულ ხაზს თავმიმდევრულად აგრძელებდა, რასაც ვერ სძლევდა ქრისტეს სჯულის ჭეშმარიტი სიყვარული და გულითადი სამსახური. ცოდვათა თÂსთა მოსანანიებლად მოხუცი სარგის ჯაყელი ბერად აღიკვეცა და ეწოდა საბა. ბექა ციხისჯვარელ ჯაყელმა კი საფარაში ააგო ტაძარი იმ წმინდანის სახელობისა, რომლის სახელს ატარებდა ბერადშემდგარი სარგის I. საფარის წმ. საბას დიდებულ ტაძართან ერთად ბექას აუშენებია სამრეკლო და წმ. მარინეს სახელობის ლასურისძეთა ექვტერი საგვარეულო ეკლესია და საძვალე. ბექა ათაბაგის დროსაა აგებული და მოხატული ზარზმის თანამედროვე საკულტო შენობებიც.

ბექა დიდის ნამოღვაწარი სამცხის არქიტექტურული ძეგლების სახით დღემდე ამშვენებს საქართველოს და მის მკვიდრთ სიამაყის გრძნობით ავსებს.

ყვარყვარე I, ათაბაგი( 13341361 ) -სამცხის ათაბაგი

სჯულმდებელ ბექა მანდატურთუხუცესის შვილი; ათაბაგად დასვა გიორგი V ბრწყინვალემ. ყრმა ყვარყვარე გამოხატულია საფარის საბას ტაძრის კედელზე

სჯულმდებელ ბექა მანდატურთუხუცესს სამი ვაჟი დარჩა: სარგისი, ყვარყვარე და შალვა. მამის გარდაცვალების შემდეგ მათ სამთა ძმათა დაიპყრეს სამცხე, საათაბაგოს გარეგნული მთლიანობის შენარჩუნებით. როგორც ჩანს, სარგისი და ყვარყვარე თანამზრახველნი და თანამოაზრენი იყვნენ. როცა ილხანებმა მოინდომეს საქართველოს გაერთიანება (მათ ხელს აღარ აძლევდა დანაწილებული საქართველოდან ხარკის ცალ-ცალკე აღება) და საქართველოს მეფედ ოლჯაითუ ყაენმა მცირეწლოვანი გიორგი დემეტრეს ძის დასმა გადაწყვიტა, მისი დამტკიცება სარგისმა და ყვარყვარემ არა ინებეს. მაგრამ ოლჯაითუს გარდაცვალების შემდეგ, ტახტზე აბუსაიდის ასვლის ცერემონიალზე გიორგი გამოცხადდა. ახალმა ყაემა მას მისცა ყოველი საქართველო და ყოველნი მთავარნი საქართველოსანი... და მესხნი შვილნი ბექასანი, რაც მითითება იყო საქართველოს გაერთიანება-გამთლიანებისა, ხოლო სამცხის სამთავროს ხასინჯობას აუქმებდა. მეფის სურვილი და შინ თუ გარეთ შექმნილი პოლიტიკური ვითარება ძლივს დაუახლოვდა ერთმანეთს. იმერეთის შემოერთების შემდეგ გიორგი ბრწყინვალემ თავის ბავშვობის მხარეს, როგორც იტყვიან, დედულეთს მესხეთს ჩავიდა და სამცხის მთავრად ყვარყვარე დასვა და ათაბაგობა უბოძა. ბექას შემდეგ სამცხის მთავრები მანდატურთუხუცესის ხარისხში აღარ ამაღლებულან, ისინი მხოლოდ ათაბაგებად იხსენიებოდნენ.

გიორგი ბრწყინვალის მიერ ათაბაგად ყვარყვარეს დასმა სამცხის ერთიანი საქართველოს მეფის უფლებამოსილების ქვეშ დაბრუნებას ნიშნავდა. სამცხის გამგებლები ხომ XIII ს-ის 60-იანი წლებიდან უშუალოდ უკავშირდებოდნენ მონღოლებს და ემორჩილებოდნენ მათ.

ყვარყვარეს დაექვემდებარა ბიძისძენიც. ვახუშტის მიხედვით 1358 წელს ცოლად შეურთავს ყვარყვარეს ქალიშვილი იმერეთის მეფე მიქელის ძეს ბაგრატს.

სამცხე ერთიანი საქართველოს შემადგენლობაში დიდხანს არ დარჩენილა. აღბუღა დაეყრდნო ბექას სამართალს, ათაბაგებს ადრინდელი უფლებები აღუდგინა, თავი სამცხის უზენაეს მპყრობელად გამოაცხადა. ათაბაგთა ზღვარდაუდებელმა თავკერძობამ ქვეყანას აუნაზღაურებელი ზიანი და უკურნებელი ტკივილი დაუტოვა.

ყვარყვარე I 1361 წელს გარდაიცვალა. იერუსალიმის ჯვრის მონასტრის აღაპებში შესულია ყვარყვარესა და მისი ძმის შალვას მოსახსენებლები. ყრმა ყვარყვარეს სახე კი შემოგვინახა საფარის საბას ტაძრის ისტორიულმა კედლის მხატვრობამ.

აღბუღა ჯაყელი, ათაბაგი-(13861451),  აღბუღა - სჯულმდებელი, სამცხის ათაბაგი, ამირსპასალარი შვილიშვილი ბექა დიდისა, სამართლის მოქმედი

სჯულმდებელ ათაბაგს მონღოლური სახელი აღბუღა კი ერქვა, მაგრამ შორს იდგა ულუსთა მორჩილებისაგან. აღარ ჰქონდა მანდატურთუხუცესის საპატიო სახელიც, მაგრამ იყო ამირსპასალარი, ანუ მხედართმთავარი, რომელსაც ევალებოდა საქმენი სალაშქრონი. ამასთან თვის მამა-პაპათა კვალზე სამცხის განკერძოების შენარჩუნებას ცდილობდა. იგი ამაყად აცხადებს: მე პატრონმან ათაბაგ-ამირსპასალარმან აღბუღა მოვიღე სრულსა სამცხისა საქმე და სამართალი გავაჩინეო. უზენაესი საკანონმდებლო ხელისუფლება ათაბაგის ხელთაა, რასაც ვერ შეძლებდა, რომ საათაბაგო დამოუკიდებელი პოლიტიკური ერთეული არ ყოფილიყო. თუმცაღა ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით სამართლის წიგნი მან დაუტევა მესხთა ბრძანებითა მეფისათა. ამგვარ ცნობას სხვა არც ერთი წყარო არ შეიცავს, მაგრამ სრულიად აშკარაა მისი თავდადრეკა დიდისა წარჩინებულისა მეფისა გიორგის მიმართ. მას სამცხეში შემოაქვს ყაზანური თეთრის ნაცვლად გიორგი ბრწყინვალის თეთრი ანუ ვერცხლის ფული, თავად გიორგი ბრწყინვალეც, აშკარად, სიმპათიითაა მშვიდი აღბუღას მიმართ. როცა ბიძა ყვარყვარე დაუპირისპირდა აღბუღას და მოინდომა მისთვის ხელისუფლების წართმევა (1447 წელს), მეფემ აღბუღას დაუჭირა მხარი, ყვარყვარე კი თავის კარზე წაიყვანა.

დადგენილია, რომ აღბუღამ “სამართალი” XIV ს-ის მეორე ნახევარში შეადგინა, რომელშიც პირველ წიგნად შეიტანა უფრო ადრე პაპის -ბექა მანდატურთუხუცესის მიერ შედგენილი სამართალი. ძეგლის დედანი ჩვენამდე არ მოსულა, არის 2 ხელნაწერი. ერთი 1672 წლისა, მეორე გვიანდელი - ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნის კრებულში შესული ნაწილი სათაურით სამართალი აღბუღასი – რედაქტირებული და სახეცვლილი ვახტანგის კომისიის მიერ.

ბექა-აღბუღას სამართლის წიგნი 98 მუხლისაგან შედგება. აქედან აღბუღას ეკუთვნის 66-98 მუხლები. განკუთვნილია სამცხის სამთავროსათვის, მაგრამ რადგან იმდროინდელ ბარის საქართველოში სოციალური სტრუქტურა ყველგან ერთნაირია, ამიტომ ძეგლი თანაბრად მნიშვნელოვანია მთელი საქართველოსათვის.

ყვარყვარე II, ათაბაგი-სამცხის ათაბაგი 14511498 წწ.-ში, სპასალარი, ჯაყელ-ციხისჯვარელი.

”პატრონი” ყვარყვარე, ერთი იმათგანი იყო, ვისაც “მეფობა შეუძნდა”(სურდა), მაგრამ როცა ეს სურვილი ვერ დაიკმაყოფილა, თავისი უაღრესად ძლიერი ხასიათით, დიდი გავლენებით და აქტიური პოლიტიკური საქმიანობით ნებსით თუ უნებლიეთ ხელი შეუწყო საქართველოს პოლიტიკური რღვევის პროცესს.

ყვარყვარე ათაბაგმა ძალაუფლებისაკენ დაუცხრომელი სწრაფვა, ენერგიულობა და ყოველივე ამასთან შეზავებული პოლიტიკური ახლომხედველობა ჯერ კიდევ ათაბაგობამდე გამოამჟღავნა. 1447 წელს მან ათაბაგობა წაართვა საკუთარ ძმას, აღბუღას. აღბუღამ საშველად მეფე გიორგი VIII-ს მიმართა. გიორგიმ ძალა გამოიყენა და აღბუღას ათაბაგობის პატივი დაუბრუნა, ხოლო ყვარყვარე თავის კარზე “ამყოფა”. ამიერიდან “იქმნა ყვარყვარე ქუეგამხედველი მეფისა”. აღბუღას გარდაცვალების შემდეგ ათაბაგად აღზევებულ ყვარყვარეს ასპარეზი მიეცა თავისი პოლიტიკური ზრახვების, სულიერი და ზნეობრივი ავლადიდების გამომჟღავნებისა. მისი განზრახვით და წაქეზებით ერთიანი საქართველოს მეფეს გიორგი VIII-ს გურია-სამეგრელო-იმერეთის ერისთავები გაუორგულდნენ. ბაგრატ ერისთავმა, რომელიც ალექსანდრე დიდის ძმისწული და მაშასადამე, გიორგი VIII-ის ბიძაშვილი იყო, იმერეთში გამეფება მოიწადინა. მაშინ მეფე გიორგი იმერეთში გადავიდა ურჩი ფეოდალის გონზე მოსაყვანად და ყვარყვარესაც მოუწოდა “შთამოსვლა სპითა”, მაგრამ ყვარყვარე ადგილიდან არ დაძრულა. ერისთავთაგან სამტროდ განწირული მეფე ჩიხორთან ბრძოლაში დამარცხდა, რის შემდეგ ბაგრატმა თავი იმერეთის მეფედ გამოაცხადა.

1465 წელს, როცა ყვარყვარეს თავგასულობის აღსაკვეთად გიორგი მეფე სამცხისკენ დაიძრა, ფარავანზე დაბანაკდა. აქ ყვარყვარემ ღალატით შეიპყრო მეფე და დატყვევებული სამცხეში ჩაიყვანა. მაგრამ ყვარყვარემ, რომელსაც მეფობა სურდა, ბაგრატისაგან საჭირო თანადგომა ვერ ჰპოვა და ტყვედქმნილი მეფე სიძედ მოიკიდა ცოლად შერთო თავისი ასული თამარი.

თავისი ხანგრძლივი ათაბაგობის მანძილზე ყვარყვარე სამცხეს სრულიად დამოუკიდებლად მართავდა. მაშინაც კი, როცა რომის პაპის თაოსნობით ანტიოსმალური კოალიციის შექმნაზე წარმოებდა მოლაპარაკებები, ქართველმა მეფე-მთავრებმა კავშირი ყვეს, ერთმანეთს შორის მშვიდობისა და თავდაუსხმელობის პირობა დადეს. ბურგუნდიის მთავარს გიორგი მეფე წერს, რომ ტრაპიზონის იმპერატორი, სამეგრელო-აფხაზეთის მთავრები და სომხეთის ბატონი ”ჩვენ შემოგვპირდა ჯარის მოცემასო”, ყვარყვარეს შესახებ კი აცნობებს: “თვით მოდის 20 ათასი ცხენოსნითო”. ყვარყვარე კოალიციის დამოუკიდებელ წევრად ცნობდა თავს, რის ნიშნად გიორგი მეფის ელჩობისაგან დამოუკიდებლად, თავისი ელჩი, ფარსადანი, გააგზავნა რომის პაპთან და დასავლეთ ევროპის ქვეყნების მეთაურებთან.

ყვარყვარეს, როგორც საზღვრისპირა ქვეყნის მფლობელს, ოსმალების დამარცხება საათაბაგოს ძველი ტერიტორიების დასაბრუნებლად და ახლის შესამატებლად უნდოდა. “დავიპყრობთ მთელ ანატოლიას და ყველა ქვეყანას, რომელიც ოსმალოს ამ მხარეს უჭირავსო”, არწმუნებდა ბურგუნდიის მთავარს. კოალიციის ჩაშლას არ შეუშლია ხელი ყვარყვარესათვის, რომ 1479 წელს “ელალდის ზედა” 447 თათარი ამოეხოცა, 1491 წელს კი 30 ათასიანი მხედრობით არზრუმზე გაელაშქრა, ქალაქი გაეძარცვა და თავის მოხარკედ ექცია.

ყვარყვარე კარგად ხედავდა ოსმალთა გამეზობლებით მოახლოებულ საშიშროებას და ევროპის ქვეყნებს ძალთა გაერთიანებისაკენ მოუწოდებდა: “თუ ახლა ჩვენთან ერთად არაფერს იმოქმედებთ, შემდეგში, გულითაც რომ იმოქმედოთ, ვერაფერს გაარიგებთო”. ასე “ჭკვიანურად” არიგებდა სამცხის მთავარი ევროპელ მთავარს, მაშინ, როდესაც, საკუთარ ქვეყანაში შიდაფეოდალური დაპირისპირების ოსტატად იქცა და ერთიანი საქართველოს სამეფო-სამთავროებად დაყოფის თავკაცი გახდა.

თუმცა ყვარყვარე დამოუკიდებელი ხელისუფალი იყო, ფორმალურად ბაგრატის უზენაესობას მაინც სცნობდა. მაგრამ არ აღიარებდა კონსტანტინე II-ს, რასაც 1483 წლის არადეთის ომი ადასტურებს. ამ ომის შემდეგ საბოლოოდ გამოეყო იმერეთი ქართლს. კონსტანტინეს საზიანოდ 1484 წელს უკვე ხანშიშესულმა ყვარყვარემ იმდენი მოახერხა, რომ საკუთარი შვილიშვილი, გიორგი VIII-ისა და თამარის ვაჟი, ახალგაზრდა ვახტანგი, დროებით ქართლის ტახტზეც კი აიყვანა.

სამცხის ათაბაგს იმდენად აბრმავებდა საკუთარი დამოუკიდებლობის სურვილი, რომ ეკლესიის გამოყოფაზეც დაიწყო ზრუნვა, სამცხის ეკლესიის მცხეთის საკათალიკოსო საყდრისაგან ჩამოშორებას ეცადა. მაწყვერელ ეპისკოპოსს მან სამცხის ეპისკოპოსთა უფროსობა მიანიჭა, რათაA მაწყვერელს უმცხეთოდ ეკურთხებინა ადგილობრივი მღვდელმთავრები და დიაკვნები; რათა ადგილობრივ ეკლესიებში წირვა-ლოცვის დროს მეფე და კათალიკოსი არ მოეხსენებინათ. ამჯერად ეს ჩანაფიქრი ვერ განახორციელა ყვარყვარემ.

სამცხის სეპარატისტი ათაბაგები იმასაც ვერ ეგუებოდნენ, რომ საათაბაგოს საზღვრებში არსებული მონასტრების პატრონები საქართველოს მეფე და ქართლის კათალიკოს-პატრიარქი იყვნენ. სრული ხელმწიფების მოყვარულმა ათაბაგებმა დიდი როლი ითამაშეს საქართველოს სამეფო-სამთავროებად დაშლის საქმეში. ჯერ კიდევ 1415 წელს მეფე ალექსანდრე I-მა (დიდი) აღკვეთა ივანე ათაბაგის სეპარატისტული ქმედება, მაგრამ ნახევარი საუკუნის შემდეგ “დიდმა” ყვარყვარემ შეძლო ათაბაგთა ტრადიციული მისწრაფებების განხორციელება. მისი 50 წლიანი ათაბაგობის დროს სამცხე-საათაბაგო რეალურად დამოუკიდებელ პოლიტიკურ ერთეულად იქცა. მისი ზეობის შემდეგ ათაბაგობა საბოლოოდ დაუმკვიდრდა ჯაყელ-ციხისჯვარელთა საგვარეულოს. დედა ეკლესიიდან გამოყოფა კი ვერც მისმა მემკვიდრემ, მზეჭაბუკმა მოახერხა. ყვარყვარე II გარდაიცვალა 1498 წლის 1 ივლისს, კვირა დღეს. როგორც ჩანს, ხანგრძლივმა მმართველობამ, საკუთარი სამფლობელოს გაზრდისათვის ზრუნვამ, შეუპოვარმა ხასიათმა შთამომავალთა შორის მას “დიდის” სახელი დაუმკვიდრა. ასეთი ეპითეტით სეპარატისტი მთავრის “შემკობა” ასეთივე “სეპარატისტული თვითშეგნების” გამარჯვებას მოასწავებს უკვე გვიანი შუასაუკუნეების საზოგადოებაში, რომლსაც უკვე აღარ შეეძლო ოდესღაც ერთიანი და ძლიერი საქართველოს პოლიტიკური და მორალური ავტორიტეტის ზიდვა.

მანუჩარ I, ათაბაგი- XV-XVI ს. მიჯნა, სამცხისათაბაგი

მანუჩარ ათაბაგი ყვარყვარე დიდისა და დედისიმედის მეექვსე ვაჟი, ისტორიას შემორჩა, როგორც აგარიანთაგან აწყურის ღვთისმშობლის ხატის დამხსნელი, სამცხის სამწყოს, მამულებისა და ეკლესია-მონასტრების დედასაყდართან დაბრუნების ინიციატორი.

ათაბაგ მზეჭაბუკის გარდაცვალების შემდეგ სამცხის ათაბაგი გახდა ყვარყვარე III, რომელსაც აუჯანყდა ათაბაგობის მოსურნე მისივე ბიძა, მანუჩარი, და დაამარცხა კიდეც. 1515 წლის დეკემბერში სტამბულს აცნობეს: “სერასქესი მანუჩარი გახდა საქართველოს (=სამცხეს) ფადიშაჰიო”. მანუჩარის ათაბაგობას ადასტურებს ქართული საბუთებიც—ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის შლ 549, კათალიკოს ბასილისადმი პირობის წიგნი 1515 წლისა და მცხეთის საკათედრო ეკლესიისადმი დაქვემდებარებული სამცხის თავადებისა და მამულების სია. 1516 წლისა AAd 91. დამარცხებული ყვარყვარე შაჰ ისმაილთან გარბის დასახმარებლად, მანუჩარი კი იმედის თვალით ოსმალეთს შეჰყურებს. ასე დაუპირისპირა და ერთურთს შეახვედრა ირანი და ოსმალეთი სამცხის ტერიტორიაზე ათაბაგის ტახტისათვის ჯაყელების ოჯახის წევრებს შორის ატეხილმა ბრძოლამ. მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ იყო ირანისა და ოსმალეთის აქტიური ბრძოლის ხანა ამიერკავკასიაში. ორთავე სამცხის შინაურ საქმეებში ჩარევით და მისი “მოწესრიგებით” კმაყოფილდებოდა.

ყვარყვარე III-ის დასახმარებლად შაჰი აგზავნის თავის სარდალს დივსულთან რუმლუს. მანუჩარს ზავი სურს, მაგრამ დივსულთანი არ თანხმდება და ათაბაგად ყვარყვარეს სვამს. დამარცხებული მანუჩარი ოსმალეთში გარბის. დახმარების თხოვნით ბაიბერდიდან შიკრიკს აგზავნის. თვითონ კი, სხვა ქართველ წარჩინებულებთან ერთად, დამასკოში ჩადის სულტან სელიმ I-თან. სელიმ I-მა 1516 წლის 10 დეკემბერს დივანი შეკრიბა და მანუჩარი საქართველოს (=სამცხე) ათაბაგად აღიარეს, (ფერიდუნ ბეგი). 1516-17 წლებში “რაყიფები” სამცხეში არიან და თადარიგს იჭერენ მოსალოდნელი ბრძოლისათვის. დახმარებას ერთი კვლავ ოსმალთაგან ელის, მეორე კი შაჰისაგან. საქართველოშიც თავიანთი მომხრეები ჰყავთ. ქართლის მეფე დავითი მანუჩარის მხარეზეა, იმერეთისა კი ყვარყვარეს მხარეზე. ხოლო ათაბაგის სახლის ქვეშევრდომი აზნაურები გამარჯვების სასწორის გადახრის შესაბამისად იცვლიან პოზიციას. ოსმალური დოკუმენტების მიხედვით ბრძოლა ბიძა-ძმისშვილს შორის დიდ არტაანში მომხდარა 1517 წელს და ყვარყვარეს გაუმარჯვნია დივ სულთან რუმლუს დახმარებით. მაგრამ საპრსული წყაროების მიხედვით მანუჩარი შემდეგ წლებშიც პოლიტიკურ არენაზეა. იგი მეფე დავით X-სთან, ლევან კახთა მეფესთან და ყვარყვარესთან ერთად დივ სულთან რუმლუს ეახლა მორჩილება გამოუცხადა. ჩანს, ორივე მანუჩარიც და ყვარყვარეც ცდილობდნენ შაჰის გულის მოგებას. ასეა თუ ისე, 1516-1520 წლებში ორხელისუფლებიანობის ნიშნები არის, ეს კია, შერიფ ხან ბითლისი, ყაზვინი და ზეინალაბადი სეფევიდების კარზე მანუჩარსა და ყვარყვარეს არ ასახელებენ. მოგვიანებით ათაბაგის ტახტის ძიებაში ხელმოცარული მანუჩარი ბერად შემდგარა.

“სჯულის საქმეებში” იგი მუდამ აქტიურად იყო ჩაბმული და ცდილობდა ზნეობრივ-სარწმუნოებრივი ძალის განმტკიცებას, მზეჭაბუკის მიერ მცხეთის საკათალიკოსო საყდრისაგან დროებით ჩამოშორებული სამცხის სამწყოს დედაეკლესიასთან დაბრუნებას. მის სახელს უკავშირდება 1516 წლით დათარიღებული პირობის წიგნი—AAd 519. სწორედ მანუჩართან შეთანხმების შემდეგ დაუსვამს კათალიკოსს “შენდობისა” და “ახსნილობის” ბეჭედი; ხოლო შეჩვენების ბეჭედი 1516 წელს (იხ. AAd 91.) მანუჩარმა მცხეთის საპატრიარქოს “საგონებლად” და “სამწყსოდ” სცნო მესხეთის 25 თავადი თავისი ადგილ-მამულებით. ასე გამოასწორა მან მზეჭაბუკის “უგუნური საქციელი”.

XV-XVI სს-ის მინაწერებში მანუჩარი არაერთხელ მოიხსენიება ლოცვით, როგორც აწყურის ღვთისმშობლის ხატის დამხსნელი “აგარიანთა ხელიდან”.

მზეჭაბუკ ათაბაგი (1500-1515 წლებში)

მზეჭაბუკი – ყვარყვარე დიდისა და დედისიმედის ძე – სამცხე საათაბაგოს მეთორმეტე ათაბაგი, “მÃნე მხედარი, ფალავნობით მოწინააღმდეგის დამძლევი, Ãელმწიფური პატივისა და დიდების მოყვარული”, სამეფო ტახტზე ოცნებობდა. მან ოსმალების წინაშე თავისდადრეკით თავისი ქვეყანა უვნებელჰყო. სანაცვლოთ განადგურდა ლიხთ-იმერეთი, დაინგრა ქუთაისი, გელათი, ბაგრატის ტაძარი. პატივმოყვარე ათაბაგი მიზანმიმართულად შეუდგა მცხეთის საპატრიარქო ეკლესიიდან სამცხის ეკლესიის გამოყოფას, მაგრამ დამარცხდა და იაკობის სახელით ბერად აღიკვეცა.

სამცხის ათაბაგები, XV საუკუნიდან მოყოლებული, თავგამოდებით ცდილობდნენ საქართველოს მეფის ქვეშევრდომობისგან განთავისუფლებას. ცენტრალური ხელისუფლების მომხრე, როგორც საერო, ისე სასულიერო ფეოდალებს თავიდან იშორებდნენ.

სამცხეს ორი დიდი მაჰმადიანური სახელმწიფო გაუმეზობლდა. მათი მოგერიება “ნიკოფსიიდან დარუბანდამდე” მტკიცედ შეკრულ საქართველოს გაუჭირდებოდა, არამც თუ საკუთარი სამფლობელოების გაზრდის, უფრო ხშირად შენარჩუნების, ვიწრო სეპარატისტული ინტერესებით მოქმედ მეფე-მთავრებს. სამცხის ათაბაგი მოსულ მტერს მორჩილად ხვდებოდა, რითაც მშვიდობას “ყიდულობდა”. “ბეცი პოლიტიკის” კარნახით მეტწილად ერთ მტერს იწვევდნენ საკუთარ ქვეყანაში მეორე მტრის წინააღმდეგ საბრძოლველად, რითაც ქვეყანას დასაღუპად სწირავდნენ. ყველაფერი ეს “საქართველოს არღვევდა და მას ადვილად ჩასანთქავ ლუკმად აქცევდა” (ნ.ბერძენიშვილი).

მზეჭაბუკმა 1500 წელს ათაბაგობა “გამოსტაცა” თავის ძმისწულს, ათაბაგობის კანონიერ პრეტენდენტს, ყვარყვარე ქაიხოსროს ძეს. მან საათაბაგოს მეფის ქვეშევრდომობიდან გამოყვანა მოინდომა. ოსმალებს “დაეზავა მორჩილების პირსა ზედა” და “აღუთქვა მსახურება”. 1500 წელს (თარიღი სხვადასხვაგვარადაა მითითებული წყაროებში და შესაბამისია აზრთა სხვადასხვაობა მეცნიერთა შორის) სამცხის საზღვართან უფლისწულ სელიმს მდიდარი ძღვენით მიეგება და მესხეთზე გავლით იმერეთის დასარბევად წაუძღვა. ოსმალებმა სასტიკად დაარბიეს მთელი იმერეთი, აიკლეს ქუთაისი, დაანგრიეს ბაგრატი და გელათი. ზამთრის მოახლოვების გამო სწრაფად დატივეს იმერეთი, მაგრამ წაასხეს უამრავი ტყვე, წაიღეს განძი. ათაბაგმა ასე მოუპოვა სამცხეს მშვიდობა.

მზეჭაბუკს არც შემდგომ შეუწყვეტია ოსმალთა სამსახურში დგომა. 1514 წელს, როცა სულთანი სელიმ პირველი, შაჰ-ისმაილის წინააღმდეგ საბრძოლველად, სოღმენში შეჩერდა, მზეჭაბუკმა ელჩის ხელით სპარსულ ენაზე დაწერილი ერთგულების წერილი გაუგზავნა, ლაშქრისათვის კი სანოვაგე –თაფლი, ერბო, და 2000 სული ცხვარი, თან აახლა. მასთან იმყოფებოდნენ შაჰ-ისმაილის ძმისშვილები, რომლებიც შაჰს გამოექცნენ და ათაბაგს შეაფარეს თავი. მზეჭაბუკის ერთგულებით დიდად კმაყოფილმა სულთანმა ათაბაგს საპატიო ხალათი უბოძა და მეფური საჩუქარი გაუგზავნა. მოგვიანებით მზეჭაბუკმა სულთანს სპერის ციხის გასაღებიც გადასცა. ოსმალებმა სპერს ისპირი უწოდეს და სანჯაყად აქციეს.

ოსმალურ წერილობით წყაროებში არცერთი ათაბაგი ისეთი სითბოთი და პატივისცემით არ მოიხსენიება, როგორც მზეჭაბუკი. იგი მირზა ჭაბუკადაა სახელდებული. (იხ. შუქრი ბითლისელის “სელიმნამე”, ქეშფის, ქემალ ფაშაზადესა და სხვათა თხზულებები)..

ჩანს, მზეჭაბუკმა სამცხის ტერიტორიის გაზრდა ოსმალებთან დაზავებამდე შეძლო, მან გაილაშქრა გურიელის წინააღმდეგ, დაიპყრო აჭარა და ჭანეთი, მიისაკუთრა გურიის დასავლეთი ნაწილიც.

ათაბაგობის პირველ წლებში მზეჭაბუკს ნორმალური ურთიერთობა ჰქონდა მეფე კონსტანტინესა და საქართველოს პატრიარქთან. ამის დასტურია მის მიერ კუმურდოს მთავარეპისკოპოსად შერჩეული გერასიმეს მცხეთაში კურთხევა და იქ დადებული “ფიცის წიგნი”. მაგრამ მალე მზეჭაბუკმა გეზი იცვალა – ათაბაგი და მეფე “შემდურდეს”, მზეჭაბუკმა სამცხის საეპისკოპოსოები “უკუიჭირნა”. მეფის სახელს ტაბუ დაადო და ურჩი ფეოდალები საათაბაგოს მამულებიდან გააძევა, მოინდომა ქართლის სამეფოს უბრძოლველად შემოერთება და “დიდი მეფის” სახელის ტარება. საათაბაგოს საეპისკოპოსოც მცხეთის კათალიკოს-პატრიარქის დაქვემდებარებიდან გამოიყვანა და ანტიოქიის ბერძნულ საპატრიარქოს დაუახლოვა. საათაბაგოს მღვდელმთავრად ტრაპიზონელი ბერძენი სვიმონ მაწყვერელი დაადგინა. ეს მაშინ, როცა მაჰმადიანური სამყაროს პირისპირ დარჩენილი საქართველოს ეროვნული მთლიანობის მთავარ საყრდენად ეკლესია რჩებოდა. ბუნებრივია, ქართლის მღვდელმთავარი და ჭეშმარიტი ერისკაცები ეკლესიის დაყოფასა და მრევლის გახლეჩას მშვიდად ვერ შეხვდებოდნენ. კათალიკოსმა შეაჩვენა ოსმალებთან საერთო ენის გამოძებნით “გაამპარტავნებული” მზეჭაბუკის ხელდასხმული ეპისკოპოსები და მათი ბრმადმორჩილი სამწყსო.

საქართველოს საპატრიარქოსგან სამცხის ეკლესიის გამოყოფისათვის ბრძოლაში მზეჭაბუკი ისევე დამარცხდა, როგორც მისი წინაპარი - ყვარყვარე დიდი. 1515 წელს იგი იძულებული გახდა გასცლოდა პოლიტიკურ ასპარეზს, სადაც “მზისა და მთვარისებრ დიდი მეფის” სახელს ეძებდა. შეიმოსა სამონაზვნო ჩოხით და მონასტერს შეაფარა თავი. მზეჭაბუ-ყოფილი 1516 წელს ამ ქვეყნიდან წავიდა იაკობ ბერის სახელით. მესხეთის საეპისკოპოსო კი უფრო მჭიდროდ დაუკავშირდა დედა ეკლესიას. ამასიის ზავის შემდეგაც სამცხის ეპისკოპოსებს მცხეთაში აკურთხებდნენ, ისინი კურთხევის ცერემონიალზე წარმოთქვამდნენ რჯულის სიმაგრის დაცვის “საერთგულო ფიცს”.

ყვარყვარე III, ათაბაგი- სამცხის ათაბაგი 15161535 წწ.-ში

ათაბაგი ყვარყვარე III, ძე ქაიხოსრო ათაბაგისა, ხშირად ნავ-ახალ ყვარყვარედ წოდებული, კოპასძეთა მოსახსენებელთა (Q 968) დახასიათებით მÃნე, ახოვანი და ქველპირმეტყუელი, აგარიანთა მომსვრელი, გულოვნებით სახელგანთქმული, მტერთა შემაძრწუნებელი, ქრისტეს ჭეშმარიტის სჯულის მტკიცედ მპყრობელი. ამასთან, ათაბაგთა უმრავლესობის მსგავსად ბეცი პოლიტიკოსი, ათაბაგობა შაჰ ისმაილის სარდლის დივ-სულთან რუმლუს ლაშქრობით რომ მოიპოვა, შესანარჩუნებლად კი ოსმალებს იწვევდა საქართველოს მეფე-მთავრების წინააღმდეგ. გამუდმებით ებრძოდა, ხშირად წარუმატებლად, შალიკაშვილთა სეპარატისტული ფეოდალური სახლის შვილებს ავკაცობის პატიებას ღმერთს შესთხოვდა და ეკლესია-მონასტრებს უხვ შესაწირავს უგზავნიდა

სრული Ãელმწიფების მოტრფიალე სამცხის ათანაგები და საათაბაგო XV ს-დან დასავლეთით, სამხრეთითა და სამხრეთ-აღმოსავლეთით ირან-ოსმალეთის პირისპირ აღმოჩნდა. გამეზობლებულ მტრებს ათაბაგები უხვ საჩუქრებს სძღვნობდნენ, რითაც ინარჩუნებდნენ მშვიდობას. მაგრამ ქვეყანა, რომელშიც 25 მსხვილი ფეოდალური სახლი ერთმანეთს ებრძოდა და მათგან ბევრი თავიანთი სამფლობელოების შენარჩუნებას ვიწრო სეპარატისტული ინტერესების კარნახით ათაბაგს ეომებოდა, ერთმანეთის დასამარცხებლად სწორედ ამ მტრებს იწვევდნენ. ქართული სამეფოები ლიხთ-იმერეთი, ქართლი, კახეთი ხშირად ირან-ოსმალეთზე უფრო საშიშ მტრად მიაჩნდათ, რადგან სავარაუდოდ დასახმარებლად მოწვეულები სამცხეს დაეპატრონებოდნენ და თავიანთ სამეფოს შეუერთებდნენ. ამრიგად, ათაბაგის ტახტისათვის ჯაყელ-ციხისჯვარელთა ოჯახის წევრებს შორის წარმოებულმა დინასტიურმა ბრძოლამ დააჩქარა ირან-ოსმალეთის დაპირისპირება სამცხე-საათაბაგოში.

სომხეთთან ერთად სამცხე-ჯავახეთის მნიშვნელოვანი სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა ეკავა. ეს იყო პლაცდარმი როგორც ოსმალეთისათვის, ისე ირანისათვის. მასზე გადიოდა უმოკლესი გზა ანატოლიიდან კავკასიასა და ჩრდილოეთ ირანისაკენ და პირუკუ აღმოსავლეთიდან ევროპისაკენ. იგი წარმოადგენდა გასაღებს ირანელების ხელში ჩრდილო-აღმოსავლეთ ანატოლიაში შესასვლელად. ასეთ ვითარებაში რამდენად ვიწრო უნდა ყოფილიყო თვალსაწიერი ათაბაგებისა, რომ მოძმეთა დასამარცხებლად რიგ-რიგობით მოეწვიათ ოსმალები და ყიზილბაშები.

ყვარყვარე III სამცხის ათაბაგი გახდა ბიძის მზეჭაბუკის გარდაცვალების შემდეგ 1515 წელს. 1515 წლის ბოლოსვე აუჯანყდა მას ბიძა (მზეჭაბუკის ძმა) მანუჩარი, რომელმაც დაამარცხა კიდეც, რაც სიხარულით ემცნო სულთანს. ყვარყვარემ დახმარებისათვის მიმართა შაჰ-ისმაილ I-ს. შაჰის ბრძანებით სარდალი დივ-სულთან რუმლუ არფაჩაის გავლით ახალქალაქს მიადგა და თმოგვის ციხე აიღო. შედეგად სამცხის ათაბაგობა ყვარყვარეს დაუბრუნა. მანუჩარი ოსმალეთში გაიქცა და სულთან სელიმ I-ს სხვა საქართველოს წარჩინებულებთან ერთად ეგვიპტეში შეხვდა. 1516 წელს დეკემბერში მოწვეულ დივანზე იგი საქართველოს ბეგლარ-ბეგად აღიარეს. სამცხის თავადობა ორ ბანაკად გაიყო, ერთნი ყვარყვარეს უჭერდნენ მხარს, მეორენი კი მანუჩარს, მას ოსმალეთი მფარველობდა, ყვარყვარეს კი ირანი. 151620 წლებში დაპირისპირებული ძალები იმდენად ბალანსირებული ჩანდა, რომ ორხელისუფლებიანობადაც მიიჩნევენ. მოგვიანებით ათაბაგის ტახტის ძებნაში ხელმოცარული მანუჩარი ბერად შემდგარა (თურქ. დოკუმენტი ჳ 134). სამცხე ირანის ვასალური ქვეყანა გახდა.

ქართველი მეფე-მთავრები ორიენტაციას ხშირად იცვლიდნენ, ხან ოსმალეთის მოკავშირეობას ეძებდნენ და ხან ირანს ეფიცებოდნენ სიყვარულსა და ერთგულებას. ყვარყვარე III, რომელიც ასე დავალებული იყო შაჰ ისმაილისაგან, 1521 წელს ქართლში ყიზილბაშთა შემოსვლას ისე დაუშინებია, რომ მოციქულს გზავნის ოსმალეთში, ერთგულებას ეფიცება და შენდობას ითხოვს ირანის მოკავშირეობით ჩადენილი დანაშაულისათვის. ამასთან, არც ირანთან წყვეტს კავშირს. იგი ლევან კახთა მეფესა და ქართლის მეფე დავითთან ერთად მორჩილების ფეხით ეახლა შაჰ-ისმაილს ნახჭევანში და ბაჯო ხარაჯა იკისრა.

ირან-ოსმალეთის აქტიური ჩარევით მიმდინარეობს მძაფრი შიდა ფეოდალური ბრძოლა. განსაკუთრებული სიმძაფრითა და მოქნილობით გამოირჩევა შალიკაშვილთა საგვარეულო ქურცინა და მისი ვაჟები იბაშერი და აზანშერა. ისინი ოსმალეთის მსტოვრები არიან, სულთნის კარს დეტალურ ცნობებს აწვდიან საქართველოსა და ირანის ურთიერთობის შესახებ. სამაგიეროდ სულთანი სელიმ I წყალობას არ აკლებს. ოსმალთა თანადგომობით დაიკავეს მათ ჯაყელთა კუთვნილი თორთუმის ციხე და ხახულის თემი. ყვარყვარე III-ს ხელშეუხებლობის ფიციც კი ჩამოართვეს. მაგრამ დრო შეიცვალა, სულეიმან კანუნი ქურცინას ისე აღარ სწყალობდა, როგორც სელიმ I, ყვარყვარემ დრო იხელთა და ფიცი გატეხა. წაუხუნა ციხენი, სოფელნი და თემნი სრულობითა ხახულისათა. ათაბაგი ყვარყვარე და მეუღლე მისი ანა შალიკაშვილი სწორედ ამ ფიცის გატეხის შენდობას შესთხოვს ათონის პორტაიტის ღვთისმშობელს თორთუმის მარილის საბაჟოს გამოსაღების შეწირვით.

იმერეთის მეფე ბაგრატ III მანუჩართან დაპირისპირების ჟამს ყვარყვარეს მხარეს იჭერდა, მაგრამ ოსმალეთის მიერ სამცხის სამხრეთ-დასავლეთ მხარის ოკუპირება, ათაბაგობის შესანარჩუნებლად ირანისა თუ ოსმალეთის რიგრიგობით მოპატიჟება გონიერ მეფეს საათაბაგოს სამთავროს მოსპობისა და მისი იმერეთის სამეფოსათვის შესაერთებლად განაწყობდა. 1535 წელს ახალქალაქის ახლოს სოფ. მურჯახეთთან მოხდა ქრისტიანთა წარÃდენის მიზეზი, ბრძოლა ბაგრატ III-სა და ყვარყვარე III-ს შორის. მეფემ გურიელის დახმარებით ხელთ იგდო ათაბაგი, რომელიც იმავე წელს ტყვეობაში გარდაიცვალა. ჯავახეთი ქართლის მეფეს ერგო, სამცხე კი მთელი 10 წელი იმერეთის სამეფოს შემადგენლობაში იყო, ვიდრე ისევ ოსმალთა მასშტაბური შემოსევის შედეგად არ დამარცხდნენ ქართველები და ათაბაგობა ეღირსა ათაბაგ ყვარყვარე III და ღვთივგვირგვინოსან ანას შვილს ქაიხოსრო II-ს.

ქაიხოსრო II, ათაბაგი (15221573)

სამცხის ათაბაგი ღვთივგÂრგÂნოსან ანნას უმცროსი ვაჟი სამცხის ათაბაგი (15451573), საღთოთ სამÃედროდ აღზრდილი, სიბრძნის გამომეძიებელი, დაუცხრომლად ღთის მადიდებელი. იცოდა სპარსული წიგნი და წერა და ენა თათრული, სპარსული, არაბული. ათაბაგის ტიტულისა და საათაბაგოს ტერიტორიის დასაბრუნებლად თუ შესანარჩუნებლად ღÂთისმადიდებელმა უღვთოდ ანგრევინა ოსმალებსა და ყიზილბაშებს ტაო და შავშეთ-კლარჯეთი, მესხეთი და ჯავახეთი. 1112 წლის ქაიხოსრო, ოთარ შალიკაშვილის ინიციატივითა და თანადგომით, სულთნის კარზე იდგა და სულეიმან კანუნის სთხოვდა თანამოძმეთა ხელყოფისაგან დაცვას. 50 წელს გადაცილებული კი (ყაზვინში მყოფი) ოსმალებისა და ურჩი თავადების წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებას ითხოვდა შაჰ-თამაზისაგან.

ანტითურქული კოალიციის 80 წლისთავზე სამხრეთ საქართველოს პატრონების პოლიტიკური სიბეცე იმდენად დიდი იყო, რომ თავიანთი სამფლობელოს შესანარჩუნებლად ოსმალებს უხმობდნენ, რითაც თურქთაგან საქართველოს დაპყრობას აჩქარებდნენ და აახლოვებდენ.

მურჯახეთის ომის (1535 წ.), ქრისტეანეთა წარÃდენის მიზეზი რომ გახდა, შემდეგ საათაბეგო იმერეთს შეუერთდა. იმერეთის მეფის ბაგრატ III-ის ტყვეობაში გარდაცვლილი ათაბაგ ყვარყვარე III-ის შვილი ქაიხოსრო იმერეთისა და ქართლის მეფეების და მოქიშპე მესხი ფეოდალების წინააღმდეგ საბრძოლველად ღონედ უძლურებისად თავისა დახმარებას სთხოვს ხონთქარს. ათაბაგის მიწვევას სულთანი დიდი სიამოვნებით იღებს. ეს ის ხანაა, როცა ზი-ლ-კადირლი მეჰმედ ფაშამ ჭოროხის ხეობაში დაიპყრო ათაბაგთა კუთვნილი სამფლობელოს ნაწილი, ხოლო ცოტა გვიან არზრუმის ვალიებმა და ყარს-ბასიანის სანჯაყბეგებმა დაიპყრეს იუსუფელი, ართვინი, თორთუმი, ოლთისი. ახლა დააარსეს სანჯაყები ოლთისსა, ართვინსა და შირვანში. ქაიხოსროს თხოვნის პასუხად ტაოს შეესია ლაშქარი მუსა ფაშას სარდლობით, მაგრამ ბაგრატ III მხედართმთავრობით ქართველებმა სძლიეს ოსმალებს. ბრძოლა გაიმართა ოლთისის ახლოს ქარაღაქთან 1543 წელს. ქაიხოსრო და შალიკაშვილი კვლავ სულთნის კარს ეახლნენ დახმარების თხოვნით. დამარცხებით ბრაზმორეულმა სულთანმა ამჯერად უფრო ძლიერი ექსპედიცია გაგზავნა. ბრძოლა გაიმართა ბასიანთან სოხოისტას. არზრუმისა და დიარბექირის ვალიების ლაშქარს ქართლის, იმერეთისა და მესხეთის ვიწრო კუთხური ინტერესებით მოქმედი ძალები ვერ გაუმკლავდა. 1545 წელს ქართველები დამარცხდნენ. ოსმალებმა აიღეს სამცხის ბევრი ციხე და საათაბაგოს დასავლეთ ნაწილში დაიდეს ბინა. ოსმალთ დაიპყრეს სამცხე-საათაბაგო და აღიღეს ყოველნივე ციხენი და სიმაგრენი სამცხისანი და გააბატონეს ქაიხოსრო, ძე ყუარყუარესი და იქმნა ათაბაგი. 10 წლის შემდეგ ეღირსა ათაბაგობას.

ოსმალთაგან გაათაბაგებული ქაიხოსრო II-თვის მალე გახდა აშკარა ოსმალთა დახმარების რეალური სახე. საათაბაგო სულთნის მოხარკე ქვეყნად ეწერა, მაგრამ ოსმალებმა მისი ინკორპორირება დაიწყეს. დაიპყრეს ტაო, არტანუჯი არსიანამდის, ფარნაკანი და მთლიანად არტაანი. ჯავახეთი და მისი სამხრეთი ნაწილი კვლავ ქართლის მეფეს ლუარსაბს ეპყრა. ამ პირობებში ქაიხოსროს ახალი ძლიერი მოკავშირე უნდა მოეძებნა. ასეთი კი ირანი გახლდათ, რომელსაც საქართველოს სამხრეთ საზღვრებში თურქების წარმატება დიდად აფიქრებდა. ქაიხოსრომ საშველად სწორედ ირანს მიმართა. 1547 წელს შაჰ-თამაზი ქაიხოსროს დასახმარებლად და შირვანიდან წამოვიდა და ახალქალაქს დადგა. 1551 წელს კი ლუარსაბის, მისი მიმდევარი ურჩი თავადების გონზე მოსაყვანად ათაბაგმა შაჰ-თამაზი შაქიდან მოიწვია პირდაპირ მოსვრად სამცხისად. მაშინ მოითხარა სამცხე, გაიძარცვა ეკლესია-მონასტრები, გაიჟლიტა ერი და ბერი. ყიზილბაშებმა დაარბიეს ჯავახეთი, აიღეს აწყური, თმოგვი, ვანის ქვაბები. პირწმინდად გაძარცვეს ვარძიის მონასტერი. ასე დაამარცხა ქაიხოსრომ თავისი მოწინააღმდეგენი, მაგრამ მისი წარმატება პიროსის გამარჯვებას ჰგავდა და არა ქვეყნის სასიკეთოდ პატრონის შორს გამიზნული პოლიტიკის შედეგს. შაჰ-თამაზის ამ შემოსევის შემდეგ ქვეყანა წელში ვეღარ გაიმართა. სამცხისათვის ირანისა და ოსმალეთის ბალანსირების პოლიტიკა დამღუპველი აღმოჩნდა.

1555 წლის ამასიის ზავით სამცხის აღმოსავლეთი ნაწილი ირანს ერგო, დასავლეთი კი ოსმალეთს. ქაიხოსროს სამფლობელო ირანის კუთვნილ ნაწილში აღმოჩნდა. ამასიის ზავი ხელს უშლიდა ქართველ მეფე-მთავრებს ირან-ოსმალეთის დაპირისპირება თავის მიზნებისათვის გამოეყენებიათ. ოსმალები, რომელთა ხელში იყო ტაო, კლარჯეთი, ჭანეთი, აჭარა, ზავის პირობების მიუხედავად, თავს ესხმოდნენ ქაიხოსროს ტერიტორიას. ქაიხოსრო II დახმარებისათვის კვლავ ირანს მიმართავდა, მაგრამ შაჰ-თამაზი აქტიურ სამხედრო ოპერაციებს თავს არიდებდა. მიზეზად ამასიის ზავის პირობების დაცვას დებდა. ქაიხოსროს პირი მაინც ირანისკენ ჰქონდა მიბრუნებული. მის იმედს ქვეშეცნეულად, ალბათ, ისიც ამაგრებდა, რომ შაჰ-თამაზის საყვარელი მეუღლე იყო ოთარ შალიკაშვილის ასული.

1570 წელს ქაიხოსრო II ყაზვინს ეახლა შაჰს და დახმარების მიღების მოლოდინში იქვე გარდაიცვალა 1573 წელს. ქაიხოსროს დარჩა ენერგიული მეუღლე დედისიმედი და შვიდი შვილი, დამცრობილი და ილაჯგაწყვეტილი ქვეყანა, ათაბაგის სახლის ურჩი ფეოდალები, ცბიერი და ძლიერი, მისგან დროდადრო მოყვრად შერიცხული მტერი. მან საძრახი გზებით მოინდომა ძალაუფლების შენარჩუნება, რეგულარულად შემოყავდა ოსმალები და ყიზილბაშები, რომელთა შემდეგ ქვეყანას სიცოცხლის ნიშან-წყალი აღარ რჩებოდა. მისმა დამღუპველმა პოლიტიკამ დააჩქარა ქვეყნის გაოსმალება. ოსმალურ წერილობით ძეგლებში იგი შეფასებულია ზოგადი ფრაზებით საქართველოს ცნობილი და დიდხელისუფალთაგან ერთერთი.

ისლამურ სახელმწიფოთა აშკარა თუ შენიღბულ აგრესიას ქართველები ერთÃორც და ერთსულ შეკრული კი არა, სეპარატისტული სულისკვეთებით გათითოკაცებული ხვდებოდნენ. შედეგიც არ აყოვნებდა.

ყვარყვარე IV, ათაბაგი- სამცხის ათაბაგი 15731581 წწ.-ში

ყვარყვარე IV ათაბაგ ქაიხოსრო II-ისა და დედისიმედის პირმშო (15461582), სამცხის ათაბაგი, ღთის წინაც შეურცხვენელი და კაცთანაც, მომდევნო ძმის, მთავრობისმოყუარე, მანუჩარის სრული ანტიპოდი იყო. მომხიბლავი გარეგნობის ბრგე ვაჟკაცი, სამშობლოზე გატაცებით მოუბარი, ბედს მინდობილი საკმაოდ სუსტი პოლიტიკოსი.

ყვარყვარე IV სამცხის კანონიერი ათაბაგი გახდა 1573 წელს, ქაიხოსრო II-ის გარდაცვალების შემდეგ, მაგრამ ფაქტობრივად ათაბაგობდა ქვრივი დედისიმედი და მომდევნო ძმა მანუჩარი, რომელსაც ხელისუფლებისთვის მიუსადაგებელი რბილი ხასიათის გამო არასოდეს დაპირისპირებია ზნესრული ყვარყვარე. ქართულ თუ უცხოენოვან წერილობით წყაროებში მანუჩარი და ყვარყვარე, როგორს წესი, ერთმანეთის გვერდით იხსენიებიან. მიუხედავად იმისა, რომ იგი არ იზიარებდა მანუჩარის პოლიტიკურ განწყობილებას, მაგრამ სრული სიმშვიდით ეკიდება მანუჩარის სწრაფვას ათაბაგობისათვის. ოსმალო ფაშები მრავალგზის თესდნენ ათაბაგის ახლო ნათესავებს შორის განხეთქილებას, მაგრამ ყვარყვარეს არასოდეს უცდია ბოროტი თესლის გაღვივება. ლალა-ფაშასათვის ჩანს კარგად იყო ცნობილი მანუჩარის პიროვნული თვისებები. იგი სრულ იგნორირებას უწევდა ყვარყვარეს, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წერილებით მიმართავდა ათაბაგის ძმას და არა თავად ათაბაგს ყვარყვარე IV-ს.

სამცხის დიდგვაროვანთა შეთქმულება ცუდ დროს დაატყდა თავს ათაბაგთა სახლს. ეს ძმათაშორის სისხლისმღვრელი ბრძოლა, შალიკაშვილთა სეპარატისტულმა საგვარეულომ რომ წამოიწყო დიასამიძეთა და სხვა მსხვილი ფეოდალური სახლების თანადგომობით, 20 თვეს გაგრძელდა 15761578 წლებში. მოისპო და განადგურდა აჯანყებულთა ციხე-სიმაგრეები და მუსტაფა ლალა-ფაშას გზა გაეხსნა. მგელციხე, ქაჯისციხე, ველი და თეთრი ციხე ისე წაგვართვეს თათართა, რომ პატრონებმა ვერ მიუსწრეს მეციხოვნეებს სრულად რომ შემოეÃოცნეს მტერს. 1578 წლის აგვისტოში ჩილდირის ველზე გამარჯვებულ ლალა-ფაშას პირველი მანუჩარი ეახლა. ყვარყვარე მუდამ შორს იდგა თურქებთან ურთიერთობისაგან. 1578 წლის თებერვალს, როცა მანუჩარი და მისი ბიძაშვილი ერეკლე გამოცხადდნენ ლალა-ფაშასთან, ყვარყვარემ უგუნებობა მოიმიზეზა და დედისიმედთან ერთად ზღუდერს წავიდა. ყვარყვარე ჩნდება მხოლოდ 1578 წლის ოქტომბერში, როცა ოსმალებს დაპყრობილი ჰქონდათ მთელი სამხრეთ-აღმოსავლეთი საქართველო და ლალა-ფაშა დაბრუნდა ქართლსა და შირვანში ლაშქრობიდან. იგი დამპყრობელს ოქროს ციხესთან მიეგება. მესხური მატიანის მიხედვით ფაშამ მოტყუებით წაიყვანა ყვარყვარე კონსტანტინეპოლს დედისა და ცოლ-შვილის გამოუსალმებლად, რაც ეჭვს ბადებს. სულთნის კარზე ყვარყვარე და მანუჩარი უჩვეულოდ საზეიმო ცერემონიალით მიიღეს. მათ თან ახლდათ 150 ქართველი. ყვარყვარეს ავსტრიელი ელჩისთვის 60 დუკატად ღირებული ოქროს ნივთი უჩუქებია, ელჩს კი მისთვის უბოძებია საათი და აუგსბურგის აღსარება ბერძნულ ენაზე. მათ შორის მეგობრული ურთიერთობა დამყარებულა. ყვარყვარე ევროპელ ელჩს გატაცებით უყვებოდა თავისი ქვეყნის ზნე-ჩვეულებებსა და ისტორიაზე. შვეიგერი მოხიბლულა მანუჩარის დიდებული გარეგნობითაც. 30 წლის ასაკისა მსგავსი არავინ მინახავსო. მას ყვარყვარეს პორტრეტიც ჩაუხატავს. ანტიპოდ ძმებს სულთნისთვის უხვი საჩუქრებიც მიურთმევიათ (საჩუქრების მირთმევის სცენა მინიატურის სახით არის ფიქსირებული მუსტაფა ალის ნუსრეთ-ნამეში).

ყვარყვარემ სულთანს გამაჰმადიანებაზე უარი შეჰბედა. მას ხონთქრის წინაშე ოსმალო ფალავანი დაუცია. იგი ქართველობით გამოუსტუმრებიათ საქართველოში. ღვთის წინაც შეურცხუნელი და კაცთანაცა. იგი ქრისტიანობით დაინიშნა მისი დაბადების ადგილის ოლთისის სანჯაყის მმართველად, ეს მაშინ, როცა თურქებმა ოლთისი XVI ს-ის ორმოციან წლებში დაიპყრეს და ყვარყვარეს იქ უფლება აყრილი ჰქონდა.

ქრისტიანი ყვარყვარე იძულებული იყო დროდადრო ჩამდგარიყო ოსმალთა სამსახურში და მათი მითითება შეესრულებინა. 1580 წელს სინან ფაშამ იგი თრიალეთიდან მიაბრუნა და იმერეთს მეფე გიორგისთან გაგზავნა წინადადებით იმის თაობაზე, რომ გიორგის შვილი გამაჰმადიანებული იუსუფი თბილისის ბეგლარბეგად ინიშნებოდა.

ყვარყვარე პოლიტიკურ სარბიელზე აქტიური მანუჩარის ჩრდილში დარჩა. იგი მესხური მატიანის მიხედვით 1581 წლის 25 ნოემბერს გარდაიცვალა. მისი შვილი დედისიმედის გვერდით დარჩა.

დედისიმედი- XVI . მეორე ნახევარი სამცხე-საათაბაგოს ფაქტობრივი მმართველი

დებორა-ყოფილი დედისიმედი – ბაგრატ მუხრან ბატონის ასული, ამირსპასალარ ათაბაგ ქაიხოსრო II მეუღლე, დედა – ყვარყვარე და მანუჩარ ათაბაგებისა, თვალშვენიერი ივანესი, ბექასა და ბასილისი, მზეჭაბუკისა, ელენესი და თამარისი, მამიდა ქეთევან წამებულისა, პატრონი ოქროს ციხისა, ოსმალური ნარატიული წყაროების ქვრივი, დედაბერი, მდუმარე ბანოვანი, ალთუნ-ყალას მფლობელი. XVI ს-ის II ნახევრის სამცხე-საათაბაგოს აქტიური პოლიტიკური მოღვაწე, მესხური მატიანის შემოქმედი, ვალეს ღვთისმშობლის ეკლესიის მეორედ აღმშენებელი.

ბერი ეგნატაშვილი მას შეცდომით მიიჩნევს აშოთან მუხრან ბატონის ასულად და მოწამის ქეთევან დედოფლის დად. მაგრამ ვახუშტი ბატონიშვილი მესხური მატიანის ცნობას იმეორებს და აღნიშნავს, რომ დიდის ხნის უნახავნი და-ძმანი პატრონი არჩილი ძე ბაგრატისა და დედისიმედი შეიყარნენ ქორონიკონსა sÁÀ მარიამობის თვის 4-ს. რომ ქაიხოსრო ესიძა ვახტანგს, მუხრანის ბატონსა და მოიყვანა და მისი დედისიმედი. ვალეს ეკლესიის სააღმშენებლო წარწერაში თავად დედისიმედი ამაყად აცხადებს: მე... ქართველთა მეფეთმეფის კოსტანტინეს შვილიშვილმან, მეფის ბაგრატის ასულმან, ათაბაგ ამირსპასალარის სახლის რძალმან დედისიმედმან მეორედ აღვაშენე წმიდაი ესე ეკლესია.

ვფიქრობ, სახელი დებორა მას ერქვა 1545 წლამდე, ანუ გათხოვებამდე. დედის-იმედი კი უწოდეს ათაბაგ ამირსპასალარის სახლის რძლად მოყვანების შემდეგ: ქაიხოსრო ძე ყუარყუარესი დაემძახლა პატრონსა მუხრანისასა და მოიყვანა ცოლად აშოთან (სიც!) მუხრანის ბატონისისა ასული და ეწოდ ა სახელად დედის-იმედი. ჩანს, ქაიხოსრომ გააცოცხლა 1489 წელს გარდაცვლილი დედის სახელი.

ძნელი დასაჯერებელია ისიც, რომ 9 შვილის მშობელი, ენერგიითა და აქტიური ქმედებით გამორჩეული პირველობის მოყვარე ქალი შემონაზვნებულიყო (ქრ. შარაშიძე, შ. ლომსაძე) ქმრის სიკვდილის შემდეგ (1573 წელი). დაჯდა ყუარყუარე ათაბაგად ძე ქაიხოსროსი, მაგრამ ათაბაგობდა დედისიმედი, დედა მისი (ვახუშტი). ქვეყანას უკიდურესი ძნელბედობის დროს მართავდა; სამცხეში ირან-ოსმალეთის საომარი დაპირისპირებისა და აქ ოსმალობის დამკვიდრების ჟამს რთული პოლიტიკური პროცესებისა და საომარი მოქმედებების წარმმართველი და აქტიური მონაწილე იყო.

1574 წელს მოაკვლევინა ერთგული ფეოდალი ვარაზა შალიკაშვილი. არ ისმინა და სპარსელებთან თანამშრომლობაში ბრალი დასდო. ამის გამო უწოდა ვახუშტი ბატონიშვილმა მას ამაყი, გლისპი, მრისხანე და გაუსინჯავი. ვარაზა შალიკაშვილის სიკვდილს მოჰყვა ზემო ქართლის აოხრება (ვარაზა შალიკაშვილი ხომ შაჰის ცოლისძმა იყო). დედისიმედი შვილებთან ერთად გაოსმალებულ აჭარაში გაიქცა. შაჰმა ახალქალაქი, თმოგვი, ხერთვისი, ჩილდირი, ახალციხე და ფოცხოვი ვარაზას შვილს კოკოლა შალიკაშვილს – მაჰმუდ ხანს მისცა. მაგრამ დედისიმედი აჭარიდან დაბრუნდა და თავის ქვეყანას დაეუფლა

1576–78 წლებში სამცხის დიდგვაროვანთა აჯანყების დროს, დედისიმედმა 12 წლის ბექა იახლა და მიადგა ყუელის ციხეს და წაართვა იგი აჯანყებულებს. სურსათ-სანოვაგით თვითონვე მოამარაგა ათაბაგებისაგან დაპყრობილი თმოგვის ციხე. მუსტაფა ლალა ფაშასთან მოლაპარაკებას აწარმოებს როგორც სამცხის სრულუფლებიანი გამგებელი და არა დედა მანუჩარ და ყვარყვარე ათაბაგებისა. დროის მოგების მიზნით, 1578 წლის 8 აგვისტოს მორჩილების წერილს უგზავნის ლალა ფაშას, რომლითაც პირდება მანუჩარის მძევლად მიცემას, ხოლო ყვარყვარესა და მისი რეაას მოხარკეობით დამორჩილებას (ნუსრეთნამე). მუნეჯიმ ბაში თვითმხილველის სიმტკიცით იმეორებს იბრაჰიმ ფეჩევისა და მუსტაფა ნაიმას ცნობას იმის შესახებ, რომ საქართველოს მეფე ქალმა, დედისიმედად წოდებულმა, თავისი შვილი მანუჩარი ექვსათასიანი ქართველთა ჯარით და რამდენიმე აზნაურით გაგზავნა და უბრძანა – რომელი მხარეც გამარჯვებული გამოვა, იმ მხარეს დამორჩილდითო. მართლაც, 9 აგვისტოს, როცა ოსმალებმა სასტიკად დაამარცხეს ყიზილბაშები – ჩილდირის ველზე 5000-ზე მეტი დახოცეს, ხელთ იგდეს 12 აქლემი მძიმე აღალით და ტყვედ ჩაიგდეს 500 დაჭრილი, დედისიმედმა სწრაფად შეაფასა შექმნილი ვითარება და ოსმალო სარდალს სამცხის ციხეთა გასაღებები გაუგზავნა მანუჩარის ხელით. ფაშამ პასუხად სახასო მფლობელობაში ქვრივს 3 სოფელი მისცა, მათ შორის იყო, ალბათ, ოქროსციხე, რადგან აღმ. საქართველოსა და შირვანში წარმატებული ლაშქრობის შემდეგ ლალა-ფაშა სამცხეს დაბრუნდა და გიორგობის თვის ერთ პარასკევ დღეს ოქროსციხესთან მივიდა. ციხიდან ყვარყვარე და დედისიმედი გამოვიდნენ და ფაშას ძღვენით შეხვდნენ. ძღვენი ლალა-ფაშამ თავაზიანად მიიღო, მაგრამ დედისიმედს ყვარყვარესა და მანუჩარის გამაჰმადიანება მოსთხოვა.

მტერი დედისიმედს დიდად უწევდა ანგარიშს. ამის დასტურია ზემოთ მოტანილი ყველა ფაქტი, ისიც, რომ ოსმალები ყვარყვარესა და მანუჩარს ქვრივის შვილებად და დედაბრის შვილებად იხსენიებენ. როგორც ჩანს, მის დიპლომატიურ ნიჭსაც ხედავდნენ და მდუმარე ბანოვანს უწოდებდნენ.

საკანაფეს ციხეში გამაგრებული საქართველოს დედოფალი (მუნეჯიმ ბაში) სამცხეს 1587 წელს ტოვებს. როცა ქვეყნის ქრისტიანობით ცხოვრების იმედი მთლად გადაეწურება, ყვარყვარეს ძე 14 წლის ქაიხოსროსთან ერთად გადადის ქართლში – ახალდაბაში.

მტერთან გულზვიადი, გლისპი და მრისხანე, ქართლის მეფეების ღირსეული შთამომავალი, პირველ რიგში, ერთგული თანამეცხედრე და შვილებისათვის თავწამკვდარი მზრუნველი დედაა: საყაზმისოდ მიმავალ თვალშვენიერს სხვა შვილებთან და ლაშქართან ერთად ვანაზიამდე მიაცილებს. როცა ყვარყვარეს სტამბოლს წასვლა შეიტყო, რკინის ქალამნები მოირგო და ჯაყამდის სდია, მაგრამ ვერ დაეწია და აზნაურიშვილები დაადევნა. მოარული ცხელებით შეპყრობილი დედისიმედი მოაბიდან საფარაში წავიდა, იმავე ცხელებით დაავადებული შვილის – ბერი ბასილის მოსავლელად. ყაზვინში მყოფ თვალშვენიერთან ელჩს აგზავნის თმოგვიდან და ატყობინებს სამცხეში ბოლო დროს მომხდარ ამბებს. შინაურ მტრებზე გამარჯვება და ციხეების შოვნა შესთუალა. გარდაცვლილ შვილებს – მზეჭაბუკი, იანგო, ყვარყვარე – დასტირის ღმერთგამწყრალი, უბედური დედა (გარისხდა ღმერთი მისი მშობლებისათვის, დაუდგეს მის მშობელს დადაგული თვალები) და არა ქმრის – ქაიხოსრო ათაბაგის, მუხრან ბატონებისა და მამა-ბიძათა მოსახსენებლების ზვიადი სტილით დამწერი პატივმოყვარე დედისიმედი.

დედისიმედის არც დაბადების თარიღია ცნობილი და არც გარდაცვალებისა. იგი მესხურ მატიანეში უკანასკნელად 1587 წელს იხსენიება, სამაგიეროდ, მის სახელს რამდენჯერმე შეხვდებით ოსმალთა მიერ 1595 წელს ფისკალური მიზნით შედგენილ გურჯისტანის ვილაეთის დიდ დავთარში: ვენახი და ბაღი დედისიმედისა, აწ აწყურის ღულამის მუსტაფა აბდ-ულ-ლაჰის მფლობელობაში, ვენახი დედისიმედისა I ნაკვეთი, აწ ოლთისის სიფაჰის ისმაილის მფლობელო-ბაში, ვენახი და ბაღი დედისიმედისა აწ სულთნის ჩავუშის უღურლუს მფლობელობაში. ასეთივე მფლობელების ხელში აღმოჩნდა ქართველობისა და ქრისტიანობის არდამთმობი სხვა დიდგვაროვნების სამკვიდრო მამულები

მანუჩარ II, ათაბაგი -(1550-1607 ) სამცხის ათაბაგი

ათაბაგი მანუჩარი (15501607) ათაბაგ ქაიხოსრო II-ისა და დედისიმედის მესამე ვაჟი, მუსტაფას სახელით პირველი ქართველი ფაშა; უფლებისა და პატივის მოყვარე, მტრისა და მოყვრის მიმართ თანაბრად დაუნდობელი, გამჭრიახი პოლიტიკოსი, მტრის ძალების სწორად შემფასებელი, პოლიტიკური ორიენტაციების სწრაფად და ხშირად შემცვლელი. უფროსი ძმის ყვარყვარე ათაბაგის სრული ანტიპოდი.

ქაიხოსრო II-ის გარდაცვალების (1581) შემდეგ სამცხის კანონიერი ათაბაგი გახდა ყვარყვარე IV, მაგრამ რეალურად ათაბაგობდა დედამისი დედისიმედი და მომდევნო ძმა მანუჩარი. ხელისუფლისთვის შეუფერებელი რბილი ხასიათით ყვარყვარე არასოდეს დაპირისპირებია მანუჩარს, მაშინაც კი, როცა მის გვერდით იდგა პოლიტიკური პროცესების მხურვალე მონაწილე და ხშირად წარმმართველი დედისიმედი. მანუჩარის უფლებამოყვარეობა და ზნეობრივი სახე, ჩანს, ლალა-მუსტაფა ფაშასთვისაც ცნობილი ყოფილა. იგი სამცხის საზღვრების გადმოლახვამდე ერზერუმიდან უგზავნის წერილებს მანუჩარს და არა ყვარყვარეს, კანონიერ ათაბაგს.

სამცხის დიდგვაროვანთა შეთქმულება ჯაყელ-ციხისჯვარელების წინააღმდეგ ცუდ დროს დაატყდა თავს ათაბაგთა სახლს და, რაც მთავარია, ქვეყანას. 1576 წლის ივნისში დაწყებული შეთქმულთა მოქმედება 1578 წლის თებერვალშიც გრძელდებოდა. გრძელდებოდა მანამ, ვიდრე არ განახლდა სამხრეთ კავკასიისათვის ოსმალებისა და ყიზილბაშების ბრძოლა. შიდაფეოდალურმა ბრძოლამ, რომელიც პოლიტიკური აზრის სრული დაკნინება იყო, გზა გაუხსნა ოსმალებს. ლალა-ფაშამ, წარმატებული ლაშქრობისათვის ნიადაგის შესამზადებლად, მანუჩარს წერილი გამოუგზავნა დამორჩილების წინადადებით. მანუჩარმა შექმნილი მდგომარეობა სწორად შეაფასა და ბრძოლით წინააღმდეგობას მოლაპარაკების დაწყება, მაგრამ გაჭიანურება არჩია. მუსტაფა ალის ნუსრეთ-ნამეს მიხედვით მიწერ-მოწერა გახანგრძლივებულა. ლალა-ფაშა მანუჩარისაგან მოითხოვდა ოსმალების მომარაგებას საომარი იარაღითა და სურსათ-სანოვაგით, ბრძოლაში ოსმალებთან ერთად ჩაბმას და მეგზურობის გაწევას. სამაგიეროდ, მანუჩარს ჰპირდებოდა დიდ პატივისცემას. მას კი მოუთხოვია როგორც მის მფლობელობაში არსებული მამულების შენარჩუნება, ისე მისი წინაპრების ოსმალთაგან ადრე დაპყრობილი ციხეებისა და მამულების დაბრუნება.

მომდევნო წერილით მანუჩარს სარდლისაგან მოუთხოვია ადგილობრივი მოსახლეობის სიმშვიდის დაცვა და ქრისტიანობის შენარჩუნება. თავის მხრივ, ჰპირდებოდა განსაზღვრული რაოდენობის ხარკის გადახდას, ე.ი. ოსმალეთ-საქართველოს (=სამცხეს) პოლიტიკური დამოკიდებულების ფორმად მოხარკეობას სთავაზობდა. პასუხად ლალა-ფაშას თანხმობის მშვიდობიანი წერილი გაუგზავნია (ნუსრეთნამე). მაგრამ ფაშა ქრისტიანობის წიაღში დატოვებას ჰპირდებოდა მოსახლეობას და არა ათაბაგის სახლის წევრებს.

ლალა-ფაშასა და მანუჩარს შორის მიმოწერა ისევ გრძელდებოდა, როცა ოსმალები საქართველოს საძღვრებს მოადგნენ და იერიში მგელციხეზე მიიტანეს. როგორც მესხური მატიანე გვამცნობს, მეციხოვნეთა ხუთდღიანი თავგანწირული ბრძოლის მიუხედავად, ქაჯის ციხე და თეთრიციხე “წაგუართუეს თათართა და ქაჯის ციხის მეციხოვნენი სრულად შემოეÃოცნეს”. მანუჩარი ზღუდემორღვეული სამცხის დამცველთა შორის არ გამოჩენილა ბატონი მანუჩარი ვერც ლაშქრის ომსა და ვერც ციხეების აღებას ვერ მიესწრო. იგი ფეოდალ არფაქსადის თანხლებით სწვევია ლალა ფაშას. ამ შეხვედრის დროს უძღვნიათ ექვსი ციხე ლალა ფაშასათვის.

მანუჩარი ირან-ოსმალეთს შორის ჩილდირის ველზე მიმდინარე ომსაც გარეშეს თვალით შესცქეროდა და ომის დასასრულს ელოდა. ოსმალური წყაროების მიხედვით (იბრაჰიმ ფეჩევი, მუსტაფა სელიანიქი, მუსტაფა ალი, აბუბექრი) 10 აგვისტოს ეახლა გამარჯვებულ ლალა-ფაშას: 6 ათასი შეიარაღებული აზნაურით მოვიდა და მთის კალთებიდან გამარჯვებულს და დამარცხებულს თვალყურს ადევნებდა, ელოდა, რომელი მხარე გაიმარჯვებდა. როდესაც ისლამის თუღის ფუნჯებზე გამარჯვების ნიავმა გადაიქროლა, მთელი თავისი ქვეშევრდომებით მორჩილებით მოვიდა და თავისი ქვეყნის ციხეების (ალთუნყალასა და მის ახლო-მახლო მდებარე 32 ციხის. ც.ა.) გასაღებები მთავარსარდალს ჩააბარა.

ლალა-ფაშამ მანუჩარი დიდი პატივისცემითა და სიხარულით მიიღო, მაგრამ უსაყვედურა, მის მოწოდებას იმთავითვე რომ არ გამოეხმაურა. გამარჯვებულ სარდალს მანუჩარი თავდახრილი მორჩილებით კი ეახლა, მაგრამ მორჩილების პოლიტიკური ფორმა მანუჩარისათვის სამცხის ათაბაგობა და ოსმალეთთან მოხარკეობით დაკავშირება იყო (მიუხედავად იმისა, რომ ათაბაგად ყვარყვარე იჯდა), ოსმალეთს კი ქვეყნის სრული ინკორპორაცია და საფაშოდ გადაქცევა ჰქონდა მიზნად. ლალა-ფაშამ მანუჩარს აწყური მისცა სანჯაყის სახით, ყვარყვარეს ოლთისი (მისი დაბადების ადგილი, მაგრამ ოსმალთაგან ადრე დაპყრობილი), დედისიმედს კი სახასო მამულად 3 სოფელი, დანარჩენ ძმებს დიდი ზეამეთები. ამრიგად, ათაბაგის სახლის წევრებს თავ-თავიანთი მიწები უბოძეს ოსმალური მიწათმფლობელობის რეჟიმის კვალობაზე, მაგრამ დიდი დათმობით ისინი ქრისტიანებად რჩებოდნენ. მანუჩარმა საჩუქრებიც უხვად მიიღო: ოქროს უნაგირი, ვერცხლის რახტი, მდიდრული ხალათი და კარავი სრული მოწყობილობით.

მანუჩარის მორჩილებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ოსმალეთისათვის. გამარჯვებულ ლაშქარს სამცხიდან გზა ეხსნებოდა ქართლისა და შირვანისაკენ. ამ ლაშქრობაში ლალა-ფაშას მეგზურობას უწევდა მანუჩარი. თუმცა წერილობითი წყაროებიდან არ ჩანს მანუჩარის აქტიური გარჯა ოსმალების სამხედრო ოპერაციებში, მესხური მატიანის მკვლევარი და გამომცემელი ქრ. შარაშიძე მაინც ვერ მალავს აღშფოთებას: ლალა-ფაშას ლაშქრობაში თან ახლავს და არბევს ქართლსა და საათაბაგოს.

აღმოსავლეთ საქართველოსა და შირვანში ჩატარებული წარმატებული ომის შემდეგ ოსმალთა ლაშქარი აწყურში მოვიდა. სარდალმა პატრონი მანუჩარი ორშაბათს წინასწარ ალთუნყალას გაგზავნა, სადაც დედისიმედი და ყვარყვარე იდგნენ. მოგვიანებით ალთუნყალასთან ლალა-ფაშა მივიდა. აქ სარდალმა თავაზიანად მიიღო ყვარყვარე და დედისიმედი, მაგრამ დედისიმედს მოსთხოვა ყვარყვარესა და მანუჩარის გამაჰმადიანება.

მანუჩარის გამაჰმადიანების თარიღად აბუბექრი, ქათიბ ჩელები, მუნეჯიმ ბაში, ყარა ჩელებიზადე 1578 წლის 10 აგვისტოს უთითებენ, ხოლო მესხური მატიანე, სულთან მურად III-ის მანუჩარისადმი გაგზავნილი ჰუქმი, იმხანად სტამბოლში მყოფი საფრანგეთის ელჩისა და ავსტრიის საელჩოს თანამშრომლის სოლომონ შვეიგერის ცნობით, მანუჩარი გამაჰმადიანდა 1579 წლის 8 ივნისს. ალბათ, 1578 წლის 10 აგვისტოს ლალა ფაშამ მისცა მაჰმადის სჯულის აღიარების წინადადება, სტამბოლში მანუჩარის გამაჰმადიანების ოფიციალური ცერემონიალი შედგა.

ძმები ერზერუმიდან 1579 წლის აპრილს გავიდნენ და კონსტანტინოპოლში 3 ივნისს ჩავიდნენ 150 აზნაურის თანხლებით. სულთნის კარს ისინი განსაკუთრებული პატივისცემით მიუღია. მათ შესახვედრად სკუტარში (სტამბოლის აზიურ ნაწილშია) ორი გალერა გაუგზავნიათ, იქვე მისულან საბერძნეთის ბეგლარბეგი, რაგუზის, ვლახეთისა და მოლდავეთის ელჩები. ძმებს მდიდარი საჩუქრებიც უხვად წაუღიათ მუსტაფა ალის ნუსრეთნამეში არის მინიატურა, რომელიც მანუჩარის სულთნის კარზე საჩუქრებით მისვლას ეძღვნება. ყვარყვარეს ავსტრიის ელჩისთვის 60 დუკატის ღირებულების ოქროს ნივთი უჩუქებია. ყვარყვარეს გარეგნობით მიხიბლულ ელჩს მისი პორტრეტი ჩაუხატავს, საათი და ბერძნულ ენაზე დაბეჭდილი აუგსბურგის სახარება უჩუქებია).

მანუჩარის გამაჰმადიანება წინადაცვეთის დიდი სარიტუალო ზეიმით აღნიშნულა (საფრანგეთის ელჩი). მას ოსმალური წესის თანახმად ლალა ფაშას სახელი მუსტაფა უწოდეს და ჩილდირის ფაშობა უბოძეს 900000 ახჩა შემოსავლიანი სახასო მამულით. ასე იქცა მანუჩარი სამცხის პირველ ქართველ ფაშად. ფაშობა ებოძა ხუანთქარსა და სრულად მისი მამული, რომელიც მოიცავდა მდ. მტკვრის სათავესა და მდ. ჭოროხის აუზში მდებარე ათაბაგების ძველ სამფლობელოსაც. ე.ი. არა მარტო ის ტერიტორია, რომელიც მანუჩარისა იყო აღმოსავლეთ სამცხეში 1578 წლისათვის, არამედ თურქთაგან ადრე დაპყრობილი დასავლეთი სამცხეც. სულთანმა ასე გააერთიანა სხვადასხვა დროს დაპყრობილი ტერიტორია და სამცხე-ჯავახეთში შექმნა ოსმალური საგამგებლო ადმინისტრაციული ერთეული ჩილდირის ვიალეთი, იგივე გურჯისტანის ვილაიეთი. მაგრამ ძალიან მალე, 1579 წლის ბოლოსათვის მურად III-მ გამოსცა ახალი ბრძანებულება, რომლითაც მანუჩარ-მუსტაფას საგამგებლო ტერიტორია შემცირდა, იგი შემოიფარგლა 17 ციხითა და 141 სოფლით. მანუჩან-მუსტაფას უარი უნდა ეთქვა ჩილდირის, თმოგვის, ხერთვისის, აწყურისა და ასპინძის ლივებზე ანუ იმ ციხე-სიმაგრეებზე, რომლებიც ეკუთვნოდა მესხი ბატონების წინააღმდეგ 1576 წლის ივნისიდან აჯანყებულ დიდგვაროვნებს: თმოგვი და ჩილდირი შალიკაშვილებისა იყო, ხერთვისი ამატკისშვილებისა, აწყური და ასპინძა დიასამიძეებისა.

სულთნის ფირმანი ადასტურებს ვახუშტის ცნობას იმის თაობაზე, რომ ვარაზას ძემან კოკოლამ და ვიეთთამე მესხთა უწყეს ზრახვა ხონთქარს, რასაც ჩვენს ისტორიოგრაფიაში ვახუშტის შეცდომად მიიჩნევენ. 1588 წელს ეს ვითარება შეცვლილა, მურად III-ის მიერ ათაბაგის მამულებზე გაცემული ბერათის მიხედვით ხერთვისის ლივაში მდებარე 3 სოფელი ზეამეთის სახით ებოძა ათაბაგის სახლის უმცროს თაობას (თურდ 55).

157881 წლებში მანუჩარყოფილმა მუსტაფა ფაშამ ბევრჯერ იგემა თურქების სამსახურში ფაშად ყოფნის სიტკბოება. იგი იძულებული იყო მეგზურობა გაეწია და მონაწილეობა მიეღო ოსმალთაგან ქართლის დალაშქვრაში, გარკვეულწილად ხელი შეეწყო სამცხეში ოსმალური პოლიტიკურ-ეკონომიკური რეჟიმის დამყარებისათვის. მაგრამ ქართველობის მინავლებული გრძნობა გაუღვივა სვიმონ მეფის ირანიდან ქართლში დაბრუნებამ და ოსმალების წინააღმდეგ მისმა სიგიჟედ მონათლულმა თავგანწირულმა ბრძოლამ. 1581 წლის თებერვალში მანუჩარი დაქორწინდა სვიმონ მეფის ასულ ელენეზე. ეს დამოყვრება მანუჩარ-მუსტაფას პოლიტიკური ორიენტაციის კარდინალურად შეცვლის დასაწყისი იყო, რაც რეალურად დადასტურდა 1582 წლის აგვისტოს ბოლოს, როცა მეჰმედ ფაშას სარდლობით ყარსიდან წამოსულ ოსმალთა ლაშქარს ახალქალაქში შეუერთდა და თბილისისაკენ ბორჯომის ხეობით ერთად წამოვიდნენ. ოსმალთა საომარი გეგმა მანუჩარმა წინასწარ გაანდო სვიმონ მეფეს. შედეგად ოსმალებისათვის მოულოდნელად გაიმართა ბრძოლა მუხრანის ველზე. აქ ქართველებმა სასტიკად დაამარცხეს თურქები. მეჰმედ ფაშამ ეს სამარცხვინო მარცხი მანუჩარს დააბრალა, მაგრამ აშკარა დაპირისპირებას მისი მოტყუებით მოკვლა ამჯობინა. მანუჩარი მოიწვია სამხედრო დივანზე, თითქოსდა საომარი მოქმედების ახალი გეგმის შესამუშავებლად. მანუჩარმა თადარიგი დაიჭირა, დივანზე 50 თანმხლებით მივიდა, მაგრამ კარავში მარტო შევიდა. თათბირი მორჩილად მოისმინა და სარდალს ბრძანების ასრულება აღუთქვა. როცა კარვიდან გამოდიოდა, ერთმა ოსმალომ სახელოზე წაავლო ხელი და დაკავება დაუპირა. მანუჩარმა ხმალი გამოსტაცა და დაჭრა მეჰმედ ფაშაცა და მიდი ქეთხუდა დიარბექირის ბეგლარბეგი. ასე დაიწყო ოსმალების წინააღმდეგ მანუჩარის აჯანყება. ამ უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ აქტს მესხური მატიანე მოკლედ გადმოსცემს: ქორონიკონმა სÁო პატრონსა მანუჩარს უღალატეს ურუმთა. პატრონი მორჩა. ორნივ ფაშანი მძიმედ დაიკოდნეს და გაიქცეს და თემი ჩუენვე დაგურჩა”.

ჩილდირის ბეგლარბეგად იმერეთის სამეფო გვარის გამაჰმადიანებული შთამომავალი იუსუფი დანიშნეს. მას მანუჩარის დამარცხება და ქართველებისაგან ალყაშემორტყმული თბილისის (იმხანად ოსმალთა ხელში მყოფი) დახმარება დაევალა. იუსუფ ფაშამ ვერც ერთი შეძლო და ვერც მეორე. იგი სამცხიდან ყარსში გადაიყვანეს. მანუჩარი ქრისტიანული სარწმუნოების წიაღში დაბრუნდა და 1582 წელს სამცხეში ათაბაგობა აღადგინა.

1583 წელს მანუჩარს სტამბოლში თავისი კაცი გაუგზავნია მობოდიშების წერილით, იგი ირწმუნებოდა, რომ მას ცილი დასწამეს, თორემ თვითონ მას გულში ღალატი არასოდეს გაუვლია. სტამბოლში სიამოვნებით დაიჯერეს მანუჩარის ფიცი და მასთან ძველი ურთიერთობა აღუდგენიათ. სულთნის კარზე შეგნებულად არ ირწმუნეს მანუჩარის ღალატი. აღმოსავლეთის ლაშქრის მთავარსარდალს ფერჰად ფაშას პირდაპირ უბრძანეს, თუ მანუჩარი წინააღმდეგობას არ გაუწევდა, უყურადღებოდ დაეტოვებინა მისი ბოლო მოქმედებანი. ასეთ ვითარებაში ცოტა უცნაურია, რომ მანუჩარი სვიმონ მეფეს კვლავ გვერდით ედგა და აგრძელებდა ოსმალების წინააღმდეგ ბრძოლას. ეს კი მანუჩარს ირანის პოტენციურ მოკავშირედ ხდიდა. ყაენი განჯას მოვიდა და ბატონს მანუჩარს ჩალაბუთი მისცა, პატრონს დედისიმედს ხუთი დიდი სოფელი (მესხური ქრონიკა).

მალე ფერჰად ფაშამ ისე მოახერხა, რომ მანუჩარის დასახმარებლად წასული სვიმონ მეფე იძულებული გახადა გორისაკენ გამობრუნებულიყო, მოღალატე თავადებით გარშემორტყმული, მოკავშირის გარეშე დარჩენილი მანუჩარი დამარცხდა. ახალციხე 1587 წლის აგვისტოში კვლავ ოსმალების ხელში გადავიდა. სვიმონ მეფეც იძულებული გახდა ოსმალებს დაზავებოდა. მანუჩარსაც სხვა გზა არ ჰქონდა, სამცხე დატოვა და ცოლთან ერთად ახალდაბას მიაშურა.

მანუჩარისა და ათაბაგის სახლის სხვა წევრების სამკვიდრო მამული ოსმალო მოხელეებისა და გამაჰმადიანებული რენეგატების მფლობელობაში გადავიდა.

მანუჩარი ვერ ასცდა ჩვენი ქვეყნისათვის მარადიულად თანმდევ უმცირესი ბოროტების არჩევანს. ოსმალების წინააღმდეგ საიმედო მოკავშირის ძებნაში ახლა იგი ირანელთა პარტნიორი აღმოჩნდა.

1603 წელს შაჰ-აბასმა ომი განაახლა ოსმალეთთან და მანუჩართან და ათაბაგის სახლის სხვა წევრებთან პატრონყმური ურთიერთობა დაამყარა. (მანუჩარი ირანს მოხარკეობით დაექვემდებარა. ახალციხე ოსმალებმა 1607 წლის 23 ივლისს აიღეს ქართველების დახმარებით. ვფიქრობ, სწორედ ამ ომს შეეწირა მანუჩარის სიცოცხლე. 1607 წელს მანუჩარის ქვრივად მოიხსენიებს ელენეს შაჰ-აბასის ისტორიკოსი ბელანი. ამავე წელს მანუჩარის მეუღლე ელენე შაჰ-აბასს თხოვს მისი 16 წლის ვაჟი მანუჩარი სამცხის ააბაგად სცნოს მოხარკეობის საფუძველზე. როგორც ჩანს, მანუჩარ II ცოცხალი აღარ არის. 1609 წლის ამბების გადმოცემისას ისქანდერ მუნში დიდი პატივისცემით ახასიათებს ენერგიულ მანდილოსანს, მანუჩარის მეუღლეს ელენეს. თავად მანუჩარზე კი წერს, რომ სანამ მანუჩარ-ხანი ცოცხალი იყო, ის ცდილობდა დახმარებოდა სიმონ-ხანს.

მანუჩარი თავგამოდებით ცდილობდა სამცხის შენარჩუნებას საათაბაგოს სახელით, და მაინც ისტორიას პირველ ქართველ ფაშად შემორჩა. 1579 წლიდან სამცხეს ჩილდირის ბეგლარბეგები ფაშები მართავენ.

1608 წელს ახალციხე კვლავ ოსმალებმა დაიპყრეს. მანუჩარის ქვრივი ელენე და მისი ვაჟი ქართლში გადავიდნენ.

ბექა III საფარფაშა (1625-1651)

 ბექა III, იგივე საფარ ფაშა - სამცხის ათაბაგი (1625-1651), ქაიხოსრო II-ისა და დედისიმედის ვაჟი, ნათლობის სახელი პავლე. საათაბაგოს მართავდა ”ვითა წესია ოსმალთა”. 1627-1628 წლებში ყარსის ციხისთავი ყოფილა. ერზერუმში, აჯანყებული აბაზა ფაშას წინააღმდეგ ბრძოლაშიც თავი გამოუჩენია.

ბექა ჭაბუკობიდანვე აქტიურად იყო ჩაბმული სამცხის პატრონი ათაბაგების სამფლობელოსა და ხელისუფლებისათვის ბრძოლაში. 15-16 წლის ჭაბუკი ლალა-ფაშასთან გაუგზავნიათ კუთვნილი საუფლისწულო მამულის გამოსათხოვათ. მაგრამ ლალა-ფაშა წასული დახვდა და იძულებული შეიქმნა ოლთისში გაჩერებულიყო. 1580 წლის ოქტომბერში ბიძის-ყვარყვარეს გვერდით იდგა და ლორე დაარბია. 1582 წლის თებერვალში კი, 18 წლისას სტამბოლს წაიყვანეს. სავარაუდოა, რომ სწორედ მაშინ მიიღო მაჰმადის რჯული. თუმცა ისტორიული წყაროების დიდი ნაწილი მისი გამაჰმადიანების თარიღად XVII საუკუნის 20-იან წლებს დებს, როცა სტამბოლიდან დაბრუნებული ძმისწული-მანუჩარი გზად მასთან სტუმრობა, საჭმელში სამსალა ჩაუყარა და მოკლა. მერე თავად წავიდა სტამბოლს. აღიარა მაჰმადის რჯული და ორთუღიანი ფაშას ტიტულით ებოძა ათაბაგობა და იწოდა საფარ-ფაშათ. შემდგომ ამისა სამცხის გამგებლებს ათაბაგად მხოლოდ საქართველოში თუ მოიხსენიებდნენ. იგი ახალციხის ფაშად იჯდა. ფაშობა სულთანს მემკვიდრეობით უბოძებია. ამიტომაც მისი შთამომავლები ”შემდგომად სიკვდილისა მამისა მათისა”, სტამბოლში ქრთამით დატვირთულები ჩადიოდნენ და ბრუნდებოდნენ ფაშის ტიტულით. საგულისხმოა, რომ სულთან მურად IV-ის მიერ დიდი მოურავისადმი გაცემულ წყალობის სიგელში სააკაძის დამხმარე პირებს შორის იხსენიება, როგორც ”არფალიკის ” წესით თავისი სანჯაყის მფლობელი ე.ი. ჯერ კიდევ არ არის ფაშა? (აქვე გავიხსენებთ იმ ფაქტს, რომ გ. სააკაძე სტამბოლში წასვლის წინ მასთან მივიდა და ჯარი თხოვა).მაგრამ ისტორიკოს ნაიმა მას საფარ-ფაშად იხსენიებს 1625 წლის შემდეგაც კი.

ოსმალეთის სახელმწიფო მოღვაწეების ბიოგრაფიული კრებულის მიხედვით ”სიჯილოსმანიე” - ბექას ფაშობა ებოძა 1628 წელს, რაც სარწმუნო ჩანს, რადგან 1625-26 წლებში სამცხეს სპარსელები ფლობენ. სიჯილას ავტორს მისი გარდაცვალების თარიღიც ვახუშტისგან განსხვავებული აქვს-1651 წ. რასაც მხარს უჭერს კოჩიბეი გორიჯელის მეორე რისალე და ევლია ჩელები, რომელიც ახალციხის საფაშოში 1649 წელს ესტუმრა საფარ ფაშას. იგი წერს: ვილაიეთის ვალი საფარ ფაშა წარმოშობით ქართველი, გულადი, უნარიანი და მოასპარეზე ადამიანია. ხოლო 1647 წლის ამბების აღწერისას საფარ ფაშას ”კოჯად” მოხუცად მოიხსენიებს. ეს კი იმის დასტურია რომ იგი 1635 წელს არ გარდაცვლილა და სიმართლესთან ახლოს დგას მისი გარდაცვალების ადგილად 1651 წლის დადება.

ჩანს, მის სიცოცხლეშივე უბოძებიათ ფაშობა მისი ძე იუსუფისათვის. ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცულია სულთან მეჰმედ IV-ის მიერ1649 წელს გაცემული სიგელი იოანე ბერის მაწყვერლად დანიშნვის თაობაზე. სიგელის ადრესატია ახალციხის ბეგლარბეგი საფარ ფაშას ძე - იუსუფ ფაშა, რომლის გარდაცვალების თარიღად ვახუშტი 1674 წელს დებს. ჩანს, ორხელისუფლებიანობაა რაც იშვიათი შემთხვევა არ არის ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.

საფარ ფაშა საათაბაგოს მართავდა ”ვითა წესია ოსმალთა”: აღწერა ქვეყანა, ქრისტიანებს განუწესა გადასახადი ფაშის სარგოდ 10 შაური. სწორედ მის დროს დაიწყო ამ მხარის ინტენსიური გამაჰმადიანება. ”რისხვითა ღუთისაითა გამაჰმადიანდებოდნენ ყოველნი წარჩინებულნი ამა ქუეყნისანი”. საფარ ფაშა ” ყოველსავე განაგებდა ნებითა ოსმალთა”. ეს კი დიდ წილად გულისხმობდა ქრისტიანობის შეცვლას მაჰმადიანობით. შემცირდა ეკლესია-მონასტრების რიცხვი ” თავად მესხთა ურწმუნოებისა და დიდებულთა მამულშეწირულებათა შემცირების გამო”. მით უფრო, რომ ტაოკლარჯეთი და შავშეთ-არტანუჯი ოსმალეთის საზღვრებში იყო და აღარავინ დარჩა ”მეტრფე მონაზონებისა”

მეჰმედ ფაშა I, XVII .-ის პირველი ნახევარი -ქართული წარმომავლობის დიდვეზირი ოსმალეთის სულთნის კარზე

ოსმალეთის იმპერიაში მაღალი სახელმწიფოებრივი თანამდებობის დასაკავებლად მნიშვნელობა არ ჰქონდა პერსონის წარმომავლობას. მაღალი რანგის მოხელედ ინიშნებოდა საკუთარი ნიჭისა და უნარის მიხედვით და არა გვარის სიძველით. ყოფილი სამხედრო ტყვე და სტამბოლის ბაზარზე ნაყიდი ქრისტიანი, რომელსაც მაჰმადის სჯულს აღიარებინებდნენ, შეიძლებოდა გამხდარიყო ვეზირი, იანიჩარ-აღა, კაიმაკამი, შეიხ ულ-ისლამიც კი და ა.შ. ამის შედეგია, რომ მაღალ პორტას ქართული წარმომავლობის 10-ზე მეტი დიდვეზირი ჰყავდა. მათ მუსლიმურ სახელს, როგორც წესი, უძღვის ფესვების მიმანიშნებელი ნისბა “გურჯი”.

XVII ს-ის პირველ ნახევარში სულთნის კარს ემსახურებოდა ქართული წარმომავლობის მაღალი თანამდებობის ორი პირი გურჯი- მეჰმედის სახელით. რამდენიმე ხანს მათი მოღვაწეობის თანადროულობა, შემდეგ ქრონოლოგიურად უწყვეტი თანამიმდევრობა ართულებს მათ იდენტიფიკაციას. მით უფრო, რომ ამ მხრივ დიდად სცოდავს ოსმალური წერილობითი წყაროები; პირველ ნაწილში ისინი ერთ პიროვნებად, მეორეში კი ორ სხვადასხვა მოღვაწედ ჩანან. ნიმუშად შეიძლება დავასახელოთ Mმუსტაფა ნაიმას “ისტორია”, ერთი მხრივ, და, მეორე მხრივ, “ვეზირთა ბაღნარი”, ანუ “ვეზირების ისტორია”, მეჰმედ სურეÁას “სიჯილი ოსმანიÁე” და სხვა. შესაბამისად ასახულია ორის მოღვაწეობა მკვლევართა მიერაც. შორს რომ არ წავიდე, ქართული სინამდვილიდან დავასახელებ პროფ. გიორგი ფუთურიძის ევლია ჩელების “მოგზაურობის წიგნის” მეორე ნაკვეთის გამოკვლევა, კომენტარებით, (თბილისი 1973), სადაც ერზრუმში 1646 წ. ვალიდ დანიშნული გურჯი მეჰმედ ფაშა მიჩნეულია 1626 წელს გარდაცვლილ გურჯი მეჰმედად. პროფ. მ. სვანიძის ოსმალეთის ისტორიაში, (თბილისი 2007 წ.) კი მხოლოდ ერთ გურჯი მეჰმედ ფაშის შესახებ არის საუბარი.

ერზერუმში დგას გურჯი მეჰმედ ფაშას მეჩეთი, რომელიც მას აუგია ჰიჯრით 1058 წელს (1648 წ.). ამან გამაბედვინა ამ ორი გურჯი მეჰმედის მოღვაწეობის შესახებ ცალ-ცალკე მსჯელობა. მით უფრო, რომ ისლამის ენციკლოპედიაში ისინი ფიქსირებულნი არიან გურჯი მეჰმედ ფაშა I და გურჯი მეჰმედ ფაშა II-ის სახით.

გურჯი მეჰმედ ფაშა I- ოსმალეთის დიდვეზირი, მოქნილი დიპლომატიური ნიჭისა და ალღოს მქონე, “არაჩვეულებრივი ჭკუისა და მტკიცე ნების ადამიანი”, მაღალ სახელმწიფოებრივ თანამდებობაზე ოთხი სულთნის აჰმედ I (1603-1617), მუსტაფა I (1617-18), ოსმან II (1617-1622), და მურად IV (1633-40) გვერდით იღვწოდა ოსმალეთის იმპერიის გავრცობისა და გაძლიერებისათვის.

გურჯი მეჰმედ ფაშას აღზევება 1604 წლიდან დაიწყო. იგი დაინიშნა სასახლის ხასოდაბაშად (=მსახურთუხუცესი). თანამდებობამ იგი სულთნის უახლოეს პირად აქცია. იმავე წელს სულთნის მესამე ვეზირად დაინიშნა, სულ მალე სასახლის კაიმაკამი და მეორე ვეზირი გახდა, რაც დიდვეზირის მოადგილეობას ნიშნავდა. 1622 წელს კი სრული დიდვეზირია. წლების მანძილზე სხვადასხვა მაღალ თანამდებობაზე მუშაობამ მას ქვეყნის მართვის ცოდნა და გამოცდილება შესძინა. იგი შორმსმჭვრეტელი პოლიტიკოსის უნარით წყვეტდა ქვეყნის საშინაო და საგარეო საქმეებს. მოშლილი ცენტრალური ხელისუფლების ფუნქციების აღსადგენად გადამჭრელი ზომები მიიღო. უპირველესად შეკრიბა მაღალი თანამდებობის პირები და ულემები, მკაცრად განსაჯა ისინი. დაადგინა სულთან ოსმან II-ის მკვლელობის სიმართლე, რაშიც ბრალს სდებდნენ მუსტაფა I-ს. სასულთნოს მძიმე ეკონომიკური ვითარების გამოსასწორებლად ფულის კურსიც განამტკიცა.

გურჯი მეჰმედ ფაშას სახელს უკავშირდება დონისა და ზაპოროჟიელი კაზაკების თავდასხმების შეჩერება შავ ზღვაში სავაჭრო გემებსა და ოსმალეთის ზღვისპირა ქალაქებზე. მან ორჯერ იხსნა სტამბოლი კაზაკთა რბევისაგან.

მისი სრული დიდვეზირობის დროს გახშირდა აღმოსავლეთისა და დასავლეთის ქვეყნების ელჩების სტუმრობა სტამბოლში ირანიდან, რუსეთიდან, პოლონეთიდან და ა.შ. შეხვედრებს საოცარი დიპლომატიური ხერხებით წარმართავდა და ხელშეკრულებებსაც ოსმალეთის სასარგებლოდ დებდა. პოლონელი ელჩი ზბარჟევსკი წერდა: “საერთო აზრით, იგი არის არაჩვეულებრივი ნიჭის კაცი”.

გურჯი მეჰმედ ფაშას, ქვეყნისათვის თავდადებამ, სულთნის ერთგულებამ, დიდმა ავტორიტეტმა და სახელმა, სხვა დიდმოხელეთა შორის მოშურნეები გაუჩინა. მათი შეგონებით სულთანმა, ბაღდადზე ლაშქრობაში მონაწილეობის არ მიღების მიზეზით, სიკვდილით დასაჯა (ჩამოახრჩო) 1626 წელს. ნაიმას მიხედვით იგი დასაფლავებულია ეიუბში, თავის მიერვე აგებულ თურბეში (მავზოლეუმი). სხვა წყაროებით კი იგი გადაასახლეს კუნძულ როდოსზე. მაგრამ 11 წლის მურად IV-ის ტახტზე ასვლისთანავე, სტამბოლში დააბრუნეს და მეორე ვეზირად დანიშნეს. ქვეყანას იგი ვალიდე სულთან ქორემისთან ერთად მართავდა. გურჯი მეჰმედ ფაშა დიდვეზირად დარჩა 1626 წლის 13 ივლისამდე, ანუ გარდაცვალებამდე. ამ მონაცემებს ეყრდნობა თურქი ისტორიკოსი დანიშმენდი და ქართველი თურქოლოგი მიხეილ სვანიძე.

მეჰმედ ფაშა II (1575-1665 წწ.)- ქართული წარმომავლობის დიდვეზირი, ოსმალეთის სულთნის კარზე

გურჯი მეჰმედ ფაშა- უზენაესი ზღურბლის სულთნის სასახლის რიგითი მსახური, ჯერ ჩავუშბაში გახდა შემდეგ კაფუჯიბაში და მალე “ქებბე ვეზირი”, ანუ სულთნის კარზე სათათბირო ხმის მქონე ვეზირთა შორის აღმოჩნდა. სხვადასხვა დროს ეჭირა რუმელიის, დამასკოს, დიარბექირის, ერზერუმის, ვალის (= ბეგლარბეგის) თანამდებობები. 1650 წელს მას დიდი ვეზირის სახელი ებოძა.

სულთნის სასახლისადმი უსაზღვრო ერთგულების გამო მას “ჰობ ას სალატინი” “სულთნებზე შეყვარებული” უწოდეს იგი სულთან მურად IV-ის და მეჰმედ IV ავჯის უმაღლესი სამხედრო და სამოქალაქო მოსამსახურე იყო. მას მიეწერება ერზერუმში აჯანყებული, ასევე ქართული წარმომავლობის, აბაზა ფაშას დამორჩილება და სტამბულს გაგზავნა. იგი სარდლობდა ოსმალთა ლაშქარს თავრიზის, ყარსისა და ერევნის ციხეების აღებისას. ხაზინის შევსების მიზნით სასახლის მცველთა რიცხვი შეამცირა, ახლობლებიც არ დაინდო და ციხეში ჩასვა. გზიდან ჩამოიშორა ქოფრულუ მეჰმედ ფაშაც – მისი მოსალოდნელი კონკურენტი და პრეტენდენტი დიდი ვეზირის სკამზე. დიდი ვეზირის ტიტული მან მხოლოდ 233 დღე ატარა. საქმე ის არის, რომ ბაშდევთერდარს (= ფინანსთა მინისტრს) მან სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საიდუმლო წერილი გაუგზავნა, რომელიც დაწერილი იყო ქართულ ენაზე, მაგრამ არაბული ასოებით, ანუ იმ დამწერლობით, რომელიც 1928 წლამდე გამოიყენებოდა თურქეთში. მსტოვრებმა ამის დადგენა მხოლოდ შემთხვევით შეძლეს ქართულის მცოდნე პირის მეშვეობით. გურჯი მეჰმედ ფაშას სიკვდილით დასჯა არ აცდებოდა, რომ არა შეიხ ულ ისლამის თავგამოდებული დაცვა და მის მიერ გამოცემული ფეთვა. ჩამოაქვეითეს და ბუდონის ოლქის ბეგლარბეგად დანიშნეს, სადაც 85 წელს გადაცილებული მოხუცი გარდაიცვალა.

გურჯი მეჰმედ ფაშა II ორჯერ იყო ერზერუმის 3 ვილაიდის ვალი. პირველად დანიშნეს 1637 წელს და მეორედ კი 1646 წელს. ამ დროს 1648 წელს აუშენებია მას დიდებული მეჩეთი (სულთან მელიქშაჰის მიერ აგებული მეჩეთის ნანგრევების ადგილზე). მეჩეთის გარდა, ერზერუმში დღესაც პოპულარულია “გურჯი მეჰმედ ფაშას წყარო”. იგი წმინდა “ქართული” ძეგლების მიმართაც ყურადღებით ყოფილა. მისი ინიციატივით აღუდგენიათ ახალციხის ციხესიმაგრე.

ცნობილია, რომ კამათში მოწინააღმდეგე პირებს არ აყვებოდა. ჩვეულებრივ, თეთრ წვერზე გადაისვავდა ხელს და ამბობდა, “შვილო ეს წვერი მაღალი პორტის სამსახურში გამითეთრდა”. ერთხელ ფადიშაჰის თანდასწრებით მოპაექრე პირებს კვლავ თავის თეთრ წვერზე რომ მიუთითა, ვალიდე სულთანმა (ალბათ თურჰან სულთანმა) გაბრაზებით უთხრა “თეთრი და შავი წვერი ჭკუისა და გამჭრიახე გონების მანიშნებელი როდია, ყაზი ასქერის ბრძანებებს წინააღმდეგობას ნუ უწევ, დაემორჩილეო”. ამ შემთხვევას მისი ავტორიტეტი ზომაზე მეტად შეურყევია. ცხადია, გურჯი მეჰმედმა თავისი ჭკუა-გონება ოსმალეთის სამსახურს შეალია, წვერიც გაუთეთრდა და წლებიც იქ გალია. ჩვენთვის კი ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ პატარაობიდანვე მშობლიურ გარემოს მოწყვეტილმა დედა ენა შეინარჩუნა და ღრმა მოხუცების ჟამს გამოიყენა.

იუსუფ ფაშა I 1635-1647-სამცხე-საათაბაგოს მმართველ ჯაყელთა შთამომავალი, ახალციხის ფაშა

ახალციხის ფაშობა მემკვიდრეობითი საÃელი იყო. მას სულთანი ამტკიცებდა. ამიტომ თითოეული პრეტენდენტი სტამბოლს მიდიოდა, სადაც “მისციან ქრთამი და მათ წარმოავლინონ ფაშად” 1635 წელს ამ წესით დაჯდა ფაშად იუსუფი ძე ბაქარ ყოფილ საფარ ფაშასი იგი 1647 წლამდე განაგებდა ახალციხის საფაშოს. იყო ოსმალთა სრული მორჩილი. ელემენტარულ სამოქმედო მითითებებსაც ერზერუმის ფაშისაგან იღებდა და უსიტყვოდ ასრულებდა. “მას ჟამსა არღარა სახელდებდნენ ათაბაგად, არამედ ოსმალაის ენითა ფაშად”. ათაბაგი ვასალი იყო, ფაშა კი ოსმალეთის მოხელე.

იუსუფ ფაშას ქართულ ფესვებს სიცოცხლის ნიშანწყალი უიშვიათესად დააჩნდებოდა. ცნობილია, რომ გულუხვად უმასპინძლა და სამცხეზე გაატარა ქართლის მეფე როსტომი. მაგრამ მის დროს აღმოიფხვრა წესი და რიგი ქრისტიანობისა. გარდაიცვალა 1647 წელს.

თანამედროვე თურქი ისტორიკოსები სურეÁას ეყრდნობიან. (ორხელისუფლებიანობა) საÃარფაშას ზეობის ხანად თვლიან 1625-1652 წლებს, ხოლო იუსუფ ფაშასი 1635-1647 წწ.

როსტომ ფაშა, XVII . - ახალციხის ფაშა, ჯაყელ-ათაბაგთა გამაჰმადაინებული შთამომავალი

ბექა-ყოფილ საფარ ფაშას შემდეგ ოსმალეთის სამსახურში მყოფი სამცხის ყველა გამგებელი ფაშად იწოდებოდა. ხოლო საქართვლოში ძველებურად ათაბაგებს უწოდებდნენ: “არღარა იწოდებოდნენ ათაბაგად, თÂნიერ საქართველოსგანთა (ვახუშტი).”

დაზუსტებით არ ვიცით, მხევალისაგან ნაშობი როსტომი საფარ ფაშას შვილია თუ ძმისწული. მუჰამედ სურეÁას მიხედვით, იგი ქართველთა საღვთო ომში ჩაება და 1662/63 წლამდე იყო იქ, ვიდრე არ გარდაიცვალა. ისტორიკოსი ჰაღთ ოზდემირი—ართვინის ისტორიის ავტორი-კი მიიჩნევს, რომ როსტომი არის ომარ ფაშას ვაჟი და ახალციხის ფაშა გახდა 1653 წელს, ომარ ფაშას გარდაცვალების შემდეგ.

როსტომამდე ყველა გამაჰმადიანებული ჯაყელის ცოლ-შვილი ქრისტიანული მოძღვრების ერთგული აღმსარებლები რჩებოდა. როსტომის ზეობის დასაწყისში კი სტამბოლიდან მოვიდა მკაცრი ბრძანებულება –“იქმნენ ცოლნიცა მათნი, რომელნი მაჰმადიან არიან მაჰმადიანად”. ამ ბრძანებას მტკიცედ აღუდგა წინ როსტომის მეუღლე მან გამაჰმადიანებას თავის მოკვლა არჩია და კლდიდან გადავარდნას ორჯერ შეეცადა, მაგრამ ამაოდ. როცა ვერაფერი გააწყო, მოითხოვა, მასთან ერთად ეღიარებინა მაჰმადის სჯული სამცხის ყველა წარჩინებულის მეუღლეს. მხოლოდ ამ პირობის შესრულების შემდეგ გამაჰმადიანდა იგი. ამას მოჰყვა ქრისტიანული სამცხის დაქცევა. გავერანდა ეკლესია-მონასტრები. ბევრი პირუტყვთა სადგომად იქცა. ვინც გამაჰმადიანება არ ინება, იძულებით გადავიდა იმერეთში, ქართლსა და კახეთში, ოდიშსა და გურიაში. თან წაიღეს წმინდა ნაწილები, ჯვრები და ხატები. ქვეყანას მხოლოდ თითო-ოროლა მღვდელი შემორჩა. “დარჩნენ გლეხნი, იგინიცა უმწყესონი”.

როსტომის ფაშობის პერიოდში სამცხეში მიწათმფლობელობისა და მიწათსარგებლობის ოსმალური რეჟიმი სამხედრო ლენური სისტემა დამკვიდრდა. მოსახლეობას დაეკისრა გამოსაღები ფაშისათვის, სანჯაყბეგისა და აღაბეგისათვის. გამაჰმადიანებულ მესხ მეომარს ეწოდა “ქილიჩ” (Ãმალი). და მაინც, როგორც ჩანს, ერთბაშად არ გამქრალა ქართული ფეოდალური ურთიერთობის წესი. XIX ს. 70-იან წლებში დიმიტრი ბაქრაძემ ნახა როსტომ ფაშას სახელით ქართულ ენაზე შედგენილი საბუთი, რომლითაც იგი გამაჰმადიანებულ მაჰმუდ კოპაძეს ქართული ფეოდალური წესით უწყალობებს ორ კომლ გლეხს თავის უძრავ-მოძრავი ქონებით.

როსტომ ფაშასათვის სამხედრო-პოლიტიკური დახმარების თხოვნით არაერთხელ მიუმართავთ გურია-ოდიშის მთავრებს თუ ტახტის მაძიებლებს. მაგ. ქაიხოსრო გურიელს სულთანთან შეთანხმების შემდეგ როსტომ ფაშა ჯარით დაეხმარა და კვლავ გურიის მთავრად დასვა და თან იმერეთის ზედამხედველობაც დაავალა. საჭოჭმანო, ძნელად გადასაწყვეტ საკითხებზე ყველანი, როსტომ ფაშას ჩათვლით, ერზერუმს მიმართავდნენ.

როსტომ ფაშა 1662-63 წელს უძეოდ გარდაიცვალა.

იუსუფ ფაშა II 1680-1690- სამცხე-საათაბაგოს მმართველ ჯაყელთა შთამომავალი, ჯავახეთის ფაშა

იუსუფი ფაშად დასვეს 1680 წელს. იგი წინაპართა თვისთა მსგავსად ოსმალთა რიგზე წარმართავდა ქვეყანას. მაგრამ სიმშვიდე, დიდი მფარველის მიერ ზურგგამაგრებულს, დაურღვია ფირაღისშვილმა. ფირაღისშვილი გაყიდა გურულმა. განთავისუფლებული ვაჭრობით ვერცხლით აივსო. გამაჰმადიანთა და სტამბოლს წავიდა. ოსმალური წესის მიხედვით დიდი ქრთამი გაიღო და ჯავახეთის ფაშობა მიიბოძა. მან და მისმა მემკვიდრეებმა ამრავლეს უგვანო საქციელი, დაუპირისპირდნენ მესხებს და მესხეთს და დანაწილებული ქვეყანა საქართველოს კიდევ უფრო მოაშორეს. სამცხეს ოფიციალურად ევალებოდა დედასამშობლოზე თვალყურის დევნება. ამ ხანებში კიდევ უფრო განადგურდა ეკლესია-მონასტრები და გამრავლდა მეჩეთები. ქართული ყველაფერი ქრებოდა ენის გარდა.

იუსუფ ფაშა ავად ერეოდა იმერეთსა და ქართლის სამეფოს საქმეებში. იგი საქართველოსთან დაკავშირებულ ყველა საქმეს “აგვარებდა” სულთნის კარზე. სულთან მეჰმედ IV-თან მისი შუამდგომლობით დასვა იმერეთის ტახტზე ბაგრატ IV-ის უკანონო ვაჟი ალექსანდრე, რომელმაც ამრავლა უგვანო საქციელი—ტყვეებით ვაჭრობა. იუსუფ ფაშამ ღალატით მოაკვლევინა ქაიხოსრო გურული და გურულად დასვა მისი ძე მამია.

იუსუფ II-ის გარდაცვალების თარიღად ქართულ წყაროებში 1690 წელი სახელდება, თურქულ ისტორიოგრაფიაში კი 1703 წელია მითითებული.

ისაყ / ისაკ ფაშა (1701-1748)

ისაყ||ისაკ ფაშა პირველი გამაჰმადიანებული ათაბაგ ჯაყელის, ბექა-ყოფილი საფარ ფაშას შთამომავალი, ახალციხის ფაშა და თბილისის ვალი. მპყრობელი და განმგებელი ყოვლისა საქართველოსი. ოსმალეთის სამთუღიანი ვეზირი.

ისაყ||ისაკ (ისჰაკ) ფაშას პაპას ასლან ფაშას გამაჰმადიანებულ ათაბათაგან ყველაზე მკვეთრად ჰქონდა შერჩენილი ქრისტიანული სული და ქართული ეროვული ცნობიერება. ამითვე გამოირჩეოდა ისაკის პაპიდა ელენე. ასლან ფაშას საიდუმლო ურთიერთობა ჰქონდა არჩილ მეფესთან, რასაც ემსხვერპლა კიდეც. 1679 წელს სოფ. კვახჭირში იგი სიკვდილით დასაჯეს (ქუთაისთან ახლოს). მომდევნო თაობამ გამოასწორა ასლან ფაშას შეცდომები. ისინი რენეგატთა მხურვალებით ჩადგნენ ოსმალო მაღალჩინოსანთა რიგებში და თავდადებით იცავდნენ ოსმალეთის სახელმწიფოებრივ ინტერესებს, ორგანულად მოერგნენ ოსმალურ რეჟიმს. ქართული სისხლის ყივილი აღარც ათაბაგთა სახლის დედებისაგან ისმოდა.

ასლან ფაშას ძის იუსუფის გარდაცვალების შემდეგ, ისჰაკის მცირეწლოვანების გამო, ახალციხის ფაშად დასვეს იუსუფის ძმა სალიმი. მისი გამგებლობის წლებში უკიდეგანო გახდა იანიჩართა თავგასულობა და ავკაცობა. ქართული ელემენტი გაქრობის პირას დადგა. მისი გარდაცვალების შემდეგ გაჩაღდა დინასტიური ბრძოლა სალიმ ფაშას ძე ასლანსა და ისაკ იუსუფის ძეს შორის.

თუმცა ახალციხის ფაშობა გამაჰმადიანებულ ჯაყელ ათაბაგთა მემკვიდრეობითი სახელო იყო; მაინც აუცილებელი გახლდათ სულთნის კარზე პრეტენდენტის დროულად წარდგომა დიდძალი ძვირფასი ძღვენითა და ქრთამით. ნიშანდობრივია, რომ ბატონიშვილი ვახუშტი თითოეულის ახალციხის ფაშად აღზევებაში თხრობას ერთნაირად იწყებს: შესძღუნა ქრთამი დიდი, მისცეს ფაშობა ქრთამით. ისჰაკი ფაშად დასვეს 1701 წელს. იგი აქტიურად ჩაერია იმერეთის საქმეებშიო. მეფედ დასვა ალექსანდრეს ძე გიორგი. მტრად გაუხდა აბაშიძეს, დაასმინა ხონთქართან. რასაც მოჰყვა არზრუმის სერასქერთან ერთად მის მიერ იმერეთის დალაშქვრა. მაგრამ არც მისი მოწინააღმდეგენი იყვნენ უმოქმედოდ. კოლას ფაშამ, რადგან ეძვინვებოდა ისაყს, დაჭრა იგი. ისაკმა კი მოაკვლევინა. სულთნის კარისა და სერასქერის მითითების გარეშე ასეთი თვითნებური საქციელისათვის სულთანმა სიკვდილით დასჯა გადაუწყვიტა. ეს რომ შეიტყო, თავს უშველა და სტამბოლს გადაიხვეწა. ახალციხის ფაშად მისი მეტოქე ასლან სალიმის ძე დასვეს.

დრო გავიდა. სულთნად აჰმედ III აღზევდა, დიდვეზირიც შეიცვალა და სიკვდილმისჯილი ისაყ ფაშა განცხადდა, ქრთამი გაიღო და აჰმედ III-ის სიგელით კვლავ ახალციხის ფაშად დაჯდა. ხერხი იხმარა და ტახტის მოცილე ბიძაშვილი ასლან სალამის ძე სულთნის კარს სხვაგან დაანიშვნინა ფაშად. საგულისხმოა, რომ მისი ქალიშვილი ცოლად შეირთო ფირალიშვილმა, ყოფილმა მღვდელმა, რომელმაც ვერცხლი იშოვა, სტამბოლს წავიდა და ჯავახეთის ფაშად დაჯდა 1680 წელს.

ჯაყელ ათაბაგთაგან ყველაზე დიდი პატივი ისაყ ფაშას ერგო. 1727 წელს იესეს გარდაცვალების შემდეგ იგი ქართლის ვალიდ დაინიშნა. მის გამგებლობაში აღმოჩნდა მესხეთი და ქართლი. როცა თბილისში ჩამოიყვანეს, ახალცხის ახალი ფაშა კი არ დასვეს, არამედ მისივე მუთესელიმი განაგებდა ადგილობრივ საქმეებს. ფაქტობრივად მთელს საქართველოს განაგებდა: როგორც ვახუშტი წერს იქმნა ესე ისაყ ფაშა მპყრობელი და განმგებელი ყოვლისა საქართველოსი. ფაქტობრივად მას ემორჩილებოდა გურია, იმერეთი, ჯავახეთი, ქიზიყი... სულთნის ბრძანებით მან წარმატებით ილაშქრა კახეთში. ჯილდოდ მას, ორთუღიან ფაშას, ერთიც დაემატა და სამთუღიანი ვეზირი გახდა. შესაბამისად, ამ ხანის ქართულ და ოსმალურ წერილობით ძეგლებში ისაყ ფაშა ვეზირად იხსენიება. ვეზირი ისაყ ფაშა თბილისში იჯდა ვითარცა მეფე საქართველოსი. მისი მმართველობის ჟამს განმტკიცდა ქართლში ოსმალობა ოსმალური პოლიტიკურ-ეკონომიკური რეჟიმი. ისაყ ფაშამ განჰყო ქართლი, სომხითი. საბარათიანო მისცა ერასტი ყაფლანიშვილს, მცხეთას ზემოთ ბაგრატ ციციშვილს, ზემო ქართლი გივი ამილახორს, მუხრანი და საერისთაონი მათთავე მთავართა და ამათ მიერ მოიღებდა ხარკთა და სხუათა.

30-იან წლებში იმძლავრა ლეკიანობამ. გამოჩნდა ნადირ შაჰი, ქართველნი გვერდით დაუდგნენ ირანელებს და ოსმალების წინააღმდეგ იწყეს ბრძოლა. ისაყ ფაშამ 1735 წლის ივლისის ბოლოს დატოვა თბილისი და 300 ურემზე დატვირთული ქონებით ახალცისეს დაუბრუნდა, სადაც ფაშად იჯდა მისი შვილი იუსუფი, რომელიც ქართველებთან ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა. დარდისაგან ფრიად დამძიმებული ისაყი კვლავ ახალციხის ფაშად დაჯდა. ღრმად მოხუცებული 1748 წელს გარდაიცვალა. ასეთია ცნობები, რომელიც ქართულმა ნარატიულმა დოკუმენტურმა წყაროებმა შემოინახა ისაყ ფაშას შესახებ. ოსმალო დიდგვაროვანთა ბიოგრაფიათა ცნობარში მეჰმედ სურეÁას სიჯილი ოსმანიÁეში კი აი რა წერია: ისჰაკ ფაშა ჩილდირის მხარის დინასტიიდან არის (იგულისხმება გამაჰმადიანებული ათაბაგები). 1114 წელს (17021703) ჩილდირის სანჯაყის ბეგობა და იქ ლაშქრობა მიენდო. ერთი პერიოდი განთავისეფლებულ იქნა სამსახურიდან, შემდეგ კვლავ დააბრუნეს სამსახურში. 1136 წლის შევვალის 13-ს (=1724 წლის 5.VIII-ს) ვეზირის რანგში აღაზევეს, ამასთან დაინიშნა თბილისის ვალის თანამდებობაზე. მერე კი თბილისი ირანელთა ხელში გადავიდა და ისჰაკ ფაშა ჩილდირში დაბრუნდა, მაგრამ 1145 წ. (=17321733 წწ.) თბილისი კვლავ ოსმალებმა აიღეს და იქ ისევ ფაშა დასვეს. გარდაიცვალა 1161 წლის რამაზანის თვეში (=1748 წ. 25.VIII24.IX) 100 წელს გადაცილებული. იგი იყო შორსმჭვრეტელი, მტკიცე ნებისყოფის კაცი. მისი შვილია ჰაჯი აჰმედ ფაშა, ამისა კი ჰასან ფაშა და მისი ძმა Áუსუფ ფაშა, რომლის შვილია იბრაჰიმ და ა.შ. ისჰაკის შთამომავლები ფაშები არიან.

აღმოსავლეთ ანატოლიაში, ერზერუმის აღმოსავლეთია და ყარსის სამხრეთით აღრის ოლქში მდებარეობს ისჰაკფაშას დიდებული სასახლე. ვფიქრობ, იგი სწორედ გამაჰმადიანებულ ჯაყელთა გვარის წარმომადგენლის, თბილისიდან რომ 300 ურმით გაზიდა ნაალაფარი, ახალციხის ფაშისა და თბილისის (=ქართლის) ვალის ისჰაკ ფაშას მიერ უნდა იყოს აგებული.

www.qim.ge

Ani | Dokubaiazet
Tel.: (+995 32) 30 22 40
Cell.: (+995 99) 30 22 40
info@tao-klarjeti.ge
Created by George Chaganava