მოგზაურობა ტაო-კლარჯეთში
კაპადოკია







ბრძოლები
შირიმნის ბრძოლა 1021, ბრძოლა საქართველოსა და ბიზანტიის ლაშქარს შორის, შირიმთან (ახლანდელი თურქეთის ტერიტორია). ბიზანტიის იმპერიას არ აკმაყოფილებდა საქართველოსაგან მისი სიუზერენობის ფორმალური აღიარება და ცდილობდა რეალურად განემტკიცებინა თავისი მდგომარეობა, რისთვისაც XI საუკუნის დასაწყისში სამხრეთ ტაოს ტერიტორიაზე დავით კურაპალატის ყოფილი სამფლობელოებიდან (დავით III კურაპალატის მემკვიდრეობა) იბერიის თემი შექმნა.

ბიზანტია ყველა საშუალებით ცდილობდა შეეჩერებინა საქართველოს გაერთიანებისა და ზრდა-გაძლიერების პროცესი, დაესუსტებინა ის და ხელში ჩაეგდო მოსაზღვრე მიწები. 1014-1018, როცა ბიზანტია ბულგარეთთან ომით იყო დაკავებული, საქართველოს სამეფო კარმა ისარგებლა ამით და ბრძოლა დაიწყო სამხრეთ ტაოს მიწა-წყლის დასაბრუნებლად. ქართველებს მხარში ამოუდგნენ სომხებიც. გიორგი I-მა დაიკავა ბიზანტიის მიერ მიტაცებული ციხესიმაგრეები, მაგრამ ბულგარეთის დამარცხების შემდეგ ბიზანტიის საიმპერატორო კარმა გიორგი I-ს დაკავებული ციხესიმაგრეების დაცვა მოსთხოვა. არისტაკეს ლასტივერტცის ცნობით, საქართველოს მეფემ არ შეასრულა ბიზანტიის იმპერატორის მოთხოვნა, ეს უკანასკნელი განრისხდა და საქართველოს წინააღმდეგ გამოილაშქრა. გიორგი I-მა სასწრაფოდ შეკრიბა ლაშქარი, მაგრამ მოწინააღმდეგის დიდი რიცხობრივი უპირატესობის გამო შებმა მიზანშეუწონლად ჩათვალა და უკან დახევა დაიწყო. ბიზანტიელები დაედევდნენ. გიორგი I-მა, მტრის მოძრაობისთვის ხელი რომ შეეშალა, გადაწვა ოლთისი (Oltu). ბიზანტიელები 1021 პალაკაციოს (ჩილდირის) ტბის მახლობლად, შირიმთან შეებნენ საქართველოს ლაშქრის არიერგარდს. ქართველებმა მედგარი ბრძოლით უკუაქციეს ბიზანტიელები, მაგრამ მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხეს და უკან დაიხიეს. ამან გაააქტიურა მტერი. ბიზანტიის ლაშქარი დაედევნა ქართველებს, კოლა-არტაან-ჯავახეთზე გადმოიარა და გაანადგურა ეს მხარე. შემდეგ თრიალეთში შემოიჭრა. გიორგი I-მა მოიშველია კახეთისა და ჰერეთის ძალები და ბრძოლის განახლება გადაწყვიტა. ზამთრის მოახლოებისა და, როგორც ჩანს, ქართველთა ლაშქრის გაძლიერების გამო ბიზანტიის მბრძანებელმა ბრძოლა აღარ გააგრძელა და უკან გაბრუნდა, თანაც "კუალად უბოროტესადრე შურისგებით მოაოხრა ქუეყანანი".

შირიმნის ბრძოლაში ქართველი ფეოდალები ერთმანეთთან შეკავშირებულები გამოვიდნენ მტრის წინააღმდეგ. ბრძოლაში დაიღუპნენ დიდი ფეოდალები კლდეკარის ერისთავი რატი ლიპარიტის ძე და ხურსი.

სასირეთის ბრძოლა 1047 - საქართველოს მეფე ბაგრატ IV და კლდეკარის ერისთავის ლიპარიტ IV ლიპარიტს ძეს შორის მიმდინარე ხანგრძლივი შინაკლასობრივი ბრძოლის ერთი ეპიზოდი. 1040 წელს თბილისის ამირასთან ბაგრატ IV დაზავების შემდეგ კლდეკარის ერისთავი საბოლოოდ გაუორგულდა მეფეს. ლიპარიტმა დახმარებისათვის მიმართა ბიზანტიას. კეისარმა ერისთავს დამხმარე ლაშქარი, დიდძალი ფული და ტახტის მაძიებელი დემეტრე გიორგის ძე გამოუგზავნა. საქმე შეთანხმებით დამთავრდა. ბაგრატ IV ლიპარიტს ქართლის ერისთავიბა უწყალობა. ბერძენთა ჯარი და დემეტრე ბიზანტიაში დაბრუნდნენ. მაგრამ ეს მორიგება დროებითი აღმოჩნდა; ლიპარიტი ბიზანტიის აგენტად დარჩა და განაგრძობდა ბრძოლას მეფის წინააღმდეგ. ლიპარიტს კახელები მიემხრნენ, მან ბიზანტიიდან კვლავ ჩამოიყვანა დემეტრე გიორგის ძე, ბოლოს მაწყვერელიც მის მხარეს გადავიდა.

მეფე და ერისთავი ქართლში, სასირეთის ჭალაში (ახლანდელი კასპის მუნიციპალიტეტი) შეებრძოლენ ერთმანეთს, ბაგრატ IV-მ ვერ გაუძლო ლიპარიტის მრავალრიცხოვანი ჯარის შემოტევას და დამარცხდა. ლიპარიტმა არტანუჯის ციხე დაიპყრო; ბაგრატ IV იძულებული გახდა დასავლეთ საქართველოში გადასულიყო და მხოლოდ თურქ-სელჩუკების მიერ 1048 წელს ლიპარიტის დატყვევების შემდეგ შეძლო ხელისუფლების განმტკიცება. სასირეთის ბრძოლა მეფესა და დიდებულებს შორის არსებული შინაკლასობრივი ბრძოლების მნიშვნელოვანი ეპიზოდია. მეტად საგულისხმოა "მატიანე ქართლისა"-ის ცნობა ამ ბრძოლაში ვარიაგების (ვარანგთა) მონაწილეობის შესახებ. სავარაუდოა, რომ ეს რუსებისა და ქართველების პირველი შეხვედრა უნდა ყოფილიყო.

ფარცხისის ბრძოლა 1074, ბრძოლა განძის გამგებელს სარანგსა და საქართველოს მეფე გიორგი II-ს შორის. სელჩუკთა სულთანმა მალიქ-შაჰმა განძის აოხრებისა და ამირა ფადლონის დარტყმის შემდეგ განძის გამგებლობა სარანგს დააკისარა. მან 48 ათასი მხედარი დაუტოვა და დაავალა ქართლის დარბევა. სარანგმა მოიშველია დვინისა და დმანისის ამირები და ქართლს შეესია, გიორგი II-მ სწრაფად შეკრიბა ჯარი, მოკავშირედ გაიხადა კახთა მეფე აღსართან I, მტერს ფარცხისთან (ახლანდელი თეთრი წყაროს რაიონი) შეება, დაამარცხა და გააქცია იგი. ფარცხასთან ქართველთა გამარჯვებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ამით წახალისებულმა გიორგი II-მ, ისარგებლა რა ბიზანტიის იმპერიის დასუსრებით, გაილაშქრა და დაიბრუნა სამხრეთ და დასავლეთ საქართველოს მიწა-წყალი (ციხე ანაკოფია და აგრეთვე კლარჯეთის, შავშეთის, ჯავახეთისა და არტაანის მრავალი ციხე).

რახსის ბრძოლა 1118, დავით აღმაშენებლის ბრძოლა მდინარე რახსის (არეზის) პირას თურქ-სელჩუკებთან. ნახიდურს დავით აღმაშენებელმა გაიგო თურქ-სელჩუკების ჯავახეთში შესევისა და ბეშქენ ჯაყელის მოკვლის ამბავი. მეფე, მიუხედავად ზოგი დიდებულის წინააღმდეგობისა, თავისი ლაშქრით დაიძრა და რახსის პირას მდგომ თურქ-სელჩუკებს შეებრძოლა. საქართველოს ლაშქარმა სძლია მტერს - მრავალი ამოწყვიტეს, ბევრი ტყვედ ჩაიგდეს და დიდი ნადავლიც წამოიღეს.

ბასიანის ბრძოლა 1203, საქართველოს სამეფო ლაშქრის ბრძოლა თურქ-სელჩუკთა წინააღმდეგ ბასიანში (ახლა თურქეთის ტერიტორია), ქ. არზრუმიდან ჩრდილოეთ აღმოსავლეთით დაახლოებით 60 კმ-ზე. შამქორის ბრძოლაში 1195 აღმოსავლეთ თურქ-სელჩუკთა კოალიციაზე გამარჯვების შემდეგ საქართველო წამყვანი პოლიტიკური ძალა გახდა წინა აზიაში. იგი ესრწაფებოდა საზღვრების გაფართოებას და სელჩუკთა საბოლოო უკუგდებას. რუმის სულთანმა რუქნადინმა მიზნად დაისახა შავიზღვისპირეთის ხელში ჩაგდება და აღმოსავლეთში გაბატონება. მან ერზინკის, აბულისტანის, ბორიტის, არზრუმისა და შამის (სირია) მფლობელებთან ერთად დაახლოებით 400 ათ. ჯარით საქართველოზე გამოილაშქრა. ბოლისტეკს (ჰასანყალა) მოსულმა რუქნადინმა თამარ მეფეს მოციქულის პირით დამორჩილება მოსთხოვა. დროის მოგების მიზნით ქართველებმა სულთნის მოციქულს პასუხი დაუყოვნეს, სასწრაფოდ ჯავახეთში ლაშქარი შეჰყარეს (დაახლოებით 90 ათასი კაცი). დავით სოსლანის რჩევით, გადაწყვიტეს მტერს მოულოდნელად დასხმოდნენ თავს.

სულთნის ლაშქარს ბასიანში ბუნებრივი სიმაგრეებით დაცული პოზიცია ეკავა, ამიტომ ქართველებმა ხერხი იხმარეს: ღამით ჩუმად მტრის ბანაკს მიადგნენ და ჯარები საბრძოლველად დააწტვეს. მარჯვენა ფრთაზე "აფხაზნი და იმერელნი" იდგნენ, მარცხენაზე - "ამერელნი და ჰერნ-კახნი", ცენტში - 30-40 ათასიანი რაზმი შალვა და ივანე ახალციხელებისა და "სხვათა თორელთა". წინამებრძოლთა რაზმს სათავეში ედგა ზაქარია მხარგრძელი. ბრძოლის საერთო მეთაური იყო დავით სოსლანი.

ქართველებმა იერიშის წინ მტრის მოციქული გაათავისუფლეს და სანამ იგი რუქნადინთან დაბრუნდებოდა, ქართველთა მეწინავენი განთიადისას მტრის ბანაკში შეიჭრნენ. მოულოდნელმა თავდასხმამ სელჩუკთა ლაშქარში არეულობა გამოიწვია. რუქნადინდა შეძლო უკუქცეულთა შეჩერება, საბრძოლველად დაწყობა და შეტევაზე გადასვლა. ხელჩართულ ბრძოლაში ორივე მხარეს დიდი ზარალი მოსდიოდა. მთიანი ოღროჩოღრო ბრძოლის ველი ცხენოსანთა მოქმედებას ზღუდავდა, ამიტომ ქართველები ჩამოქვეითდნენ და ისე იგერიებდნენ იერიშებს. მტერმა ბრძოლაში ახალი ძალები ჩააბა. ქართველთა მეწინავეებმა მათი შეკავება ვეღარ შეძლეს. რუქნადინს ბრძოლა მოგებული ეგონა, მაგრამ ქართველებმა ჩასაფრებული მთავარი ძალები აამოქმედეს. ჯერ დავით სოსლანმა მარცხენა მხრიდან შეუტია, როცა რუქნადინმა თავისი ძალები მის წინააღმდეგ გადაისროლა, მარჯვენა ფრთიდან ამერთა და ჰერეთ-კახეთის რაზმები გადავიდნენ შეტევაზე. თურქებმა ვერ გაუძლეს ორმხრივ იერიშს და "ზარგახდილნი" (თავზარდაცემულნი) უკუიქცნენ.

ქართველებმა მტერს დაღამებამდე სდიეს, ხელთ იგდეს დიდი ალაფი, სულთნის დროშა და უამრავი ტყვე. დაჭრილი რუქნადინი ბრძოლის ველიდან არზრუმს გაიქცა. ბასიანის ბრძოლამ კიდევ უფრო გაამტკიცა საქართველოს ჰეგემონობა ახლო აღმოსავლეთში.

არადეთის ბრძოლა 1483, შინაპოლიტიკური ბრძოლის ერთ-ერთი ეპიზოდი ფეოდალურ საქართველოში. აგვისტოში სამცხის ათაბაგი ყვარყვარე II ჯაყელი, რომელიც აღარ ემორჩილებოდა სამეფო ხელისუფლებას, არეშის (ახლა აზერბაიჯანშია) დარბევის შემდეგ ქართლის გზით ბრუნდებოდა სამცხეში. სოფ. არადეთთან მას გზა გადაუღობა ქართლის ფეოდალთა ლაშქარმა და ქართლის მეფის კონსტანტინე II-ის მორჩილება მოსთხოვა. ბრძოლა კონსტანტინე II-ის მომხრეთა დამარცხებით დამთავრდა. ამ მარცხმა კიდევ უფრო დაასუსტა სამეფო ხელისუფლება, რითაც ისარგებლეს დასავლეთ საქართველოს ფეოდალურმა წრეებმა, გაამეფეს იქ ალექსანდრე II და იმერეთი დამოუკიდებელ სამეფოდ გამოაცხადეს. ამგვარად არადეთის ბრძოლამ ხელი შეუწყო საქართველოს პოლიტიკური დაშლის პროცესს.

სოხოისტის ბრძოლა 1545, ბრძოლა საქართველოს და ოსმალეთის ლაშქარს შორის. ქარაღაქის ბრძოლაში (1543) იმერეთის მეფის ბაგრატ III-ის გამარჯვების შემდეგ ოსმალებმა გადაწყვიტეს ხელახლა ელაშქრათ სამცხე-საათაბაგოში, ბაგრატ III-მ დახმარება სთხოვა ქართლის მეფე ლუარსაბ I-ს და გურიისა და ოდიშის მთავრებს. ამ უკანასკნელმა ლაშქრობაში მონაწილეობა არ მიიღო. იმერეთ-ქართლისა და გურიის გაერთიანებული ლაშქარი ბასიანისაკენ გაემართა, სადაც დაბანაკებული იყო ოსმალთა ჯარი. ბრძოლა გაიმართა სოხოისტასთან. მეწინავეობა ქართლის ჯარს დაეკისრა, ამით განაწყენებულმა მესხებმა მიატოვეს ბრძოლის ველი. ბრძოლა დილიდან საღამომდე გაგრძელდა. ქართველები დამარცხდნენ. სოხოისტის ბრძოლის შედეგად იმერეთ-სამცხე-საათაბაგოს ერთიანი სახელმწიფოს არსებობას ბოლო მოეღო (მურჯახეთის ბრძოლა 1535). ოსმალებმა მტკიცედ მოიკიდეს ფეხი სამხრეთ საქართველოში, რასაც შემდეგ მისი სრული დაპყრობა მოჰყვა

მუსტაფა ლალა-ფაშას ლაშქრობა საქართველოში 1578 წელს, იყო ირანის წინააღმდეგდაძრული ოსმალეთის მრავალრივცოვანი ლაშქარი მუსტაფა ლალა-ფაშას სარდლოებით ამიერკავკასიის ქვეყნების დასაპყრობლად გამოემართა. 7 აგვისტოს ოსმალებმა საქართველოს საზღვარი გადმოლახეს და ქართველთა მედგარ წინააღმდეგობას წააწყდნენ. მაგრამ საქართველოს პოლიტიკური აშლილობა ხელს უშლიდა ქვეყნის ძალების გაერთიანებას მტრის წინააღმდეგ საბრძოლველად. 9 აგვისტოს ჩილდირთან ბრძოლაში ოსმალებმა დაამარცხეს ირანელები და მათ მხარეზე მებრძოლი ქართველებიც. 10 აგვისტოს ათაბაგ მანუჩარ II-ის ძმამ, ყვარყვარემ, და სამცხის ზოგიერთმა ფეოდალმა ოსმალეთის სარდალს მორჩილება გამოუცხადეს, რამაც მტერს სამცხის ციხე-ქალაქების დაპყრობა გაუადვილა. 24 აგვისტოს ოსმალებმა თბილისი აიღეს. დაკავებულ ტერიტორიაზე ისინი თავიანთ წესებს ნერგავდნენ. დააარსეს თბილისის (ქართლის) საბეგლარბერგო, გორის სანჯაყი. მათ გამგებლად ოსმალო მოხელეები დანიშნეს. კახეთის მეფემ ალექსანდრე II-მ მტერთან მორიგება არჩია. 1 სექტემბერს სართიჭალასთან გამართული მოლაპარაკების შედეგად კახეთში ოსმალეთისათვის ყოველწლიურად ხარკი უნდა ეძლია. სართიჭალიდან ოსმალეთის ლაშქარი შირვან-აზერბაიჯანის დასაპყრობად გაემართა. აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში ლაშქრობის შემდეგ მუსტაფა ლალა-ფაშა ქართლსა და სამცხეზე გავლით ნოემბერში არზრუმში დაბრუნდა. დაიწყო ქართველი ხალხის პარტიზანული ბრძოლა ოსმალთა წინააღმდეგ, 1578 წელს ირანის შაჰმა ქართლის მეფე სიმონ I ტყეობიდან გაათავისუფლა. სიმონის ქართლში დაბრუნების შემდეგ დაიწყო ახალი ეტაპი ოსმალების წინააღმდეგ ბრძოლაში.

მუხრანის ბრძოლა 1582, ბრძოლა ქართლისა და ოსმალეთის ლაშქარს შორის. ქართლის მეფე სიმონ I სპარსელთა მხარდაჭერით იბრძოდა აღმოსავლეთ საქართველოდან ოსმალთა მთლიანად განდევნისათვის. ქართლისა და კახეთის სამეფოების ლაშქარმა ალყა შემოარტყა თბილისს. ოსმალეთის სულთანმა არზრუმისა, დიარბექირისა და ჩილდირის ბეგლარბეგებს დაავალა აღმოეჩინათ დახმარება თბილისის გარნიზონისათვის. აგვისტოს ბოლოს ოსმალთა 20 ათასიანი არმია ახალქალაქში ჩავიდა. აქ ოსმალებს ჩილდარის ბეგლარბეგი მანუჩარ II (იგივე მუსტაფა) შეუერთდა. ოსმალთა ლაშქარი მანუჩარ II-ის რჩევით ბორჯომის ხეობაზე გავლით მუხრანის ველზე დაბანაკდა. ამ დროს იმერეთის, ოდიშისა და გურიის ლაშქარმა ოსმალთა ბრძანებით ქართლის სამეფო დაარბია. სიმონ I თავს დაესხა მუხრანთან დაბანაკებულ მტერს და სასტიკად დაამარცხა იგი. გადარჩენილმა ოსმალებმა ძლივს მიაღწიეს თბილისამდე. ქართველთა ლაშქარს დიდძალი ნადავლი და თბილისისსათვის გათვალისწინებული ხაზინა ჩაუვარდა ხელთ.

ხატისოფლის ბრძოლა 1584, ბრძოლა ქართლისა და ოსმალეთის ლაშქარს შორის სოფ. ხატისოფელთან (ამჟამად დმანისის რაიონი). ოსმალთა წინააღმდეგ სიმონ I-ის ბრძოლა ერთ-ერთი ეპიზოდი. 1584 ოსმალთა სარდალი ფერჰარდ-ფაშა მრავალრიცხოვანი ჯარით ქართლისაკენ დაიძრა და ხატისოფელთან დაბანაკდა (ფერჰარდ-ფაშას ლაშქრობანი საქართველოში). ქართველთა 4 ათასიანი ლაშქარი სიმონ I-ის მეთაურობით მდ. ხრამის ნაპირთან მოულოდნელად დაესხა მტერს და მისი ბანაკი არია, მაგრამ მრავალრიცხოვან მოწინააღმდეგესთან (30 ათასი კაცი) ბრძოლის გაგრძელება ვეღარ შეძლო და იძულებული გახდა ბრძოლის ველს გასცლოდა.

გორის ბრძოლა 1598-1599, ქართლის ლაშქრის ბრძოლა ოსმალეთისაგან გორის გასათავისუფლებლად. ირან-ოსმალეთის 1590 წლის ზავის შედეგად ამიერკავკასიაში ოსმალები გაბატონდნენ. დასავლეთ ქვეყნები შეეცადნენ გაძლიერებული ოსმალეთის წინააღმდეგ კოალიციის შექმნას, რომლის გეგმაში დიდი ადგილი ჰქონდა დათმობილი რუსეთს, ირანსა და საქართველოს. დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი ქართველი პოლიტიკოსები თავის გეგმებს საერთაშორისო სიტუაციას უკავშირებდნენ. დასავლეთ ევროპაში ანტიოსმალური კოალიციის შექმნა ვერ მოხერხდა, მაგრამ შეიქმნა კავშირი ირანსა, ქართლსა და კახეთს შორის. ამ კავშირის საფუძველზე ქართლის მეფე სიმონ I-მა განაახლა ომი ოსმალთა წინააღმდეგ. 1598 წელს ქართველთა ლაშქარმა გარემოიცვა გორის ციხე. ალყა ცხრა თვეს გაგრძელდა. 1599 წელს დიდმარხვის დასაწყისში ქართველებმა ციხეს ალყა მოხსნეს. ოსმალებმა სიფხიზლე მოადუნეს. მტრის ეს შეცდომა კარგად გამოიყენა სიმონ I-მა. მისი ბრძანებით გორის ყოფილმა მოურავმა სულხან თურმანიძემ და ფარსადან ციციშვილმა თავიანთ მამულებში საიდუმლოდ დაამზადეს ციხის კედლებზე ასასვლელი კიბეები. ქართველთა ლაშქარი ღამით ჩუმად მიადგა ციხეს და გალავანზე გადავიდა. ოსმალებმა გვიან შენიშნეს ქართველთა შეჭრა ციხეში. გააფთრებული ბრძოლის შემდეგ, გათენებისას, მტერმა იარაღი დაყარა. გორის განთავისუფლებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ქართლის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში.

ნახიდურის ბრძოლა 1599, ბრძოლა ქართლისა და ოსმალეთის ლაშქარს შორის. ოსმალთაგან გორის ციხის გათავისუფლების შემდეგ (გორის ბრძოლა) თავრიზის ბეგლარბეგმა სულთნის ბრძანებით საქართველოში ილაშქრა. ჯარი ალგეთის ხეობაში, სოფ. ნახიდურთან დაბანაკდა. ქართლის მეფე სიმონ I მტერს მცირერიცხოვანი ლაშქრით მიეგება. ქართველთა ჯარის თავმოყრა დამთავრებული არ იყო, ამიტომ მეფეს ბრძოლის დაწყებას არ ურჩევდნენ, მაგრამ სიმონ I-მა რჩევა არ მიიღო და მტერს მედგრად შეუტია. თვით მეფე მამაცურად იბრძოდა ბრძოლის შუაგულში. დაახლოებით ხუთსაათიანი ბრძოლის შემდეგ ოსმალთა რიცხოვრივი უპირატესობის შედეგად ქართველები იძულებული გახდნენ უკან დაეხიათ. ოსმალებმა ბრძოლით მისდიეს ქართველთა ლაშქარს. სოფ. ფარცხისთან (ახლანდელი თეთრი წყაროს რაიონი), ვიწრო გზაზე, სიმონ I ცხენიანად ჩაეფლო და იძულებული გახდა ტყვედ დანებებოდა ოსმალთა სარდალს.

ტაშისკარის ბრძოლა 1609, ბრძოლა ქართლის სამეფოსა და ოსმალთა და ყირიმელ თათართა ლაშქარს შორის.

1609 წლის ივნისში ქართლში შეიჭრა ოსმალების მრავალრიცხოვანი ჯარი, რომელმაც რამდენიმე სოფელი ააოხრა და გაძარცვა, მოსახლეობის ნაწილი დაატყვევა და სწრაფად მიადგა მანგლისს. ოსმალებმა აქედან გაჭრა სცადეს სოფ. ცხირეთისაკენ (შიდა ქართლი), სადაც მეფე ლუარსაბ II ეგულებოდათ. თევდორე კვეთელმა მოატყუა მტერი და სხვა მიმართულებით წაიყვანა. ამასობაში ქართველებმა ლაშქარი შეკრიბეს და გ. სააკაძისა და ზ. ციციშვილის სარდლობით სოფ. ნიაბის (ახლანდელი კასპის რაიონი) ბოლოს, სხერტის ჭალაზე, მტერი უკუაქციეს. გორისაკენ გაბრუნებულთ მდ. მტკვარზე ხიდი აყრილი დახვდათ. მაშინ მათ ახალციხისაკენ იბრუნეს პირი. სოფ. ბრბონასთან მდ. მტკვარი გადალახეს და სოფ. ტაშისკართან (ახლანდელი ხაშურის რაიონი) დაბანაკდნენ. ქართველთა ლაშქარი სოფ. ახალდაბასთან (ახლანდელი ბორჯომის რაიონი) მდ. მტკვარზე გადავიდა და მოწინააღმდეგეს ახალციხისაკენ გასასვლელი გზა გადუჭრა. სამხედრო თათბირზე გ. სააკაძის გეგმა მიიღეს და სარდლობაც მასვე დაევალა. ქართველთა ლაშქარი განთიადისას მოულოდნელად დაესხა თავს მტერს და თითქმის მთლიანად გაანადგურა, მხოლოდ მცირე ნაწილმა უშველა გაქცევით თავს. ქართველებს დიდძალი ნადავლი და ტყვე დარჩათ. ამ ბრძოლაში განსაკუთრებით გამოიჩინა თავი გ. სააკაძემ.

ტაშისკარი - ისტორიული სოფელი ხაშურის რაიონში (ქვიშხეთის საკრებულო), ლიხის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე მტკვრის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 720 მეტრი, ხაშურიდან 10 კილომეტრი. სოფელში 2006 წლის 1 იანვრის მონაცემებით ცხოვრობს 140 კომლი, სულ 526 ადამიანი. სოფელში დგას ჩიკორის ეკლესია და ტაუსას ეკლესია.

ხრესილის ბრძოლა 1757, ქართველთა ლაშქრის ბრძოლა სოლომონ I-ის მეთაურობით ოსმალთა ლაშქრის წინააღმდეგ ხრესილის ველზე (ახლანდელი ტყიბულის ტერიტორია). სოლომონ I-ის ბრძოლამ მტკიცე სამეფო ხელისუფლების შესაქმნელად, დასავლეთ საქართველოს გასაერთიანებლად და ოსმალთა ბატონობის წინააღმდეგ მეფესა და ოსმალებს შორის ურთიერთობა უფრო გაამწვავა. ოსმალები განსაკუთრებით ვერ ურიგდებოდნენ სოლომონის ბრძოლას ტყვეთა სყიდვის წინააღმდეგ. თურქები დაუკავშირდნენ მეფის მოწინააღმდეგე თავადებს. მოღალატე თავადი ლევან აბაშიძე ახალციხეში ჩავიდა და თვითონ წამოუძღვა მტერს იმერეთისაკენ. დეკემბერში ოსმალთა ჯარი იმერეთში შემოვიდა. სოლომონმა მტერი სტრატეგიულად მოხერხებულ ადგილას - ხრესილის მინდორზე - შეიტყუა და სასტიკად დაამარცხა. სამი ფაშა დაატყვევეს და შემდეგ დახოცეს. ომში მოკლეს მოღალატე ლევან აბაშიძე, ხოლო როსტომ რაჭის ერისთავმა გაქცევით უშველა თავს.

ჩხერის ბრძოლა 1774, იმერეთის სამეფოს ბრძოლა ოსმალეთის ლაშქრის წინააღმდეგ რუსეთ-ოსმალეთის 1768-1774 ომის დროს (მდ. ჩხერიმელის ხეობაში). ოსმალეთმა ისარგებლა რუსეთის ჯარის საქართველოდან წასვლით და კვლავ სცადა იმერეთის დაპყრობა. მათ, 4 ათასი კაცისაგან შემდგარი რაზმი შემოიყვანეს იმერეთში. ამავე დროს ახალციხის ფაშამ დადიანსა და აფხაზთა მთავარს მოუხმო სოლომონ I-ის წინააღმდეგ. სოლომონ I-ის თხოვნით ერეკლე II-მ დადიანს ღალატზე ხელი ააღებინა. იმერეთში შემოსულმა ოსმალთა ჯარმა სასწრაფოდ უკან გაბრუნება დაიწყო. მაგრამ 6 თებერვალს იმერთა ჯარი მტერს ჩხერის ვიწროებში ჩაუსაფრდა და უკანდასახევი გზა მოუჭრა. სოლომონის რაზმებმა კი ოსმალთა ზურგს დაარტყეს. ოსმალებმა ბრძოლის ველზე 1000 მეომარი დაკარგეს, 600 კაცი ტყვედ ჩავარდა, იმერთა მდევარმა რაზმა ჩხერიდან ვახანამდე დაახლოებით 1400 მებრძოლი მოკლა.

რუხის ბრძოლა 1779, იმერეთ-გურია-ოდიშის ლაშქრის ბრძოლა ოსმალთა წინააღმდეგ. ქუჩუკ-კაინარჯის 1774 ზავით თურქეთმა იმერეთის საქმეებში ჩარევის უფლება დაკარგა. 1779 ოსმალეთი შეეცადა იმერეთისათვის ჩამოეშორებინა მისი მოკავშირე ოდიშის სამთავრო და აფხაზეთის ტერიტორიიდან ოდიშზე გაილაშქრა, ოსმალთა მოკავშირეებად გამოვიდნენ აფხაზები, ჯიქები, ალანები, ჩერქეზები, ბალყარელები და ყირიმელი თათრები.კაცია II დადიანმა დახმარებისათვის იმერეთის მეფეს მიმართა. სოლომონ I იმერეთ-გურიის ლაშქრით დადიანს მიეშველა. მტერმა ენგური გადალახა და ზუფდიდისაკენ დაიძრა, რომელიც რუხის ციხესა და ზუგდიდს შორის მოხდა, იმერეთ-გურია-ოდიშის ლაშქრის სრული გამარჯვებით დამთავრდა. გამარჯვებულებმა ხელთ იგდეს მრავალი ტყვე და დიდძალი ალაფი, მ. შ. მტრის არტილერია. რუხის ბრძოლამ დიდი ხნით შეაჩერა თურქთა ექსპანსია საქართველოში ჩრდილო-დასავლეთიდან.

ასპინძის ბრძოლა — 1770 წლის 20 აპრილს ქართველთა ბრძოლა ოსმალეთის ლაშქართან ერეკლე II-ის სარდლობით რუსეთ-ოსმალეთის ომის (1768-1774) დროს. საქართველოში შემოსულ რუსთა საექსპედიციო რაზმს, რომელსაც ამიერკავკასიის ფრონტზე ოსმალთა ძალების ნაწილი უნდა მიეზიდა, ერეკლე II-მ შესთავაზა რუს-ქართველთა ერთობლივი ძალით ახალციხეზე გალაშქრება. მისი მიზანი იყო მესხეთის განთავისუფლება ოსმალთა ბატონობისაგან.

1770 მარტში სურამში რუსებისა და ქართველთა ჯარები შეერთდნენ. რუსთა სამხედრო რაზმს (1200 კაცი) გენერალი გ. ტოტლებენი მეთაურობდა, ქართულ ლაშქარს (დაახლოებით 7 ათასი კაცი) - ერეკლე II. 24 მარტს შეერთებული მხედრობა ბორჯომის ხეობით ახალციხისაკენ დაიძრა და 14 აპილს აიღო სადგერის ციხე, 17 აპრილს კი ალყა შემოარტყა აწყურის ციხეს. აქ ერეკლე II-მ უშუალოდ ახალციხეზე გალაშქრება მოითხოვა, რადგან აწყურის ძნელად მისადგომი ციხის მცირერიცხოვანი გარნიზონის წინააღმდეგ ბრძოლა დროისა და ძალის დაკარგვად მიაჩნდა, ხოლო ციხის ღრმა ზურგში მოტოვება, მისი აზრით, თავისთავად გადაწყვიტდა აწყურის საკითხს. ტოტლებენი შეუძლებლად თვლიდა გამაგრებული ციხის ზურგში მოტოვებას და ამიტომ საიერიშო ღონისძიებათა მომზადებას შეუდგა, მაგრამ ციხის გარემოცვისა და ბრძოლის მისეული გეგმა არასწორი იყო. ამით ისარგებლა ახალციხის ფაშამ და 18 აპრილს აწყურის ციხეში 2000-კაციანი დამხმარე რაზმი შეგზავნა.

19 აპრილს ტოტლებენი თავისი რაზმითურთ მოულოდნელად უკან დაბრუნდა. მტერმა დრო იხელთა, ციხიდან გამოიჭრა და თავს დაესხა ქართველებს. ეკერლე II-მ სწრაფი კონტრშეტევით უკუაგდო მტერი და ასპინძისკენ დაიძრა. ქართველთათვის გზა რომ გადაეჭრა, ახალციხის ფაშამ 1500 მეომარი გამოიყვანა ახალქალაქისა და ხერთვისის ციხეებიდან, მაგრამ ერეკლემ ეს რაზმი დაამარცხა და უკუაქცია. მალე ასპინძასთან მტრის ძირითადი ძალები გამოჩნდა. ოსმალ-ლეკთა 8 -ათასიანი კორპუსის დიდ ნაწილს ერეკლემ მტკვარზე გადმოსვლის საშუალება მისცა, ღამით კი აღაბაბა ერისთავს, სვიმონ მუხრანბატონსა და ხუდია ბორბაჩალოელს მალულად გადაახერხინა ხიდის თავხეები ("ისრები"). ამით მტერს უკანდასახევი გზა მოეჭრა. 20 აპრილს ქართველები მტრის პირისპირ საბრძოლო წყობით განლაგდნენ: მარჯვენა ფლანგს დავით ორბელიანი სარდლობდა, მარცხენას - გიორგი ბატონიშვილი (შემდგომში გიორგი XII), ცენტრს - ერეკლე II, რომელიც საერთო ხელმძღვანელობასახ ახორციელებდა.

ბრძოლა ქართველთა შეტევით დაიწყო. მტერმა ვერ გაუძლო დარტყმას და უწესრიგოდ იწყო უკან დახევა ხიდისაკენ. თავხეებგადახერხილი ხიდი ჩაინგრა და ასობით ოსმალ-ლეკი თან ჩაიტანა ადიდებულ მტკვარში. მტერმა ბრძოლის ველზე 4 ათასი მოკლული დატოვა. დაღუპულთა შორის იყვნენ ოსმალთა კორპუსის მთავარსარდალი, რამდენიმე ცნობილი ფაშა და ბეგი. ერეკლემ ორთაბრძოლაში მოკლა ლეკთა ბელადი მალაჩილა (კოხტა-ბელადი). ქართველებმა ხელთ იგდეს ტყვეები, დროშები, ცხენები და დიდძალი იარაღი.

ჩოლოქის ბრძოლა 1854, რუს-ქართველთა ჯარის ბრძოლა მდ. ჩოლოქთან თურქების ლაშქრის წინააღმდეგ ყირიმის ომის დროს.

ნიგოითის ბრძოლაში (1854) თურქთა დამარცხების შემდეგ გენერალი ი. ანდრონიკაშვილი, თურქთა მთავარი ძალების წინააღმდეგ შეტევის მიზნით, ოზურგეთისაკენ დაიძრა, მტერმა სასწრაფოდ დატოვა ქალაქი და მდ. ჩოლოქის მარცხენა ნაპირზე დაბანაკდა. რუს-ქართველთა ჯარის განკარგულებაში იყო 11 ბატალიონი (ქვეითი), 4 ასეული (დონელი კაზაკები), მილიციის 6 ქვეითი და 5 ცხენოსანი ასეული (იმერეთისა) და 6 ქვეითი რაზმი (გურიისა), სულ 10 ათასი ჯარისკაცი. თურქთა ჯარი, რომელსაც სინანფაში სარდლობდა, 35 ათასი ჯარისკაცს ითვლიდა. გენერალი ანდრონიკაშვილმა მტერზე სწრაფი იერიშის მიტანა გადაწყვიტა. 4 ივნისს დილით "გურიის რაზმს" მტრის მოწინავე რაზმი დაამარცხა, მდ. ჩოლოქისაკენ დაეშვა და თურქებს უკანდასახევი გზა მოუჭრა, შემდეგ ჩოლოქი გადალახა და მტრის პირისპირ დადგა. საარტილერიო ცეცხლის გახსნის შემდეგ რუს-ქართველთა მხედრობა ბრძოლაში ჩაება და, მტრის რიცხობრივი უპირატესობის მიუხედავად, დიდი მსხვერპლით წინ მიიწევდა.

კავალერიის ბრძოლაში ჩაბმის შემდეგ ჯარის სხვა ნაწილებიც ფართო შეტევაზე გადავიდნენ. ხელჩართულ ბრძოლაში თურქები შედრკნენ და უკან დაიხიეს. რუს-ქართველთა ცხენოსნებმა მტერს ქობულეთამდე სდიეს. მტერმა დაკარგა 4 ათასი მებრძოლი, 15 ქვემეხი, 36 დროშა და 3 ბანაკი, ქართველთა ჯარმა - 1500 კაცი. ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობისათვის ქართული მილიცია წმ. გიორგის დროშით დააჯილდოეს.

ჩოლოქის ბრძოლაში გამარჯვებამ ჩაფუშა მტრის ცდა, სურამის გზით შეეერთებინა ახალციხე-ახალქალაქისა და ბათუმის კორპუსები

ენგურის ბრძოლა 1855, ბრძოლა რუსეთ-საქართველოსა და ოსმალეთის ჯარებს შორის 25 ოქტომბერს, ყირიმის ომის (1853-1856) დროს. 1855 წლის სექტემბერ-ოქტომბერში თურქებმა დიდძალი ჯარი გადმოსვეს ბათუმში, ყულევში, ტრაპიზონში, აფხაზეთში. ოსმალეთი და მისი ევროპის მოკავშირეები საქართველოს დაპყრობა-დანაწილებას ვარაუდობდნენ. ამავე დროს საქართველოში გამარჯვება მდგომარეობას შეუმსუბუქებდა ალყაში მოქცეულ ყარსის თურქეთის გარნიზონს. 1856 წელს ოსმალთა ლაშქარი ომერ-ფაშას სარდლობით აფხაზეთიდან სამეგრელოსკენ დაიძრა. "გურიის რაზმის" სარდალმა ი. მუხრანბატონმა სცადა გაემაგრებინა გადასასვლელები მდინარე ენგურზე. ყველაზე უკეთ იყო გამაგრებული რუხის გადასასვლელი, რომელიც ზუგდიდის გზას კეტავდა. 1855 წლის ოქტომბერში ომერ-ფაშამ იერიში მიიტანა რუხის გადასასვლელზე, მაგრამ ძლიერ წინააღმდეგობას წააწყდა. მაშინ მან მოულოდნელად შეუტია ნაკლებად გამაგრებულ სანარმანიოს გადასასვლელს. უთანასწორო ბრძოლაში გამარჯვება ოსმალებს დარჩათ.

მალთაყვის ბრძოლა 1809, რუს-ქართველთა ლაშქრის ბრძოლა ოსმალთა წინააღმდეგ ქ. ფოთის გასათავისუფლებლად. რუსეთის სარდლობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ქ. ფოთის ოსმალთაგან განთავისუფლებას და ყველა ხერხით ცდილობდა ამის მიღწევას. ფოთის ციხის კომენდანტთან წარუმატებელი მოლაპარაკების შემდეგ რუსეთის სარდლობამ ციხის ძალით აღება გადაწყვიტა. 12 აგვისტოს რუსეთის ჯარი სამეგრელოსა და აფხაზეთის სამთავროს ლაშქართან ერთად ფოთისაკენ დაიძრა. ჯარის ერთი ნაწილი მდ. რიონის მარცხენა მხარეს გადავიდა და ციხიდან დაახლოებით 3 კმ-ზე დადგა. ნაწილი მდინარის ქვემო წელზე დაეშვა. მდინარის მარჯვენა მხარეს ქვემეხები დადგეს. 13 აგვისტოს, არტილერიის ცეცხლის შემდეგ, თურქებმა გამაგრებული ადგილი დატოვეს და ციხეს მიაშურეს. მათი გარნიზონი 3 მხრიდან იქნა გარშემორტყმული. არტილერიის ცეცხლმა მტერს მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა, მაგრამ შეტევა შეყოვნდა საომარი მასალის სიმცირის გამო. ოქტომბრის II ნახევარში თურქთა გარნიზონის დასახმარებლად ქ. ფოთის მიუახლოვდა ტრაპიზონის სერასკირი 9 ათასიანი ჯარისკაცით. რუსეთის სარდლობამ მოახერხა გურიელის თავის მხარეზე გადაბირება. 2 ნოემბერს არტილერიის ცეცხლის საფარით სამეგრელოსა და აფხაზეთის ლაშქრის ნაწილები მდ. მალთაყვისაკენ დაიძრა. გურიის სამთავროს ლაშქარმა გრიგოლეთიდან მოულოდნელად შეუტია მტერს. თურქები ზღვით გაქცევას შეეცადნენ. ბევრი წყალში დაიხრჩო, ნაწილი ტყესა და ჭაობში გაიფანტა. მტერმა 1500 კაცი დაკარგა, 280-მდე ტყვედ ჩავარდა. ამის შემდეგ გარნიზონი იძულებული გახდა დაეტოვებინა ციხე, რომელსაც 15 ნოემბერს რუს-ქართველთა ჯარი დაეუფლა, მაგრამ 1812 ბუქარესტის ზავით რუსეთი იძულებული გახდა ციხე ისევ თურქებისათვის დაეთმო.

ნიგოითის ბრძოლა 1854, (შუხუთფერდის ბრძოლა) ბრძოლა რუს-ქართველთა და თურქეთის ჯარებს შორის ყირიმის ომის (1853-1856) დროს. 1854 თურქებმა ფართო ფრონტით დაიწყეს შეტევა ბათუმიდან, ანაკლიიდან და სოხუმიდან. თურქთა ბათუმის კორპუსს, რომელსაც სელიმ-ფაშა მეთაურობდა, ოზურგეთ-ქუთაისის გავლით თბილისის მიმართულებით უნდა ემოქმედა. სოფ. ნიგოითთან ქუთაისისაკენ მიმავალ გზას იცავდა პოლკოვნიკი ნ. ერისთავი 2 ბატალიონითა და 4 ქვემეხით. მტრის 12-ათასიანმა რაზმმა გადაკვეთა მდინარე ჩოლოქი სოფელ შეკვეთილთან, ბრძოლით გადაკვეთა აკეთი, მამათი და შეუტია თავად მაჭუტაძეების სასახლეს ნიგოითში. თურქებთან იყო რენეგატი ჰასან-ბეგი თავდგირიძე. 27 მაისს ნ. ერისთავი მოულოდნელად თავს დაესხა მტერს და ხელჩართული ბრძოლა გაუმართა. თურქებმა რიცხობრივი უპირატესობა ვერ გამოიყენეს და უკუიქცნენ. რუსთა რეგულარულმა ჯარმა და ქართველთა მილიციამ მტერს მძიმე მარცხი მიაყენა. ჰასან-ბეგი ბრძოლის ველზე დაეცა. ბრძოლა და ჰასან-ბეგ თავდგირიძის სიკვდილი ასახულია ხალხურ სიმღერაში ”ხასანბეგურა”. თურქებმა მოკლულთა და დაჭრილთა სახით 3 ათასი მებრძოლი დაკარგეს, ერისთავის რაზმმა - 600.

ნიგოეთის ბრძოლამ საშუალება მისცა გენერალ ი. ანდრონიკაშვილს ოზურგეთისკენ დაძრულიყო. მტერმა ქალაქი მიატოვა და მდ. ჩოლოქის მარცხენა მხარეს დაბანაკდა (ჩოლოქის ბრძოლა 1854).
Ani | Dokubaiazet
Tel.: (+995 32) 30 22 40
Cell.: (+995 99) 30 22 40
info@tao-klarjeti.ge
Created by George Chaganava