|
აშოტ I “დიდი”, კურაპალატი
VIII ს. II ნახ. _ 826 წ. ბაგრატიონთა დინასტიის წარმომადგენელი, ტაო-კლარჯეთის სამთავროს დამაარსებელი.
აშოტ I ტაო-კლარჯეთის ტაო-კლარჯეთის სამთავროს, იმავე “ქართველთა საკურაპალატოს” ფუძემდებელია. ამ სამთავრომ შემდგომ, აშოტ კურაპალატის მემკვიდრეთა მეთაურობით, უდიდესი როლი შეასრულა ქართული მიწა-წყლის გაერთიანებაში და ქრისტიანული კულტურის ეროვნულ ჩარჩოებში განვითარებისათვის.
დინასტიურად აშოტი ბაგრატიონთა კლარჯულ შტოს ეკუთვნოდა. ამ საგვარეულოს წარმომადგენლები ქართლის სამეფოს პოლიტიკურ ცხოვრებაში უპირველეს პოზიციებს იკავებენ VI საუკუნის 70-იანი წლებიდან (ზოგიერთი მოსაზრებით, VI საუკუნის შუა ხანებში), როდესაც ირანის მიერ მეფობის გაუქმების შემდეგ, ქართლში ისევ აღსდგება ადგილობრივი ხელისუფლება ერისმთავრის ინსტიტუტის სახით. ქართლის ერისმთავართა ტახტზე სულ ცოტა, სამი თაობის ცვლის შემდეგ, (გუარამ I დიდიი> _ სტეფანოზ Iი> _ ადარნასე Iი>,) ერისმათავრობას ისევ ფარნავაზიანთა სახლი იბრუნებს. VIII საუკუნის ბოლოს უპირატესობა კვლავ ბაგრატიონთა სახლის ხელში ჩანს, რასაც ადასტურებს აშოტის ქართლის ერისმთავრობა. საკუთრივ აშოტის კუთვნილება გუარამ კურაპალატის შთამომავლებისადმი კარგა ხანს საეჭვოდ იყო მიჩნეული, თუმცა ამას პირდაპირ მიუთითებს სუმბატ დავითის ძის საგვარეულო ქრონკა. როგორც ქართველი ასევე უცხოელი კავკასიოლოგები, XIII საუკუნის სომეხი მემატიანის, ვარდანის ცნობაზე დაყრდნობით, იზიარებდნენ თვალსაზრისს, რომ აშოტი იყო ძე VIII საუკუნის II ნახევარში სომხეთიდან არაბთა მიერ გამოდევნილი ადარნასე ბაგრატუნისა. უკანასკნელ ხანს სინას მთაზე ახლად მიკვლეულმა ქართული ხელნაწერის მინაწერებმა დოკუმენტურად დაადასტურა აშოტის უშუალო წინაპრების წარმომავლობა კლარჯულ შტოდან. სწორედ ამ შტოს წარმომადგენლებმა VI-VIII საუკუნეების განმავლობაში ვახტანგ გორგასლის შთამომავლებთან არაერთგზისი ქორწინებითი კავშირების შედეგად ძველი სამეფო დინასტიის მემკვიდრეობა და, როცა შესაბამისი პოლიტიკური პირობები გაჩნდა, “ქართველთა მეფის” ტიტული მიიღეს.
იმ დროისათვის, როდესაც აშოტი ტაო-კლარჯეთში დამკვიდრდა, უკვე არსებობდა ბაგრატიონთა სამეფო პრეტენზიების იდეოლოგიური საფუძველი _ ძველი აღთქმისეული დავით წინასწარმეტყველიდან ბაგრატიონთა მომდინარეობის პოლიტიკური მითი, რომელსაც კარგად იცნობენ “მატიანე ქართლისაÁს” ავტორი, გიორგი მერჩულე და სუმბატ დავითის ძე.
VIII საუკუნის მიწურულს და IX საუკუნის დასაწყისში აშოტი ქართლის ერისმთავარია და არაბი ამირას, ალი შუაბის ძის სამსახურში იმყოფება, მაგრამ არაბთა ხელისუფლებასთან აშოტის თანამშრომლობა არ გამოდგა ხანგრძლივი. ქართლის ერისმთავარი ქართლის ცენტრალურ ნაწილებზე ცდილობს თავისი ხელისუფლების გავრცელებას, რის გამოც არაბი ამირას “წყრომას” იმსახურებს. IX საუკუნის დასაწყისში იგი იძულებული გახდა ქართლი დაეტოვებინა და დაბრუნებულიყო კლარჯეთში, თავის სამკვიდრო მამულში. აქ იგი “ნებითა ბერძენთა მეფისა” კურაპალატობას იღებს და სამთავროს ტერიტორიის შემომტკიცებას იწყებს.
აშოტის აქ ჩასვლის დროისათვის ტაო-კლარჯეთის მხარე მურვან ყრუს შემოსევისაგან გავერანებული იყო, მოსახლეობა შეთხელებული ქალაქებსა და სოფლებში. აშოტმა რეზიდენციად არტანუჯი აიჩია, აქ აღადგინა ციხე და მის “ქუეშეთ” ქალაქი ააშენა. აქვე ააგო კარის ეკლესია და გაიჩინა სამარხი. აშოტისა და მისი მემკვიდრების დროს არტანუჯი კავკასიასა და ახლო აღმოსავლეთში ძლიერ და სახელგანთქმულ ქალაქად იქცა. აქ გადიოდა სავაჭრო გზა საქართველოდან ბიზანტიაში: სამშვილდე-ფარავანი, ახალქალაქი-არტაანი-არტანუჯი-ტრაპეზუნტი. კონსტანტინე პორფიროგენეტის ცნობით, “იქ მიდის საქონელი ტრაპეზუნტისა, იბერიისა, აფხაზეთისა, არმენიის და სირიის ყველა ქვეყნიდან; და ამ საქონლიდან მას უამრავი ბაჟი შემოსდის. არტანუჯის მიწა-წყალი დიდი და ნაყოფიერია და წარმოადგენს იბერიის, აფხაზეთის და მესხთა ქვეყნის გასაღებს.”
ბიზანტიის მფარველობით, აშოტი “გახელმწიფდა” მთელ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოზე. ამიერიდან ქართული სამეფო-სამთავროების პოლიტიკური ცხოვრებაში ტაო-კლარჯეთი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებდა. ტაო-კლარჯეთის პოლიტიკურ გაძლიერებას და ეკონომიკურ აღმავლობას თან სდევდა საეკლესიო ცხოვრების აღორძინება ბერმონაზვნური მოძრაობის სახით, რომელსაც სათავეში აშოტის უფროსი თანამედროვე, გრიგოლ ხანძთელი ედგა. ამ ორი დიდი მოღვაწის თანამშრომლობით ტაო-კლარჯეთში არაერთი მონასტერი და ეკლესია აშენდა, რომლებიც მთელი საქართველოდან იზიდავდნენ სულიერი ცხოვრების გზაზე შემდგართ და მალე ქართული მწიგნობრობისა და განათლების განთქმულ კერებად გადაიქცნენ.
VIII საუკუნიდან მოყოლებული, ვიდრე ბაგრატ III-მდე საქართველოს ტერიტორია ოთხ მფლობელს ეჭირა: თბილისი, მისი მიდამოებით და ქართლის სამხრეთი ნაწილი, დღევანდელი ქვემო ქართლი, არაბი ამირას კუთვნილება იყო. საქართველოს აღმოსავლეთი ნაწილი კახთა მთავარს ეპყრა, დასავლეთი საქართველოს ჩრდილოეთი მხარე აფხაზთა მეფეს ეკუთვნოდა, სამხრეთი კი, IX საუკუნის დასაწყისიდან, აშოტ კურაპალატსა და მის შთამომავლებს. სამთავროთა ურთიერბრძოლის სამიზნე შიდა ქართლი იყო.
IX საუკუნის დასაწყისში კახეთის მთავარმა გრიგოლმა ქართლის ერთი ნაწილი, ქსნის ხეობა და მის დასავლეთით მდებარე დანარჩენი შიდა ქართლი დაიპყრო. გრიგოლის საბრძანებლის ასეთი გაფართოება ეწინააღმდეგებოდა აშოტ კურაპალატის და მისი მაშინდელი მოკავშირის, აფხაზთა მეფის თეოდოსის (791-818 წწ.) ინტერესებს. “მატიანე ქართლისაის” ცნობით “გამოილაშქრა აშოტ კურაპალატმა და უშველა თეოდოსი აფხაზთა მეფემან, ძემან მეორის ლეონისამან, რომელი იგი იყო სიძე აშოტ კურაპალატისა... გრიგოლს უშველეს მთიულთა და წანართა და ამირამან ტფილისისამან.... შეიბნეს ქსანსა ზედა აშოტ და გრიგოლ, გააქციეს მთავარი კახეთისა და დააყრევინეს ქუეყანა, რომელი ჰქონდა ქართლისაგან და დაიპყრა აშოტ კლარჯეთითგან ვიდრე ქსანამდის”. (აშოტ კურაპალატის მემკვიდრეებს შიდა ქართლი არაბებმა წაართვეს).
826 წლის დასაწყისში, როდესაც აშოტი არაბთა წინააღმდეგ ერთ-ერთი ბრძოლისათვის ემზადებოდა, იგი ვერაგულად მოკლეს (“მატიანე ქართლისაÁს” მიხედვით, გარდაბანს, სუმბატ დავითის ძის მიხედვით,ნიგალის ხევში).
მოკლული კურაპალატის მცირეწლოვანი შვილები სარკინოზებმა იმდენად შეავიწროვეს, რომ არა თუ ქართლი წაართვეს, შავშეთ-კლარჯეთიც დაისაკუთრეს. საბოლოოდ აშოტის სამივე შვილს იმდენად შეუმცირდა სამფლობელო, რომ მათ “ხოლო არტანუჯით გამოღმართ დაიპყრეს... ნაქონები იგი მამისა მათისა”. როცა აშოტის შვილები წამოიზარდნენ, ბიზანტიის კეისარმა შუათანა ძმას ბაგრატს კურაპალატობა უწყალობა. ხოლო “ძმანი მისნი ყოველნი და დიდებულნი Âელმწიფენი ადარნასე უხუცÀსი, და გუარამ მრწემი, მშუვალესა მას ძმისა მორჩილ ექმნეს საღმრთოÁსა ძმობისა სიყუარულითა” (“გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება”), შემდეგში კი მათ თანდათანობით დაიბრუნეს მამის სამფლობელო.
აშოტ ბაგრატიონმა საკმაოდ ძლიერი და ვრცელი სამთავრო შექმნა. მას დიდად აფასებდნენ მისი მემკვიდრეები და ანგარიშს უწევდნენ მისი თანამედროვე თუ უცხოელი სახელმწიფო მოღვაწეები.
გიორგი მერჩულეს “გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში” საყურადღებო ცნობებია შემონახული აშოტ კურაპალატის აღმშენებლობითი საქმიანობის, ოჯახის, თვით ინტიმური ცხოვრების შესახებ.
აშოტის შთამომავლებს შორის სამთავრო ორ უმთავრეს შტოს შორის განაწილდა: “კლარჯნი ხელმწიფენი” და და “ტაოელნი მეფენი”. IX საუკუნის დასასრულს ეს უკანასკნელნიი აცოცხლებენ, როგორც ჩანს, ქართლის მეფეთა ძველი ტიტულატურას _ “ქართველთაი მეფე”.
დავით კურაპალატი - X ს. მეორე ნახევარი, სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს (ტაო) მეფე
დავით III კურაპალატი, ადარნასე III-ის ძე, ბაგრატიონთა ტაოს შტოს წარმომადგენელი, ცხოვრობდა და მოღვაწეობდა X საუკუნეში (გარდაიცვალა 1001 წელს).
ქართულ და უცხოენოვან (სომხური, ბიზანტიური, არაბული) წერილობით წყაროებში დავით კურაპალატი იხსენიება ერისთავთა-ერისთავად და მაგისტროსად (ოშკის საქტიტორო წარწერა), კურაპალატად (978 წლიდან), “ყოვლისა აღმოსავლეთისა კურაპალატად” (ოშკში გადაწერილი ხელნაწერი “სამოთხე”). X-XII სს. სომეხი ისტორიკოსები (სტეფანოს ტარონეცი, არისტარკეს ლასტტივერტეცი, მათეოს ურჰაეცი) მას ძირითადად “დიდ კურაპალატად~, `ტაოელთა კურაპალატად~ და `ქართველთა კურაპალატად~ მოიხსენიებენ. 994-1001 წლებში იგი “ქართველთა მეფის ტიტულს ატარებდა.
საქართველოს სხვა ქართულ სამეფო-სამთავროთა შორის ტაოს სამეფოს განსაკუთრებული მდგომარეობა ეკავა. იგი ორად იყო გაყოფილი. ამიერ-ტაო ბაგრატ ქართველთა მეფეს ეკუთვნოდა, ხოლო იმიერ-ტაოს ჩრდილო ბასიანით, თორთომითა და სპერით X საუკუნის 60-იანი წლებიდან დავით კურაპალატი განაგებდა. სამხრეთ-დასავლეთიდან ტაოს სამეფოს უშუალოდ ბიზანტიის იმპერიის სამფლობელოები ემიჯნებოდა, საზღვარი მდინარე არაქსზე გადიოდა, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთიდან თურქული მოსახლეობით დასახლებული სომხეთის მიწები ესაზღვრებოდა.
მართალია, დავით კურაპალატს მხოლოდ იმიერტაო ეკუთვნოდა, მაგრამ ფაქტიურად იგი მთელი სამხრეთ საქართველოს ბატონ-პატრონი იყო. მან საკმაოდ გააფართოვა თავისი სამფლობელოს საზღვრები ტაო-კლარჯეთის სამხრეთით მდებარე იმ მიწების ხარჯზე, რომლებიც ადრე არაბებს ჰქონდათ დაპყრობილი. ბიზანტია იძულებული იყო ეს მიწები ქართველთა სამფლობელოდ ეცნო. ვარაუდობენ, რომ ამ მოვლენასთანაა დაკავშირებული დავითის ტიტულატურაში “ყოვლისა აღმოსავლეთისა კურაპალატის” გაჩენა.
X ს. შუა ხანებიდან ბიზანტიამ გარკვეულ წარმატებებს მიაღწია არაბთა წინააღმდეგ ბრძოლაში, მაგრამ X საუკუნის 70-იან წლებში შიდა დაპირისპირებებმა იმდენად დაასუსტა იმპერია, რომ ხელისუფლება იძულებული გახდა დახმარებისათვის დავით კურაპალატისათვის მიემართა. საქმე ეხება ბარდა სკლიაროსის აჯანყებას, რომელმაც ბიზანტიის აღმოსავლური პროვინციები მთლიანად მოიცვა. სკლიაროსმა დაიკავა ბიზანტიის აღმოსავლეთის ყველა სტრატეგიული პუნქტი, გადაკეტა კონსტანტინოპოლთან მიმავალი საზღვაო გზები. სკლიაროსი საფრთხეს უქმნიდა დავით კურაპალატის სამფლობელოს სამხრეთ საზღვრებს.
სტეფანოს ტორონეცი თავის `მსოფლიო ისტორია~-ში საკმაოდ ვრცლად აღწერს ბარდა სკლიაროსის აჯანყებას 979 წ. მისი გადმოცემით, ბერძენთა კეისარმა ბასილიმ გამოიძახა ქართველი ბერი იოანე-თორნიკე და წარგზავნა ტაოელთა კურაპალატთან დავითთან, რომელსაც აღუთქვა კარინის ოლქის, სამხრეთ ბასიანის, ჩორმაირის თემის, მარდაღში პატარა ციხე სევუკის, ჰაქსის და აპაჰუნიქის გადაცემა (ქართული წყაროებით “ზემონი ქუეყანანი”), თუკი მას დავითი ჯარს გაუგზავნიდა დასახმარებლად. ამ პროვინციების ბოძებას ბიზანტია დავითს შეჰპირდა არა სამუდამოდ, არამედ მხოლოდ მისი სიცოცხლის განმავლობაში “თავისა სიცოცხლესა ჰქონდიან”.
ბიზანტიის მოწოდება სრულიად ეთანხმებოდა ტაოს მეფის ინტერესებს. დავითკურაპალატმა ბიზანტიელებს დასახმარებლად გაუგზავნა 12000 მეომარი იოანე-თორნიკეს სარდლობით და ბრწყინვალე გამარჯვებაც მოიპოვა. ბიზანტიის ხელისუფლებამ პირობა შეასრულა და დავით კურაპალატს დაპირებული მიწები გადასცა.
მაგრამ ბარდა სკლიაროსის დამარცხებიდან ექვსი წლის შემდეგ დავით კურაპალატს უკვე ვეღარ ვხედავთ ბიზანტიელთა მოკავშირედ. ვარაუდობენ, რომ დავითს ბიზანტიისაგან დროებით მიღებული მიწების ტაოს სამეფოსათვის შემოერთება სურდა და ამიტომაც მიემხრო ბარდა ფოკას, ფოკას რომელიც 987 წელს იმპერატორს აუჯანყდა. როგორც იაჰია ანტიოქიელი გადმოგვცემს, დავით კურაპალატმა მონაწილეობა მიიღო ბიზანტიის საიმპერიო ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართულ ბარდა ფოკას აჯანყებაში. დავითს ფოკასთან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა და ეტყობა, მისგან “ზემო ქვეყნების” მიღების პირობაც მიიღო. ფოკას აჯანყება დამარცხდა. ბასილი II-ს, რომელმაც, იაჰია ანტიოქიელის ცნობით, დავითის სიკვდილით დასჯაც მოინდომა, მაგრამ დავითმა პატიება ითხოვა.
დავით კურაპალატი თანამედროვეთა თვალში მნიშვნელოვან ძალად ითვლებოდა, რომელიც მეზობელ სამეფო-სამთავროების შინაური საქმეების მოწესრიგებაშიც იღებდა აქტიურ მონაწილეობას. იგი ბრძოლას აწარმოებდა მაჰმადიან მფლობელთაგან ქართული და სომხური მიწების გასათავისუფლებლად. მასთან ერთად იბრძოდნენ ქართველთა მეფე ბაგრატ III, სომეხთა მეფეები _ ვანანდის მეფე აბასი, ანისის მეფე გაგიკ I. 990 წელს დავით კურაპალატმა აიღო მანაზკერტი, ხლათს კი ალყა შემოარტყა. მან დაამარცხა მაჰმადიანთა კოალიციური ლაშქარი და მათგან გათავისუფლებულ მიწა-წყალზე ქართველები და სომხები დაასახლა.
მართალია, დავით კურაპალატი ატარებდა ბიზანტიის საკარისკაცო ტიტულებს და ნომინალურად დამოკიდებული იყო ბიზანტიაზე, მაგრამ ყოველ თავის მოქმედებაში, უპირველეს ყოვლისა, ხელმძღვანელობდა საკუთარი ქვეყნის ინტერესებით და არა ბიზანტიის იმპერიის საჭიროებებით.
ბასილი კეისართან ადრინდელი, შედარებით კეთილგანწყობილების შეცვლამ მტრული დამოკიდებულებით გარკვეული როლი ითამაშა დავით კურაპალატის სიცოცხლის უკანასკნელ პერიოდზე და მის აღსასრულზედაც. ბასილი კეისარმა აიძულა დავით კურაპალატი ანდერძით დაედასტურებინა თავისი სიკვდილის შემდეგ“ზემო ქვეყნების” ბიზანტიისათვის დაბრუნების პირობა. ეტოვებინა. ქართულ წყაროებში ძალიან მოკლედ არის აღნიშნული დავითის გარდაცვალების ამბავი და არაფერია თქმული მისი აღსასრულის გარემოებათა შესახებ. ქართული წყაროებისაგან განსხვავებით, სომხურ საისტორიო წყაროებში (სტეფანოს ტარონეცი, ლასტივერტეცი, მათეოს ურჰაეცი, სუმბატ სპარაპეტი) მითითებულია, რომ დავით კურაპალატი ბუნებრივი სიკვდილით კი არ მომკვდარა, არამედ იგი ფარულად მოკლეს. სომხურ საისტორიო წყაროთაგან დავითის დაღუპვის შესახებ პირველად მიუთითა არისტაკეს ლასტივერტეციმ, რომელმაც აღნიშნა, რომ დავითი კი არ მომკვდარა, არამედ მოახრჩვეს. არისტაკესის ცნობით, რუსებთან ბერძნებისა და ტაოელ აზნაურთა შეტაკების დროს `იმავე ადგილას აზნაურთანგან ფრიად საპატიო ოცდაათი კაცი დაიღუპა. ეს მათ ტყუილუბრალოდ არ შემთხვევიათ, რადგანაც მათ დიდ ხუთშაბათს სასიკვდილო წამალი შეურიეს საიდუმლო მსხვერპლს, შეასვეს მას და მით მოახრჩვეს ნეტარი არსება. ასე განაშორეს იგი სიცოცხლეს. მათ მობეზრდათ მისი არსებობა (ყოველივე ეს გააკეთეს) იმ დაპირებებისათვის, რომელსაც მეფისაგან მოელოდნენ. ამისათვის ღმერთმა სამართლიანად მოუზღო (აზნაურებს) მათი საქმეების შესაფერისად~. უფრო ვრცელი ვარიანტი დავით კურაპალატის მკვლელობის ამბისა XII საუკუნის სომეხ ისტორიკოსის მათეოს ურჰაეცის აქვს დაცული თავის `ჟამთააღმწერლობაში”. მას ამ საქმის შემსრულებელიც კი ჰყავს დასახელებული _ ეპისკოპოსი ილარიონი, რომელმაც მძინარე დავითი, მისსავე ოთახში ბალიშით მოახრჩო.
დავით კურაპალატის მოკვლის ბუნდოვანებით მოცული ისტორიის გასარკვევად აუცილებელია ბიზანტიასთან საქართველოს ურთიერთობის პირობებში ტაოს აზნაურთა ორიენტაციის გათვალისწინება, რადგანაც, სომხური წყაროების თანახმად, დავითი სწორედ მათ მიერ ჩადენილი ბოროტმოქმედების მსხვერპლი შეიქნა. როგორც ცნობილია, X-XI საუკუნეებში არაერთი ქართველი დიდებული, ბიზანტიის ხელისუფალთაგან მოსყიდულ-გადაბირებული, ბიზანტიის მხარეს იჭერდა და ამით უადვილებდა აგრესორს ქართული მიწა-წყლის დაპყრობას. სწორედ ანალოგიურ შემთხვევასთან უნდა გვქონდეს საქმე დავით კურაპალატის მკვლელობისას. არისტაკეს ლასტივერტეცისთან პირდაპირაა მითითებული: `მათ მობეზრდათ მისი არსებობა. (ყოველივე) ეს გააკეთეს იმ დაპირებებისათვის, რომელსაც მეფისაგან მოელოდნენ”. საფიქრებელია, სწორედ ამ დაპირებებით გაბრიყვებულმა ტაოს აზნაურთა გარკვეულმა ჯგუფმა შეუვალობისა თუ პრივილეგიური მდგომარეობის მოპოვების იმედით, ბიზანტიის ინტერესების დაცვისათვის საკუთარი მეფის მოკვლაშიც კი მიიღო მონაწილეობა.
აქვე გასათვალისწინებელია ისიც, რომ იმიერტაოს ხელისუფლის განკარგულებაში გადმოსულ ოლქებსა და ქალაქებს, რომლებიც მნიშვნელოვან სავაჭრო გზებზე მდებარეობდნენ, ხელი შეუწყვეს სახელმწიფო სალაროს შემოსავლის გაზრდას. ამან კი თავის მხრივ განაპირობა იმიერ-ტაოს ეკონომიკური მომძლავრება და საქალაქო ცხოვრების განვითარება. ბიზანტიის მმართველ წრეებს მიზნად ჰქონდათ დასახული ამ დროისათვის დასუსტებული სომხეთის სამეფო-სამთავროების დაპყრობა. თავის მხრივ, დავითმა ანის-შირაკის გამგებელს დაათმობინა მნიშვნელოვანი შატიკის ციხე-სიმაგრე, რომელიც თავის ვასალს, ყარს-ვანანდის მეფეს, გადასცა. ისიც აღსანიშნავია, რომ თითქმის მთელი სომხეთის მეფე-მთავრებზე დავით კურაპალატის ძალა და გავლენა იყო გავრცელებული. რა თქა უნდა, ბიზანტია ასე ადვილად ვერ შეეგუებოდა დავითის სწრაფვას ამიერკავკასიაში გავლენის გაზრდისაკენ. ბასილი კეისარმა ისიც კარგად იცოდა, რომ დავით კურაპალატი მისი ერთგული ვასალი არასოდეს არ იქნებოდა, ამიტომ მან მხარი დაუჭირა და წააქეზა ბოროტმოქმედებისაკენ თვით ტაოს ტერიტორიაზე შექმნილი დაჯგუფება აზნაურებისა, რომლებიც თავიანთი სეპარატისტული მისწრაფებებით დაუპირისპირდნენ ტაოს სამეფო ხელისუფლებას.
ბიზანტიის კეისარი შესაფერის მომენტს ეძებდა მის მიერ დავით კურაპალატისათვის ბოძებული მიწა-წყლის კვლავ უკან დასაბრუნებლად. ამის განხორციელებას კი იგი დავითის სიკვდილის შემდეგ თუ შესძლებდა. ზემოთ დსასახელებულ გარემოებათა გათვალისწინების შემდეგ, ვფიქრობთ, სინამდვილისაგან არც თუ ისე შორს უნდა იყოს სომეხ ისტორიკოსთა ცნობები დავით კურაპალატის მოკვლის შესახებ.
როგორც ცნობილია, დავით კურაპალატის ცხოვრება-მოღვაწეობის ბოლო პერიოდში, X საუკუნის 70-იან წლებში, ქართველი ერი ისეთი მნიშვნელოვანი ისტორიული აქტის განხორციელების წინაშე დადგა, როგორიცაა საქართველოს პოლიტიკური გაერთიანება. ეს აქტი შემზადებული იყო ქართული სამეფო-სამტავროების პოლიტიკურ-ეკონომიკური თუ სოციალურ-კულტურული განვითარებით. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ერთიანი ქართული ფეოდალური სახელმწიფოს ჩამოყალიბება დაკავშირებული იყო X საუკუნის II ნახევარსა და XI საუკუნის დასაწყისში ამიერკავკასიასა და მახლობელ აღმოსავლეთში შექმნილ საგარეო-პოლიტიკურ ვითარებასთან.
ამ მნიშვნელოვანი აქტის განხორციელების იდეური ხელმძღვანელი ქართლის ერისთავი იოანე მარუშისძეი> იყო. მან სავსებით სწორად განჭვრიტა აღნიშნული პერიოდისათვის შიდა ქართლისათვის ბრძოლის გამძაფრების საშიშროება, ქართველ მეფე-მთავართა შორის გამოარჩია ყველაზე გავლენიანი, ძლიერი მოღვაწე დავით კურაპალატი და შესთავაზა ან თვითონ დაუფლებოდა ქართლს, ან, როგორც `მატიანე ქართლისაი გვაუწყებს, `უბოძოს ბაგრატს, ძესა გურგენისსა, ასულის წულსა გიორგი აფხაზთა მეფისასა, რომელსა ეყოფოდა დედულად აფხაზეთი და ქართლი...” დავით კურაპალატის ჩარევამ ქართლში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში თავისი შვილობილის, ბაგრატ III-ის სასარგებლოდ, საბოლოოდ გადაწყვიტა ფეოდალური საქართველოს გაერთიანების პრობლემა. დავითმა შემოიკრიბნა აზნაურნი და უბრძანა: `ესე არს მკვიდრი ტაოსი, ქართლისა და აფხაზეთისა, შვილი და გაზრდილი ჩემი და მე ვარ მოურავი ამისი და თანაშემწე, ამას დაემორჩილენით ყოველნი (მატიანე ქართლისაი). დავით კურაპალატმა უდიდესი როლი შეასრულა ფეოდალური საქართველოს პოლიტიკურ გაერთიანებაში.
განსაკუთრებით საყურადღებოა დავით კურაპალატის აღმშენებლობა და კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობა. მისი აგებულია ტაოს დიდებული ტაძრები: ოშკი და ოთხთა ეკლესია, რომლებიც განთქმულ სასწავლო საგანმანათლებლო ცენტრებს წარმოადგენდნენ. დავით კურაპალატს გამუდმებული ურთიერთობა ჰქონდა ათონზე მოღვაწე ქართველ მამებთან. როგორც ცნობილია, ეფთვიმე ათონელმა ქართულად თარგმნილი `მრავალნი წიგნნი წარცნეს წინაშე დავით კურაპალატისა, და დავით კურაპალატი ზედაისზედა მოუწერნ, რაითა თარგმნიდეს და წარსცმიდეს. დავითმა თავადაც გააგზავნა ათონზე ერთი მწიგნობარი, მამა იორდანე, ხელნაწერების გადასაწერად.
დავით კურაპალატის დროს კვლავ აღდგა ქართული მონეტის გამოშვება (წარწერით: `ქე, შეიწყალე დავით კურაპალატი), რომელიც არაბთა ბატონობის დროს დროებით შეწყვეტილი იყო.
დავით III კურაპალატმა თავისი სახელმწიფოებრივ-პოლიტიკური და საგანმანათლებლო-კულტურული მოღვაწეობით გამორჩეული ადგილი დაიმკვიდრა საქართველოს ისტორიაში.
შენიშვნა: დავით კურაპალატის ქართული წარმომავლობა და ტაოს მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობა საკამათოდ არის ქცეული სომხურ ისტორიოგრაფიაში. `სომხური ენციკლოპედიის III ტომში დავით კურაპალატისადმი მიძღვნილ სტატიაში იგი იწოდება ტაოსა და კლარჯეთის ბაგრატუნ მთავრად. იმავე სომხური ენციკლოპედიის XI ტომში `ტაოს საკურაპალატო სომხურ მხარედ არის წარმოდგენილი, ხოლო დავითი ბაგრატუნთა დროის კურაპალატად. სულ ახლახანს მოსკოვში გამოცემულ “Православная энциклопедия” III ტომში სტატიაში “Армения – искусство армян халкидонитов” ტაოს ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლები ბაგრატუნთა ეპოქაში დავით კურაპალატ ბაგრატუნის გამგებლობის დროს შექმნილ სომხურ ხუროთმოძღვრულ ძეგლებად არის გამოცხადებული. ყოველგვარი საბუთიანობის გარეშე სომეხ მკვლევარებს სურთ ამტკიცონ, რომ ტაოს ხუროთმოძღვრული ძეგლები შექმნილია სომეხ ქალკედონელთა მიერ.
ჯერ კიდევ 1947 წელს აკად. სიმონ ჯანაშიამ ამხილა რუსი ავტორის ნ. ტოკარსკის ნაშრომის “Архитектура древней Армении” მიზანი _ მთელი სამხრეთ საქართველო, მოსახლეობის ეთნიკური შედგენილობით, კონფესიონალობითა და კულტურით უცხო ეროვნულ, კერძოდ, სომხურ სამყაროდ წარმოაჩინოს ყოველგვარი ფაქტების, მოსაზრებებისა და წერილობითი წყაროების მონაცემთა გაუთვალისწინებლად.
ბაგრატ III -ერთიანი საქართველოს მეფე 975-1014 წლებში
ბაგრატ III ბაგრატიონი, ერთიანი საქართველოს მეფე, შუასაუკუნოვანი საქართველოს ერთ-ერთი განთქმული პოლიტიკური მოღვაწე, გურგენ მეფეთ-მეფისა და გურანდუხტ დედოფლის შვილი, ტაოს მეფის დავით III კურაპალატის შვილობილი და აღზრდილი, ერთიანი ფეოდალური ქართული სახელმწიფოს პირველი მეფე გახდა.
ბაგრატ III-ს განსაკუთრებით მძიმე საგარეო და საშინაო პირობებში მოუხდა ცხოვრება და მოღვაწეობა. ბაგრატის დროს დასრულდა ხანგრძლივი ბრძოლა ერთიანი ქართული ფეოდალური სახელმწიფოს შექმნისათვის.
როგორც ცნობილია, ფეოდალური საქართველოს გაერთიანებისა საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცესი იყო, რომელიც VIII საუკუნის ბოლოს დაიწყო. პირველობისათვის ბრძოლაში დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა პოლიტიკურად და სტრატეგიულად, ასევე გეოგრაფიული მდებარეობით საყურადღებო რეგიონს, შიდა ქართლს, რომელსაც X საუკუნის დასაწყისიდან “აფხაზთა” მეფეები ფლობდნენ.
X საუკუნის 70-იან წლებიდან გახშირდა შინაფეოდალური ბრძოლები, რომლებმაც უფრო მეტად დაასუსტეს ქვეყანა. დაძაბულობამ განსაკუთრებით მძიმე ხასიათი მიიღო თეოდოს III უსინათლოს მეფობის პერიოდში (975-978 წწ.). ამით ისარგებლეს კახეთის პოლიტიკურმა ძალებმა, რომლებმაც ბრძოლა დაიწყეს ქართლისათვის. სწორედ ამ დროს საქართველოს გაერთიანებით დაინტერესებულმა მოღვაწეებმა, რომელთა მოთავე იყო ქართლის ერისთავი იოანე მარუშისძე, ყურადღება შეაჩერეს მცირეწლოვან ბაგრატ გურგენის ძის პიროვნებაზე, რადგან იგი მიიჩნიეს გაერთიანებული ქართული ფეოდალური სახელმწიფოს ხელმძღვანელის ყველაზე უფრო შესაფერის კანდიდატად; ბაგრატი სამი სამეფოს პირდაპირ მემკვიდრედ ითვლებოდა. იგი იყო “ქართველთა მეფის” ტიტულის მქონე ბაგრატ ბაგრატიონის შვილიშვილი და მეფეთა-მეფის გურგენის შვილი, ეგრის-აფხაზეთის უშვილო მეფის თეოდოსის დისწული და დავით III კურაპალატის შვილობილი და გაზრდილი.
975 წელს იოანე მარუშისძემ დავით III კურაპალატს შესთავაზა ან თვითონ შემოეერთებინა ქართლი, ან თავისი შვილობილი ბაგრატ გურგენის ძე დაესვა მის გამგებლად. დავით III კურაპალატმა ბაგრატის კანდიდატურას დაუჭირა მხარი და ქართლისაკენ გამოემართა, რომელიც კახელებმა ჩუმად მიატოვეს. დავით ტაოელმა ქართველთა მეფე გურგენი და მისი ძე ბაგრატი უფლისციხეში დატოვა, მაგრამ ბაგრატის არასრულწლოვანობის გამო მას თანაგამგებლად მამამისი გურგენი დაუნიშნა.
“მატიანე ქართლისაÁ”-ს ცნობით, დავით კურაპალატმა ქართლის აზნაურები გააფრთხილა: “ ბაგრატი არის მკვიდრი ტაოსი, ქართლისა და აფხაზეთისა, შვილი და გაზრდილი ჩემი და მე ვარ მოურავი ამისი და თანაშემწე. ამას დაემორჩილენით ყოველნი”.
დავით კურაპალატმა ბაგრატი ქართლისა და აფხაზეთის ტახტის მემკვიდრედ აღიარა. დავითის ტაოში გაბრუნებისთანავე, კახელები კვლავ შემოვიდნენ ქართლში, დაიპყრეს უფლისციხე, შეიპყრეს ბაგრატი, მამამისი გურგენი და დედა გურანდუხტი. მომხდარი ამბავი იოანე მარუშისძემ დავით კურაპალატს აცნობა, რომელიც დაუყონებლივ გამოემართა. კახელებმა დავითს მოციქული გაუგზავნეს, ტყვეები გაათავისუფლეს და უფლისციხეში დატოვეს. კახელები იძულებული შეიქნენ ქართლის ყველა დაპყრობილი ტერიტორია დაებრუნებინათ და წირქუალის ციხისა და გრუას გარდა.
უსინათლო თეოდოსის მეფობის პერიოდში ძალიან აირია მდგომარეობა დასავლეთ საქართველოში. იოანე მარუშისძემ გადაწყვიტა ბაგრატის გამეფება აფხაზეთის ტახტზე და მან კვლავ რჩევისათვის დავით კურაპალატს მიმართა, რომელიც თავს იკავებდა, რადგანაც თეოდოსის სიცოცხლეში ბაგრატის გამეფების წინააღმდეგი იყო. იოანე მარუშისძე კი ჩქარობდა ბაგრატის გამეფებას დასავლეთ საქართველოში, მითუმეტეს, რომ ამ დროისათვის იგი უკვე სრულასაკოვანი იყო. საბოლოოდ 978 წ. დასავლეთ საქართველოს დიდ აზნაურთა ნაწილის თხოვნით, იოანე მარუშისძის მოწადინებითა და დავით დიდი ტაოელის თანხმობით ბაგრატი ქუთაისის სამეფო ტახტს დაეუფლა. უსინათლო თეოდოსი კი დავით კურაპალატთან გააგზავნეს.
980 წლიდან ბაგრატ III დამოუკიდებლად შეუდგა ქართული ფეოდალური სამეფოს მართვას. იმავე წელს ბაგრატი დასავლეთ საქართველოდან ქართლში გადმოვიდა, რადგანაც აქ გურანდუხტ დედოფლის ხელისუფლება მხოლოდ ნომინალური იყო, სინამდვილეში კი ქართლს დიდი აზნაურები: ტბელები, ძამელები, ფავნელები, ფხვნელები, კორინთლები განაგებდნენ.
80-იანი წლების დასაწყისში ბაგრატ III-მ მოღრისთან ბრძოლაში დაამარცხა ქავთარ ტბელი, რომელიც შიდა ქართლის ერისთავობაზე აცხადებდა პრეტენზიას. მან დედისაგან ჩაიბარა უფლისციხე და ისევ დასავლეთ საქართველოში გადავიდა. ამიერიდან ბაგრატ III მტკიცედ დაიმკვიდრა თავისი ძალაუფლება დასავლეთ საქართველოსა და შიდა ქართლზე.
989 წელს ბაგრატ III კლდეკარის საერისთავოს ( თრიალეთი, მანგლისის ხევი, სკვირეთი ) გამგებელი რატი რატის ძე ბაღვაში დაიმორჩილა და მისი სამფლობელო თავის ერთგულ მოხელე-ერისთავს, ზვიად მარუშიანს გადასცა.
1001 წ, როდესაც დავით კურაპალატი გარდაიცვალა, ტაოს ბიზანტიის იმპერატორი ბასილი კეისარი (976-1025 წწ.) დაეპატრონა და იქ მისულ ბაგრატ III-სა და გურგენ მეფეს მემკვიდრეობის მიღების ნაცვლად ბიზანტიის გამგებელმა ტიტულები დაურიგა _ ბაგრატს კურაპალატობა, გურგენს კი მაგისტროსობა უბოძა.
ბიზანტიის საიმპერიო ხელისუფლებამ წართმეულ მიწა-წყალზე “იბერიის თემი” დააარსა და მმართველად თავისი მოხელე დანიშნა.
1008 წელს გურგენ მეფეთა-მეფის გარდაცვალების შემდეგ, ბაგრატს, როგორც მემკვიდრეს, გადაეცა ტაოს ჩრდილოეთი ნაწილი (ამიერ ტაო), კლარჯეთი, შავშეთი, სამცხე, ჯავახეთი. ამ დროიდან, ბაგრატ III “აფხაზთა და ქართველთა” მეფედ იწოდებოდა. ბაგრატმა კახეთის ქორეპისკოპოსს დავითს ქართლის მიტაცებული ციხეების მშვიდობიანად დათმობა მოსთხოვა, მაგრამ კახეთის გამგებელმა მას დაცინვით უარი შემოუთვალა. ბაგრატმა უკან არ დაიხია, მოკლე გზით ჯავახეთიდან კახეთში ჩავიდა, ბრძოლით შემოიერთა იგი, დაეუფლა ჰერეთს და იქ მთავარი აბულალი დანიშნა. ბაგრატის წასვლისთანავე ჰერეთი გადაუდგა ახალ გამგებელს და მიემხრო დავით ქორეპისკოპოსს. საბოლოოდ 1010 წელს ბაგრატ III შემოიერთა კახეთ-ჰერეთი.
თავისი მეფობის ბოლო წლებში ბაგრატ III-მ სომეხთა მეფე გამიკ I-თან ერთად გაილაშქრა რანის მფლობელ ფადლონის წინააღმდეგ, რომელიც ხშირად თავს ესხმოდა კახეთ-ჰერეთს. ბაგრატმა იგი აიძულა ყოველწლიურად გადაეხადა ხარკი და მონაწილეობა მიეღო საქართველოს მტრების წინააღმდეგ ბრძოლებში.
ქვეყნის მთლიანობისა და სამეფო ხელისუფლების განმტკიცებისათვის ბაგრატ III ზოგჯერ იძულებული იყო უკიდურესი ზომებისათვისაც მიემართა. მან თავისი ნათესავები, ბაგრატ არტანუჯელის ძენი, სუმბატი და გურგენი, კლარჯეთის ბაგრატიონთა შთამომავალნი ურჩობისათვის მკაცრად დასაჯა: ვითომ შერიგების მიზნით სადარბაზოდ ფანასკერტში მიიწვია, შეიპყრო და გამოკეტა თმოგვის ციხეში, სადაც ისინი გარდაიცვალნენ.
კლარჯეთის ბაგრატიონთა სხვა მემკვიდრეთაგან ბაგრატმა ნაწილი პატიმრობაში ამოხოცა, ნაწილი ბიზანტიაში გახიზნა. წინანდელი მემკვიდრეობითი მფლობელები ყველგან მეფის მოხელე ერისთავებით შესცვალა.
ერთიანი ფეოდალური საქართველოს დედაქალაქი ქუთაისი იყო. ასე ჩაუყარა ბაგრატ III საფუძველი საქართველოს ფეოდალურ მონარქიას. მის დროს აიგო ქართული არქიტექტურის დიდებული ძეგლები: ბედიის მონასტერი, ბაგრატის ტაძარი ქუთაისში, ნიკორწმინდა და სხვა.
ბაგრატ III გარდაიცვალა ტაოში, ფანასკერტის ციხე-სიმაგრეში 1014 წელს, დაკრძალულია ბედიაში.
გრიგოლ ბაკურიანის-ძე, დამაარსებელი და მაშენებელი პეტრიწონის მონასტრისა
გრიგოლ ბაკურიანის-ძე იყო ტაოელი, ძე ერისთავთ ერისთავის ბაკურიანისა. ბაკურიანსა და მის ძმას, ხვასროვანს, ტაოში დიდი მამულები ჰქონდათ და შესანიშნავი ოჯახების პატრონებიც იყვნენ; ბაკურიანს ჰყავდა ორი ვაჟი და რამდენიმე ასული, ხოლო ხვასროვანს - ერთი ვაჟი, ბიძის მოსახელე ბაკურიანი.
გავლენიანი და წარჩინებული დიდგვაროვნების ვაჟებს მემკვიდრეობად მხოლოდ მამის სახელი დარჩათ, რადგან ბაკურიანი ადრე გარდაიცვალა და დედამ ადგილ-მამული და ქონება უთავრესად თავის ქალიშვილებს მისცა მზითვად; ამის შესახებ გრიგოლ ბაკურიანის-ძე სინანულით მოგვითხრობს: „რამეთუ ნეტარი მამაი ჩუენი ვინაითგან ადრე მიიცვალა და ჩუენ მცირენი დაგვიტევნა და ჰასაკად ვერ მოწიფებულნი, ამისთვის ყოველი მონაგები და სახმარი მამისა ჩუენისა დედამან ჩუენმან დედობრივისა ჭირვეულობასა მიხედვითა სხუათა მათ შვილთა თვისთა დათა ჩუენთა ზითვად მისცა და ჩუენ შიშუელნი დაგვიტევნა ყოვლისაგან მამულისა და დედულისაგანცა სახმრისა. და დანი ჩუენნი ზითვითა მათითურთ წარვიდეს ქმართა მათთა და განიბნინეს სხუათა და სხუათა შინა სოფელსა და მუნ წარაგეს ყოველი“.
დაობლებულ გრიგოლსა და მის უმცროს ძმას აბაზს თავად მოუხდათ ცხოვრებაში გზის გაკვალვა. მრავალი გაჭირვება დაითმინეს და დიდი ნიჭის წყალობით ძლიერ დაწინაურდნენ ბიზანტიის სახელმწიფო სამსახურში, განსაკუთრებით გრიგოლი. თავდაპირველად იგი იყო ბიზანტიის აღმოსავლეთ პროვინციების ჯარების მხედართმთავარი; სხვადასხვა დროს მსახურობდა მშობლიურ საქართველოში, სომხეთში, სირიაში, განმგებლად იყო კარნუ ქალაქში (თეოდოსიოპოლში), ანისში, კარში. შემეგ დასავლეთში გადავიდა და გახდა ბიზანტიის იმპერიის დასავლეთის დიდი დომესტიკოსი, ანუ მთავარსარდალი. ამ დროს მისი რეზიდენცია იყო ადრიანოპოლში, ამასთანავე ფილიპოპოლის გარეუბანში ჰქონდა სასახლე და ადგილ-მამული. იმ დიდი ღვაწლისათვის, რომელიც გრიგოლსა და მის თანამემამულეთ მიუძღოდათ ბიზანტიის იმპერიის აღმოსავლეთი და დასავლეთი საზღვრების თავგანწირულ დაცვაში, იმპერატორებმა მას სხვა მხარეებშიც უბოძეს მამულები - ტაოში, ანისში, ეგეოსის ზღვის პირას მოსინოპოლში.
XI საუკუნეში ბიზანტია წარმოადგენდა უზარმაზარ იმპერიას, რომელიც სამხრეთ-დასავლეთით საქართველოს ესაზღვრებოდა, ქართველთა მიწა-წყლის ერთი ნაწილ - ტაო-კლარჯეთის კი უშუალოდ მის ფარგლებში შედიოდა. ბიზანტიის იმპერატორის მიხეილ VII დუკას (1071-1078) მეუღლე მარიამ-მართა საქართველოს მეფე ბაგრატ მეოთხის ასული იყო; მიხეილსა და მარიამს ჰყავდათ შვილი კონსტანტინე, რომელსაც ზრდიდა იმ დროის ერთ-ერთი ყველაზე განათლებული ადამიანი, ბერძენი ეპისკოპოსი თეოფილაქტე ოხრიდელი. ბუნებრივია, მაშინ ბიზანტიის სამეფო კარზე ქართველებიც მოღვაწეობდნენ, რომელთა შორის იყვნენ ტაოელი ერისთავთ ერისთავის, ბაკურიანის ვაჟებიც - გრიგოლი და აბაზი. 1078 წელს ნიკიფორე ბოტანიატმა ტახტიდან ჩამოაგდო მიხეილ მეფე. მარიამ დედოფალი იძულებით ცოლად გაჰყვა ახალ იმპერატორს. ხანშიშესულმა უშვილო ნიკიფორემ გადაწყვიტა, სამეფო კვერთხი გვერდითი შტოსათვის, სინადინების გვარისთვის გადაეცა. ამით უკმაყოფილო ალექსი კომნენოსმა, მომავალმა იმპერატორმა, მისმა უფროსმა ძმამ ისააკმა და მარიამ დედოფალმა შეკრეს კავშირი, რომელმსაც მიემხრო ალექსისთან დაახლოებული გრიგოლ ბაკურიანის-ძეც. შეთანხმდნენ, რომ ბიზანტიის სამეფო ტახტზე ავიდოდა ერთ-ერთი კომნენოსი, ხოლო მარიამის მემკვიდრეს, კონსტანტინეს, ხელისუფლებას გაუნაწილებდნენ. აღსანიშნავია, რომ მარიამ დედოფლის ძმისშვილი ირინე ცოლად შეირთო იმპერატრო ალექსი კომნენოსის უფროსმა ძმამ ისააკმა. მათი ვაჟი იოანე-ადრიანე XII საუკუნის ორმოციან წლებში ბულგარეთის მთავარეპისკოპოსი გახდა.
კომნენოსთა განზრახვა წარმატებით დაგვირგვინდა - ნიკიფორე ბოტანიატმა უარი თქვა სამეფო ტახტზე და ბიზანტიის იმპერატორის გვირგვინი დაიდგა ალექსიმ, რომელმაც საფუძველი დაუდო კომნენოსთა დინასტიას. ალექსის გამეფებაში გადამწყვეტი როლი შეასრულა გრიგოლ ბაკურიანის ძემ და მადლიერმა იმპერატორმა მას დასავლეთის დიდი დომესტიკოსის, ანუ ევროპაში იმპერიის ჯარების მთავარსარდლის თანამდებობა უბოძა. იმ დროისათვის გრიგოლ სევასტოსის („პატიოსანი“) წოდესაც ჰქონდა მინიჭებული. თუკი იმპერიაში სულ ორი დომესტიკოსი იყო - აღმოსავლეთისა და დასავლეთისა, და მათგან ერთ-ერთს ქართველი მხედართმთავარი ფლობდა, მისი ტიტული - სევასტოსი ბიზანტიის სახელისუფლო იერარქიაში მეორე იყო კესაროსის შემდეგ.
1086 წელს ბიზანტიას პაჭანიკები შემოესივნენ. როდესაც ბიზანტიელები მიუახლოვდნენ ციხე-სიმაგრე ბელიატოვოს, სადაც პაჭანიკები იყვნენ დაბაკანებული, გრიგოლ ბაკურიანის-ძემ სტრატეგიულად არახელსაყრელი პირობების გამო თავი შეიკავა იერიშისაგან. პაჭანიკებს კარგად გაემაგრებინათ ბელიატოვოს მისასვლელები და ასეთ პირობებში პირდაპირი იერიშით ციხე-სიმაგრის აღება და გამარჯვება საეჭვო იყო. მაგრამ თავისი მოადგილის, ნიკოლოზ ვრანას დაჟინებული მოთხოვნით დაიწყო ბრძოლა, რომელშიც ბიზანტიელები დამარცხდნენ. გმირულად დაიღუპა თვით ნიკოლოზ ვრანა და მასთან ერთად გრიგოლ ბაკურიანის-ძეც. როგორც მეისტორიე ანა კონენა გადმოგვცემს: „დომესტიკოსი გაშმაგებით იბრძოდა, მტრის წინააღმდეგ ძლიერი მხედრული შემართების დროს მუხას დაეჯახა და იქვე დალია სული“.
როდესაც ალექსი კომნენოსმა თავისი ერთგული მხედართმთავრის სიკვდილის ამბავი გაიგო, მწარედ დაიტირა იგი, რადგან გრიგოლი განსაკუთრებით უყვარდა და აფასებდა. თავისი მეფობის ხანაში სწორედ ალექსიმ უბოძა და ოქროსბეჭდით დაუმტკიცა ბაკურიანის-ძეს სოფელი პეტრიწო ფილიპოპოლის თემში, სადაც კეთილმორწმუნე ქართველმა სარდალმა უფლის სადიდებლად და თავისი სულის საცხოვნებლად დააარსა პეტრიწონის სავანე, რომელიც ყოვლადწმდია ღმრთისმშობელს მიუძღვნა.
გრიგოლ ბაკურიანის-ძე - მართლმადიდებლობის აღმსარებელი და დამცველი
XI საუკუნეში ბიზანტია მართლმადიდებლური სარწმუნოების ბურჯი და მთავარი დამცველი იყო მსოფლიოში. გრიგოლ ბაკურიანის-ძეც მათ შორის იყო, ვინც ერთგულად და თავდადებით ემსახურებოდა ამ ღმრთისმოსავ სახელმწიფოს. „ნებითა ღმრთისაითა, ჭეშმარიტისა მართლმადიდებლობისა მათისა მიმდგომნი ვართ და აღმსაარებელნი და მოწაფენი მათნი“ - ქართველთა სახელით ამბობს მადლიერი მხედართმთავარი და მოწმობს, რომ თავის მრავალრიცხოვან ერთიან - ტაოელ ქართველებთან ერთად ბევრჯერ დაუღვრია სისხლი საბერძნეთის კეთილდღეობისათვის: „ჰასაკითგან სიყრმისა ჩემისაით და ვიდრე სიბერედ ჩემდამდე არაოდეს უდებ ვიქმენ დათხევად სისხლთა ჩემთა და თვისთა ჩემთასა და მრავლისა მის ერისა ჩემისასა სათნოყოფისათვის მეფობისა მათისა, ვინაიცა ვიბრძანე მსახურებად აღმოსავლეთს გინა დასავლეთს საბერძნეთისა სარგებელსა და მსახურებასა“. არ იქნება ტყუილიო, ამბობს გრიგოლი, თუ ვიტყვი, რომ ცოტა ჩვენგანი მომკვდარა თავის სარეცელზე მშვიდობით, უმეტესობა კი „ხელთაგან საბერძნეთისა და ძელისა ცხორებისა მტერთაისა მახვილითა მომწყდარ არიან“. საქმე იქამდეც მისულა, რომ თვითონ მე და ჩემთან ერთად არა მცირედი ჩემი ერი ტყვედ ჩავცვივნულვართ საბერძნეთის მტრების ხელშიო.
მრავალი ბრძოლა გარდაუხდია ქართველ მთავარსარდალს. მათგან ყველაზე დიდებული იყო ომი პაჭანიკებთან, როდესაც ღმერთმა გრიგოლის წინამძღოლობით მართლმადიდებელ მხედრობას მიანიჭა ქრისტიანთა მტრებზე საკვირველი გამარჯვება. ამ გამარჯვებისთვის ალექსი მეფეს თავისი სამეუფო შესამოსლით დაუჯილდოებია გრიგოლი. აი, რას მოგვითხრობს თავად სარდალი ამ ბრძოლის შესახებ: „ღმერთმან დიდითა ძალითა თვისითა და შეწევნითა ძლიერისა მარჯუენისა თვისისაითა დაამხუა ჩუენ მიერ უშჯულოი და ფრიად მძლავრი მტერი ქრისტიანეთა და საბერძნეთისაი ნათესავი პეწინაგთაი, რომელთაცა ძლეულებაი და მოსრვაი წიგნითა აღწერად ვერ ძალ-მიც“. დასასრულ კი სიხარულით ამბობს, რომ ჩემი აღსრულების შემდეგაც კიდევ დიდხანს გაიხსენებენო მაშინ ღმრთის მიერ აღსრულებულ სასწაულს.
ქართველ სარდალს დიდი პატივი ჰქონდა ბოძებული და უაღრესად საპასუხისმგებლო თანამდებობა უპყრა ბიზანტიის იმპერიაში - პატივით იყო სევასტოსი და თანამდებობით დიდი დომესტიკოსი. მაგრამ მას თავი არასოდეს განუდიდებია, რადგან უმთავრესი ქრისტიანული სათნოებით - თავმდაბლობით იყო შემოსილი. მის ყველაზე დიდ საუნჯეს კი არა მიწიერი პატივი და სიმდიდრე, არამედ ჭეშმარტი მართლმადიდებელი სარწმუნოება შეადგენდა. „მე გრიგოლ, ფრიად და ცოდვილმან და უღირსმან მონამან ქრისტესმან, ვიხილე თავი ჩემი სიყრმით ჩემითგან და ვიდრე სიბერედმდე ამაოდ და ცარიელად ყოველთაგან საქმეთა კეთილთა, ოდენ ღირს-ქმნულად ჭეშმარიტსა და მართლმადიდებელსა სარწმუნოებასა ქართველთასა...“. თავად პატივსა და ქონებას გრიგოლი ღმრთისაგან მონიჭებულად თვლიდა და მადლობდა უფალს: „ესე ყოველი - გინათუ მონაგები, გინა სახმარი, ანუთუ პატივი მთავრობისაი მომიგიეს, - ყოველივე შეწევნითა ღმრთისაითა ქმნილ არს ჩემდა და მშობელთა ჩემთა ლოცვითა და თვით ჩემითა მრავლითა ტანჯვითა და მოჭირვებითა და სისხლთა დათხევითა“.
საკვირველია გრიგოლის რწმენა. მას ღრმად სწამდა, რომ უფლის გარეშე ამქვეყნად არაფერი ხდება და მტრის ტყვეობიდან თავდაღწეული მადლობას უძღვნიდა უფალს: „ტყუეობისაგან გამომიხსნა ღმერთმან წყალობითა თვისითა“. იგი ყველა საქმეში ხედავდა კაცთმოყვარე ღმერთის განგებას, რომელიც ყველაფერს ადამიანის სასიკეთოდ წარმართავს; ამიტომაც მუდამ უფალზე იყო მინდობილი, მას სასოებდა და თავის მიერ აღსრულებულ ყველა კეთილ საქმეს ღმრთის მადლს მიაწერდა: „...რომელნი-ეგე დასაბამითგან მიცნობთ მე, უწყით კეთილად ყოველი ხარკებაი და სწრაფაი და ოფლითა მრავლითა შრომილებაი ჩემი, და ნიჭნი ღმრთისანი, რომელნი-იგი არა მე, არამედ მადლმან ღმრთისამან ქნა ჩემ თანა“.
რაც მთავარია, გრიგოლ ბაკურიანის-ძეს სწამდა, რომ იგი უფლის ნებით იყო დადგენილი მართლმადიდებლელი ბიზანტიის სამსახურში, რასაც მოწმობს მისი გულწრფელი აღიარება: „მე გრიგოლ, ნებითა ღმრთისაითა სევასტოსი და დიდი დომესტიკოსი ყოვლისა დასავლეთისა“. დასავლეთის დიდი დომესტიკოსი დარაჯად უდგა მართლმადიდებლობით ქრისტეს მოსავ უმძლავრეს ქვეყანას და ბერძენთა სამსახურში თავისი საქმიანობით, მარადიულ, ზეციურ სასუფეველზე ზრუნავდა, ხოლო საქართველოს, როგორც მიწიერ სამშობლოს, მის გულში სრულად განსაკუთრებული ადგილი ეკავა.
გრიგოლ ბაკურიანის-ძის დამოკიდებულებას სამშობლოსა და თანამემამულეებთან ცხადჰყოფს გურიის პატარა სოფელ მეწიეთში აღმოჩენილი „მარხვანი“, სადაც მეფე დავით აღმაშენებელთან, დედოფალ თამართან, ღირს ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელებთან ერთად მოხსენიებულია გრიგოლ ბაკურიანის-ძეც: „ყოველთა ნათესავთა ჩუენთა მასპინძლისა ქართველთა გრიგოლ სევასტოსისა ბაკურიანის ძისა და ყოვლისა დასავლისა დიდისა დემესტლიკოსისა მართლმადიდებელისა საუკუმოიმცა არს სახსენებელი“. ამ ხელნაწერში გრიგოლი იწოდება ყოველთა ქართველთა მასპინძლად, და მკითხველს თავად შეუძლია იგულისხმოს, თუ რამდენ სტუმარს მიიღებდა საქართველოდან და რამდენ საქმეს - დიდსა თუ მცირეს - აღასრულებდა თანამემამულეთა სასიკეთოდ.
მათგან ერთ-ერთი უმთავრესის შესახებ ცნობა შემოგვინახა დავით აღმაშენებლის მემატიანემ: „და წარვიდა მეფე გიორგი მამულსა თვისსა ტაოს და მოვიდა ბანას. ხოლო მუნ მოვიდა წინაშე მათსა ზორავარი აღმოსავალისა გრიგოლ ბაკურიანის-ძე, რომელსა ჰქონდეს ოლთისნი და კარნუ-ქალაქი და კარი, და დიდად განიხარეს და განისუენეს. და მოსცა გიორგი მეფესა კარის ციხე-ქალაქი და მისი მიმდგომი ქუეყანაი, და განიყარეს“. აღნიშნული მხარე 1065 წელს შეიერთა ბიზანტიამ, მაგრამ იგი მალე თურქ-სელჩუკებმა დაიპყრეს. საქართველოს მეფე გიორგი მეორემ 1073 წელს დაამარცხა უსჯულონი და მთელი მხარე ხელთ იგდო. გრიგოლ ბაკურიანის-ძემ განთავისუფლებული მიწა-წყალი გიორგი მეფეს დაუმტკიცა. ამით გრიგოლმა თავისი განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ქართველთა სამეფოს გაძლიერების საქმეში. მემატიანის სიტყვებიდან ნათლად ჩანს სიხარულის განცდა, როემლიც დაუფლებია მამულისათვის დამაშვრალ სპასალარს, როდესაც სამშობლოს დაუბრუნა მისი მიწა-წყალი.
გრიგოლი იღვწოდა საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული ქართული ეკლესია-მონასტრების საკეთილდღეოდ. ათონის ივერთა მონასტრის აღაპი გვამცნობს: „თუესა იანვარსა კე აღაპი არს გრიგოლ და აბაზ ბაკურიანის ძეთაი. და ყოვლითა გულსმოდგინებითა გარდაიხდებოდენ, ძალისაებრ, მათისა მზეგრძელობისათვის და ცოდვათა შენდობისა“.
გრიგოლ ბაკურიანის-ძემ ძალზე დიდი ღვაწლი გასწია მართლმადიდებელი სარწმუნოების დასაცავად მშობლიური საქართველოს საკეთილდღეოდ, მაგრამ ყველაზე დიდი ღვაწლი და გვირგვინი ბაკურიანის-ძის ცხოვრებისა და მოღვაწეობისა, იყო და არის ბულგარეთის მიწაზე მის მიერ აგებული პეტრიწონის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მიძინების ქართული სავანე.
იოანე თორნიკე (თორნიკე ერისთავი) (გარდ. 985 წ)-პოლიტიკური და სასულიერო მოღვაწე
თორნიკე ერისთავი, ტაოელი დიდებულის ჩორდვანელის ძე, ბერად აღკვეცის შემდეგ იოანე-თორნიკედ წოდებული, X საუკუნის II ნახევარში ცნობილი ქართველი სახელმწიფო და სასულიერო მოღვაწე იყო. ერთხანს იოანე თორნიკე ათონის მთაზე, განთქმულ ათანასე დიდის ლავრაში იყო ბერად შემდგარი. ათანასეს ლავრა, რომელიც 963 წელს დააარსა ათანასე ათონელმა იმპერატორ ნიკიფორე ფოკას სახსრებითა და დახმარებით, ბერმონაზვნური მოძრაობის და იმავდროულად ბიზანტიური მწიგნობრობის განთქმულ ცენტრს წარმოადგენდა. ათანასეს დროს ლავრაში 120-მდე მონაზონი ცხოვრობდა, მათ შორის ქართველებიც.
X საუკუნის 60-იან წლებში ათანასეს ლავრაში მოვიდნენ ქართველები _ იოანე (იოანე ათონელიი>) ბერი, მისი ძე ეფთვიმე (ეფთვიმე ათონელიი>) და თორნიკე ერისთავი, რომლებიც ერთ წელიწადზე მეტ ხანს დარჩნენ ლავრაში, შემდეგ კი მათ სხვა ქართველებთან ერთად ათონის ივერთა მონასტერი ააშენეს. იოანე თორნიკე საქართველოს ისტორიაში ცნობილია აგრეთვე, როგორც დავით კურაპალატისი> სახელგანთქმული სარდალი, რომლის დახმარებითაც X საუკუნის 70-იან წლებში (976-979 წწ.) ჩააქრეს საიმპერატორო ტახტის წინააღმდეგ ამბოხებული ძლევამოსილი ბიზანტიელი სარდლის, ბარდა სკლიაროსის აჯანყება.
როგორც ცნობილია, X საუკუნის შუა ხანებში ბიზანტიამ თვალსაჩინო წარმატებებს მიაღწია არაბთა წინააღმდეგ ბრძოლაში, მაგრამ 70-იან წლებში შექმნილმა საშინაო ვითარებამ შეზღუდა იმპერიის შესაძლებლობანი. ბარდა სკლიაროსის აჯანყებამ საფრთხე შეუქმნა კონსტანტინოპოლის საიმპერატორო ტახტს. მან მთლიანად დაიპყრო ბიზანტიის იმპერიის აზიური ნაწილი და ტაოს დაუმეზობლდა. იმპერატორის ჯარების სარდალმა ბარდა ფოკამ ბიზანტიის დაქვრივებულ დედოფალს, ტახტის მცირეწლოვანი მემკვიდრეების _ ბასილისა და კონსტანტინეს დედას, თეოფანას, ურჩია სამხედრო დახმარებისათვის მიემართა განთქმული დავით ტაოელისათვის, რომლის სამფლობელოებსაც საფრთხე ელოდა ბარდა სკლიაროსის გაძლიერებით. ბიზანტიის სამეფო კარმა დავით კურაპალატისაგან დახმარების აღმოჩენისათვის შუამდგომლობა ათონის მონასტრის ბერს იოანე-თორნიკეს სთხოვა. ბერად შემდგარმა იოანე-თორნიკემ თავდაპირველად უარი განაცხადა, მაგრამ შემდეგ, გაითვალისწინა რა ათონის მთაზე მოღვაწე ქართველ ბერთა მდგომარეობის მოსალოდნელი გაუარესება, დათანხმდა და წარმატებით შეასრულა შემოთავაზებული დავალება. კონსტანტინოპოლიდან იოანე-თორნიკეს დავით კურაპალატთან “სათხოვარი წიგნები” გაატანეს.
დავით ტაოელი დათანხმდა დახმარებას და მის საფასურად მოითხოვა ე.წ. “ზემო ქუეყანანი” _ არზრუმის (კარინის) მხარე, სამხრეთი ბასიანი (ჩრდილო ბასიანი დავითის სამფლობელოში ისედაც შედიოდა), ჩორმაირის, სევუკის, ჰარქისა და აპაჰუნიქის ციხეები ჭოროხის, არაქსის და ევფრატის სათავეებში.
დავით კურაპალატმა თორნიკე ერისთავის სარდლობით ბიზანტიაში გაგზავნა 12 ათასი ქართველი მეომარი, რომლებმაც სასტიკად დაამარცხეს ბარდა სკლიაროსი და ხელთ იგდეს დიდძალი ნადავლი. ბიზანტიის საიმპერატორო კარმა დაპირებისამებრ აღნიშნული ტერიტორია დავითს გადასცა. სამხედრო ნადავლიდან მიღებული წილი იოანე-თორნიკემ ათანასეს ლავრასა და ბერძენთა სხვა მონასტრებს შესწირა, უდიდესი ნაწილი კი ათონის ივერთა მონასტრის აგებას მოახმარა.
980 წელს ბიზანტიის კეისარმა იოანე-თორნიკეს სვინგელოზის (პატრიარქის თანაშემწე ბერი) წოდება უბოძა.
ბიზანტიის საიმპერატორო კარმა, ფაქტობრივად, ქართველთა ლაშქრის მეშვეობით სძლია ბარდა სკლიაროსს. ქართველი მეომრების წყალობით შეინარჩუნა ტახტი (იმჟამად მცირეწლოვანმა) იმპერატორმა ბასილი II-მ, ბიზანტიის იმპერიაც გადაურჩა მორიგ სამხედრო გადატრიალებას. ამ გამარჯვებით სარგებლობა ნახა დავით დიდმა კურაპალატმაც. მან მნიშვნელოვნად გააფართოვა თავისი გავლენა აღმოსავლეთში. თორნიკე ერისთავი კი ამიერიდან უფრო დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა ბიზანტიის საეკლესიო და პოლიტიკურ წრეებში.
რასაკვირველია, დავით კურაპალატის მიერ ბიზანტიის იმპერიისათვის გაწეული დახმარება ტაოს სამეფოს ინტერესებთანაც იყო დაკავშირებული. ჯერ კიდევ აჯანყებამდე, ბარდა სკლიაროსი ბასილი II-მ ხანზიტისა და ხალიდიატის ოლქების გამგებლად დანიშნა. ხანზიტა მეოთხე არმენიის ერთ-ერთი ოლქი იყო და ტარონს ესაზღვრებოდა, ხოლო ხალიდიატი ტარონის ოლქში შედიოდა. ბარდა სკლიაროსი არმენიაში იყო გამაგრებული, მას დაპყრობილის ჰქონდა იმპერიის ის მიწა-წყალი, რომელიც ტაოს სამეფოს ესაზღვრებოდა.
ის გადამწყვეტი როლი, რაც ქართველ მეომართა მონაწილეობამ შეასრულა ბარდა სკლიაროსის აჯანყების ჩაქრობასა და ბიზანტიის იმპერიის გადარჩენაში, სათანადოდ არ არის ასახული განმაზოგადებელ ნაშრომებში, რომლებიც ბიზანტიის ისტორიას ეძღვნება. (მაგალითად, Bცნჯჰბზ Вბპფყნბბ, ნ. II, V. 1967.) რაც შეეხება ქართულ ისტორიოგრაფიას, ამ საინტერესო ეპიზოდს ბიზანტია-საქართველოს ურთიერთობაში რამდენიმე ნაშრომი მიეძღვნა (ივ. ჯავახიშვილი, პ. ინგოროყვა, ვ. კოპალიანი, ნ. ლომოური, მ. ლორთქიფანიძე, მ კახაძე და სხ.)
როგორც ცნობილია, იოანე-თორნიკე, გარდა სამხედრო-დიპლომატიური მოღვაწეობისა, საქართველოს ისტორიაში ცნობილია,როგორც ქართული კულტურის დიდი მოამაგე. უდიდესია მისი ღვაწლი ათონის ივერთა მონასტრის დაარსებისა და იმთავითვე მისი კულტურული პროფილის განსაზღვრის საქმეში. ჯერ კიდევ ათონზე გამგზავრებამდე, თორნიკე ერისთავის შეკვეთით გადაწუერიათ ოშკის ტაძარში ე.წ. ოშკის ბიბლია (978 წ.) და კირილე ალექსანდრიელის თხზულების “განძის” 981 წლის ნუსხა.
იოანე მარუშისძე, X ს.–ის მეორე ნახევარი-ქართლის ერისთავი, გამოჩენილი პოლიტიკური მოღვაწე
იოანე მარუშისძეს, დასავლეთ საქართველოს დიდ ფეოდალს, 70-იან წლებში აფხაზთა მეფის მიერ ბოძებული ქართლის ერისთავის თანამდებობა ეპყრა. იოანე მარუშისძემ დიდი როლი შეასრულა ფეოდალური საქართველოს გაერთიანების საქმეში.
საქართველოს ერთიანი მონარქიის შექმნა _ ეს იყო პოლიტიკურად მომწიფებული ამოცანა, რომელიც შემზადდა თანმხვედრი კულტურული, პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესებით.
ნიშანდობლივია, რომ საქართველოს პოლიტიკურ გაერთიანებას წინ უსწრებდა საეკლესიო გაერთიანება. ქართული ეკლესიის კულტურული ზეგავლენით ყალიბდებოდა საერთო ქართული თვითშეგნება _ ქართული ენის, ქართული მწიგნობრობის და “ქართული” ქრისტიანობის საფუძველზე. იმ დროს, როდესაც კახეთი, ჰერეთი და ქართველთა სამთავრო (ტაო-კლარჯეთი) ჯერ კიდევ დამოუკიდებელ პოლიტიკურ ერთეულებს წარმოადგენდნენ, ეკლესიურად მაინც მცხეთის ტახტს ექვემდებარებოდნენ. მაგრამ სხვა ვითარება იყო დასავლეთ საქართველოში _ დასავლეთ საქართველოს ეკლესია დიდი ხნის განმავლობაში კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ემორჩილებოდა. ამ დამოკიდებულებისაგან იგი გათავისუფლდა X საუკუნის შუა ხანებისათვის. ამ დროიდან იგი უკვე სრულიად საქართველოს ეკლესიასთან იყო გაერთიანებული.
საქართველოს გაერთიანებას ხელი შეუწყო უაღრესად მძიმე საგარეო ვითარებამაც _ საქართველოს ცალკეულ კუთხეებს განუწყვეტელი ბრძოლა უხდებოდათ ბიზანტიელთა და არაბთა წინააღმდეგ. ამ განმანთავისუფლებელი ბრძოლის თანმდევი ნაწილი იყო ბრძოლა, მიმართული შიდა პოლიტიკური ერთიანობისაკენ და ხელისუფლების ცენტრალიზაციისაკენ. ძლიერი ცენტრალიზებული სახელმწიფო, დამყარებული სუზერენულ-ვასალურ პოლიტიკურ სისტემაზე, ქართველ აზნაურთა ინტერესებსაც შეესაბამებოდა.
ქვეყნის გაერთიანების ერთ-ერთ ძირითად საფუძველს წარმოადგენდა საერთო ეკონომიკური აღმავლობა, მეურნეობის სხვადასხვა დარგში ცალკეული რაიონების დაწინაურება, რაც ასევე განაპირობებდა ერთიანობისაკენ მისწრაფებას.
X საუკუნის 60-იან წლებიდან განსაკუთრებით დაიძაბა საქართველოს საშინაო ვითარება. 967 წ. გარდაიცვალა ეგრის-აფხაზთა მეფე ლეონ III, მის შემდეგ ტახტზე ადის ლეონის ძმა დემეტრე III. ამ დროს აფხაზთა მეფეების გამგებლობაში შიდა ქართლიც შედიოდა. დემეტრეს პოლიტიკით უკმაყოფილო ფეოდალებმა ბიზანტიაში მყოფ მეფის ძმას, თეოდოსის (თეოდოსი და მისი ძმა ბაგრატი მათ მამას, გიორგის, ბიზანტიაში ჰყავდა გაგზავნილი), მოუწოდეს, დახმარება და ტახტი აღუთქვეს. თეოდოსის ქართლისა და მესხეთის აზნაურობა უჭერდა მხარს. დემეტრეს _ დავით ტაოს მეფე და კახთა ქორეპისკოპოსი. ბოლოს დემეტრემ შემოირიგა თეოდოსი და თანამეფობაზე დაითანხმა, მაგრამ მალე გატეხა ფიცი და ძმას თვალები დასთხარა. 975 წელს, დემეტრეს გარდაცვალების შემდეგ, ტახტზე უსინათლო თეოდოსის მეფობით ისარგებლეს კახელებმა და შიდა ქართლის დაპყრობას შეეცადნენ.
ასეთი იყო პოლიტიკურ ძალთა განლაგება X საუკუნის 70-იან წლებში, რომელიც იმდროინდელმა მოწინავე ქართველებმა თავიანთი პოლიტიკური იდეალის _ ერთიანი ქართული სახელმწიფოს _ განხორციელებისათვის შესაფერის დროდ მიიჩნიეს. იოანე მარუშისძე ამ “მოწინავეთა” დასის საუკეთესო წარმომადგენელია. იგი აღმოჩნდა პიროვნება, რომელიც სწორედ“საჭირო ჟამს” და “საჭირო ადგილას” დროის მოთხოვნათა სიმაღლეზე აღმოჩნდა. იოანე მარუშისძემ შეიმუშავა ქვეყნის გაერთიანებისათვის ოპტიმალური გეგმა. ამ გეგმის განხორციელებისათვის მიმართა ტაოს მეფეს დავით კურაპალატსი>, რომელსაც დიდ ანგარიშს უწევდნენ როგორც საქართველოში, ასევე სომხეთში, ბიზანტიასა და არაბულ საემოროებში. იოანე მარუშისძეს კარგად ჰქონდა გააზრებული თავისი გეგმის განხორციელებაში დავით კურაპალატის მონაწილეობის მნიშვნელობა.
როგორც ცნობილია 976 წელს იოანე მარუშისძემ დავით კურაპალატს შესთავაზა ან თვითონ შემოეერთებინა ქართლი, ან თავისი შვილობილი ბაგრატ გურგენის ძე დაესვა მის გამგებლად. ბაგრატი წარმომადგენელი იყო აშოტ კურაპალატის შთამომავალთა შუათანა შტოსი, რომელსაც “ქართველთა მეფობა” ჰქონდა დამკვიდრებული. აღნიშნულ პერიოდში ქართველთა მეფის ტიტულს ბაგრატის მამა, გურგენი ფლობდა. ბაგრატის დედა გურანდუხტიი>, ეგრის-აფხაზთა მეფის, უსინათლო თეოდოსის და იყო, ბაგრატი კი ამ ოჯახის ერთადერთ მემკვიდრედ ითვლებოდა. “მატიანე ქართლისაÁს” ავტორის სიტყვებით, აფხაზეთი და ქართლი ბაგრატ უფლისწულის დედულეთი იყო, ხოლო მამის მხვრივ ბაგრატი “ქართველთა სამეფოს” ანუ ტაო-კლარჯეთის მემკვიდრედ ითვლებოდა. ბაგრატისათვის მხარის დაჭერა იოანე მარუშისძემ დავით კურაპალატს შესთავაზა, რადგანაც ბაგრატი, როგორც ცნობილია, დავითს “გაეზარდა შვილად თÂსად”. დავით კურაპალატმა მოიწონა იოანე მარუშისძის გეგმა და ქართლისკენ გამოემართა. ეს რომ კახელებმა შეიტყვეს, მიატოვეს ჩუმად ქართლი. დავით ტაოელმა უფლისციხეში ბაგრატი დატოვა, მაგრამ რადგან ბაგრატი ჯერ სრულწლოვანი არ იყო, “თანაგამგებლად” მამამისი გურგენი დაუნიშნა. “მატიანე ქართლისაÁს” გადმოცემით, დავითმა ქართლის აზნაურებს აუწყა, რომ ბაგრატი “არის მკვიდრი (მემკვიდრე) ტაოსი, ქართლისა და აფხაზეთისა, შვილი და გაზრდილი ჩემი, და მე ვარ მოურავი ამისი და თანაშემწე. ამას დაემორჩილენით ყოველნი”.
როგორც კი დავითი ტაოში გაბრუნდა, კახელები კვლავ შემოვიდნენ ქართლში, დაიპყრეს უფლისციხე, დაატყვევეს ბაგრატი, მამამისი გურგენი და დედა გურანდუხტი. იოანე მარუშისძემ მომხდარი ფაქტი დავით ტაოელს შეატყობინა, რომელიც დაუყონებლივ გამოემართა. კახელებმა დავითს მოციქული მიუგზავნეს, ტყვეები გაათავისუფლეს და დატივეს უფლისციხეში. მათ ქართლის ყველა დაპყრობილი ტერიტორია დააბრუნეს წირქუალის და გრუას გარდა.
უფლისციხის აქციიდან (975 წ.) სამი წლის შემდეგ იოანე მარუშისძე კვლავ გააქტიურდა. უსინათლო თეოდოსის მეფობაში აირია მდგომარეობა დასავლეთ საქართველოში, ამიტომ იოანემ გადაწყვიტა უკვე სეულწლოვანი ბაგრატის მოყვანა აფხაზთა მეფედ და ამ გადაწყვეტილების სისრულეში მოსაყვანად მან ისევ დავით კურაპალატს მიმართა. დავითი კი თავს იკავებდა, რადგანაც მან, მართალია, თვით აღიარა ბაგრატ ბაგრატიონი აფხაზთა ტახტის მემკვიდრედ, მაგრამ არა თეოდოსის სიცოცხლეში. იოანე მარუშისძე კი ჩქარობდა, რადგან უსინათლო მეფის დროს აფხაზთა სამეფო ტახტს შეიძლება სხვა პრეტენდენტიც გამოსჩენოდა, ვინაიდან დასავლეთ საქართველოში ყველა როდი იყო მოსურნე ბაგრატ ბაგრატიონის გამეფებისა. დავით ტაოელმა ამჯერად დიდი სიფრთხილე გამოიჩინა, ქართლისა და აფხაზეთის წარჩინებულთაგან მძევლები მოითხოვა და მხოლოდ შემდეგ დათანხმდა იოანე მარუშისძის წინადადებას. 978 წელს ბაგრატ ბაგრატიონი აფხაზთა მეფედ აკურთხეს.
იოანე მარუშისძემ დავით ტაოელთან ერთად გონივრულად აღასრულა თავისი დიდი ჩანაფიქრი. საქართველოს მთელმა შემდგომმა ისტორიამ დაადასტურა მისი არჩევანის სისწორე. მისი არჩევანი გაამართლა თავად ბაგრატმაც, შუა საუკუნეების ერთიანი საქართველოს პირველმა მეფემ, ბაგრატ III (978-1014 წწ.) და მთლიანად ბაგრატიონთა სამეფო საგვარეულომ, რომელსაც ღირსეულად ეკავა საქართველოს სამეფო ტახტი მთელი 10 საუკუნის მანძილზე.
|