მოგზაურობა ტაო-კლარჯეთში
კაპადოკია







საეკლესიო მოღვაწენი
გრიგოლ ხანძთელი (დ. 759 — გ. 861), ქართველი სასულიერო მოღვაწე და მწერალი, ტაო-კლარჯეთის სამონასტრო მშენებლობის ორგანიზატორი.

მისი ცხოვრება და მოღვაწეობა ვრცლად აღწერა გიორგი გიორგი მერჩულემ. გრიგოლ ხანძთელი დაიბადა ქართლში წარჩინებულ ოჯახში, 759 წელს. აღიზარდა ქართლის ერისთავის ნერსეს კარზე (ნერსეს მეუღლის ძმისწული და შვილობილი იყო). თავისი დროისათვის ბრწყინვალე განათლება მიიღო. აღმზრდელთა და ქართლის დიდებულთა ნებით მღვდლად აკურთხეს, ხოლო შემდეგ, როცა მისი ეპისკოპოსად კურთხევა განიზრახეს, ფარულად მიატოვა ქართლი და VIII საუკუნის 80-იანი წლებიდან კლარჯეთში დაიწყო მოღვაწეობა. ჯერ ოპიზაში ცხოვრობდა, შემდეგ ხანძთაში დასახლდა და საერო ხელისუფალთა დახმარებით გააჩაღა ფართო სამონასტრო მშენებლობა, რომელშიც ჩააბა თანამოღვაწეთა დიდი დასი.გრიგოლ ხანძთელმა იცხოვრა 102 წელი და გარდაიცვალა 861 წელს.

გრიგოლ ხანძთელმა საფუძველი ჩაუყარა სამონასტრო ცხოვრებას ტაო-კლარჯეთში, იქ მან ხანძთასა და შატბერდში ააგო მამათა, ხოლო გუნათლესა და მერეში — დედათა სავანეები. დასავლეთ საქართველოში დააარსა უბისის მონასტერი. გრიგოლ ხანძთელის წაბაძვით მისმა მოწაფეებმა იწყეს მონასტრების მშენებლობა იშხანში, ბარეთელთაში, წყაროსთავში, ნეძვში და სხვა. გრიგოლ ხანძთელი ცხოველ მონაწილეობას იღებდა კლარჯეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში. IX საუკუნის 30-იან წლებში იგი კლარჯეთის მონასტერთა არქიმანდრიტად დაადგინეს. მისი ენერგიული ჩარევით გადააყენეს თბილისის ამირა საჰაკის აგენტი — ანჩის ეპისკოპოსი ცქირი.

გრიგოლ ხანძთელმა დიდი როლი შეასრულა IX საუკუნის 50-იან წლებში ჯავახეთში მოწვეულ საეკლესიო კრებაზე, რომელმაც არსენ I-ის კათოლიკოსად არჩევის კანონიერების საკითხი გაარჩია. მისი მხარდაჭერით არსენი დარჩა კათოლიკოსად.

გრიგოლ ხანძთელის ძირითადი საცხოვრებელი ადგილი ხანძთა (აქედანაა მისი ზედწოდება) ქართული მწიგნობრობის მნიშვნელოვან კერად იქცა. გრიგოლ ხანძთელი იყო მის მიერ დაარსებულ მონასტრებში გაჩაღებული მრავალმხრივი კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობის სულისჩამდგმელი. გიორგი მერჩულის ცნობით, მას საბაწმინდის მონასტრის წესის საფუძველზე თავისი ძმობის წევრთათვის შეუდგენია ქტიტორული ტიბიკონი და შეუთხზავს ჰიმნოგრაფიული კრებული „საწელიწდოი იადგარი“ — ლიტურგიკული კრებული მთელი წლისა.

გიორგი მერჩულე, X საუკუნის ქართველი მწერალი, ტაო-კლარჯეთის ლიტერატურული სკოლის წარმომადგენელი.

განსწავლული პიროვნება იყო, იცოდა უცხო ენები, საფუძვლიანად იცნობდა სასულიერო მწერლობასა და ქრისტიანულ თეოლოგიას (პ. ინგოროყვას განმარტებით, "მერჩულე" სამართლის სპეციალისტ თეოლოგს, რჯულის მეცნიერს ნიშნავს). მოღვაწეობდა ხანძთის სავანეში. 951 აქვე დაწერა ჰაგიოგრაფიული თხზულება "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება", რისთვისაც გამოიყენა გრიგოლ ხანძთელის მოწაფეთა ნაამბობი და სხვადასხვა ისტორიული წყარო (კირილე ალექსანდრიელის, იპოლიტე რომაელის, კირილე სკვითოპოლელისა და სხვათა თხზულებანი).

გიორგი მერჩულეს თხზულება განავრცო ბაგრატ ერისთავთერისთავმა 958-966. "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება" ასახავს VIII-IX საუკუნეების საქართველოს პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივ ცხოვრებას, ტაო-კლარჯეთში გაჩაღებულ სამონასტრო მშენებლობასა და კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობას, გრიგოლისა და მის მოდასეთა თავგადასავალს. ძეგლი პირველხარისხოვანი საისტორიო წყაროა და ზოგიერთი საცილობელი საკითხის გადაწყვეტაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება. საყურადღებოა თხზულებაში გადმოცემული ქართველთა ეროვნული მთლიანობის იდეა.

გიორგი მერჩულეს აზრით, "ქართლი" მხოლოდ ეთნოგრაფიული ერთეული როდია, საქართველოა ყველგან, სადაც ღვთისმსახურება ქართულ ენაზე სრულდება: "ქართლად ფრიადი ქუეყანაი აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაი ყოველი აღესრულების". ქართული საზოგადოებრივი და ფილოსოფიური აზროვნების ისტორიის თვალსაზრისით გიორგი მერჩულეს მსოფლმხედველობა ცხოველ ინტერესს იწვევს. მწერალი ოფიციალური ქრისტიანული იდეოლოგიის მტკიცედ დამცველია, ქადაგებს პატრიოტიზმისა და კაცთმოყვარეობის იდეებს. თხზულებაში ზოგჯერ სასულიერო მწერლობისათვის მოულოდნელი ეპიზოდებიც გვხვდება, იგრძნობა ლტოლვა საერო მოტივებისაკენ, რაც უმთავრესად სატრფიალო თავგადასავალთა გადმოცემაში მჟღავნდება. გიორგი მერჩულე ქართული პროზის დიდოსტატია. თემატიკურ მრავალფეროვნებასა და იდეურ-აზრობრივ სიღრმესთან ერთად თხზულება ინტიმურ-ფსიქოლოგიურ განცდებისა და ყოფითი რეალიების სრულყოფილი ასახვითაც გამოირჩევა. მისთვის დამახასიათებელია ხატოვანი და ძარღვიანი, ზოგჯერ სადა და მარტივი ენა, ბრწყინვალე მხატვრული გამომსახველობითი ხერხები, განცდის სიწრფელე და უშუალობა.

"გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება" საინტერესოა აგრეთვე როგორც ლიტერატურული წყარო, სანდო ცნობებს გვაწვდის IX-X საუკუნეების მიჯნაზე მოღვაწე ქართველი მწერლების სოფრონ შატბერდელის, ილარიონ პარახელის, გიორგი მაწყვერელისა და სტეფანე მტბევარის შესახებ. იერუსალიმის საპატრიაქრო ბიბლიოთეკაში დაცულია თხზულების XII საუკუნით დათარიღებული ერთადერთი ხელნაწერი (მიაკვლია ნ. ჩუბინაშვილმა, 1845). 1902 ხელნაწერი აღწერა ნ. მარმა და მანვე გამოსცა მეცნიერულად რუსული თარგმანითურთ (Тексты и разыскания по армяно-грузинской филологии, VII, СПб., 1911). ლათინურად თარგმნა პ. პეეტერსმა (1923). 1956 დ. ლანგმა გამოაქვეყნა მისი ინგლისური პარაფრაზი. საფიქრებელია, რომ გიორგი მერჩულეს გარკვეული ღვაწლი მიუძღვის ჰიმნოგრაფიაშიც. ამაზე უნდა მიუთითებდეს მინაწერი მიქელ მოდრეკილის საგალობელთა კრებულში (მერჩულიულნი).

თორნიკე ერისთავი (გ. 985), ქართველი სახელმწიფო და სასულიერო მოღვაწე, დავით III დიდი კურაპალატის სახელგანთქმული სარდალი, ათონის ივერთა მონასტრის ერთ-ერთი მაშენებელი, ტაოელი დიდებულის ჩორდვანელის ძე.

ბერად აღკვეცის შემდეგ ეწოდა იოანე. ერთხანს ათონის მთაზე, ათანასე დიდი ლავრაში მოღვაწეობდა. 979 თორნიკე ერისთავს ბიზანტიის სამეფო კარმა შუამდგომლობა სთხოვა დავით კურაპალატთან, რათა დახმარებოდა ბარდა სკლიაროსის აჯანყების ჩაქრობაში. თორნიკე ერისთავი თავდაპირველად ბერობას იმიზეზებდა, და უარობდა, მაგრამ შემდეგ ხელისუფლებისაგან მოსალოდნელი რისხვის თავიდან ასაცილებლად დათანხმდა.

დავით კურაპალატმა თორნიკე ერისთავის სარდლობით ბიზანტიაში გაგზავნა 12 ათასი მხედარი, რომლებმაც სძლიეს სკლიაროსს და ხელთ იგდეს დიდი ნადავლი. ბიზანტიის ხელისუფლების დაპირების თანახმად, ნადავლი თორნიკე ერისთავის ეკუთვნოდა. ნაწილი ამ სიმდიდრისა მან ათანასეს ლავრას და ბერძენთა სხვა მონასტრებს შესწირა, ხოლო უდიდესი ნაწილი ათონის ივერთა მონასტრის აგებას მოახმარა. 980 წლის ახლო ხანებში თორნიკე ერისთავს ბიზანტიის კეისარმა სვინგელოზის (პატრიარქის თანაშემწე ბერი) წოდება უბოძა. თორნიკე ერისთავის შეკვეთით გადაწერილია ოშკის ბიბლია (978) და კირილე ალექსანდრიელის თხზულების "განძის" 981 წლის ნუსხა.

ექვთიმე მთაწმიდელი (დ. 955 ― გ. 1028), ქართველი მთარგმნელი და სასულიერო მოღვაწე, ათონის სალიტერატურო სკოლის მამამთავარი, 1005-1019 ათონის ივერთა მონასტრის წინამძღვარი.

ექვთიმე მთაწმიდლის მამა, სამცხის ერთ-ერთი დიდებული იოანე ვარაზ-ვაჩე ჩორდვანელი, თორნიკე ერისთავის ძმა, ქართველთა სამონასტრო კოლონიის ფუძემდებელი იყო ათონზე. მისი ბერად აღკვეცის შემდეგ მცირეწლოვანი ექვთიმეს აღზრდა იოანეს სიმამრმა და ცოლისძმებმა იკისრეს. ამ ხანებში ბიზანტიის იმპერატორმა დავით კურაპალატს "ზემონი ქუეყანანი" დაუთმო და მძევლად აზნაურთა შვილები მოითხოვა. მძევალთა შორის აღმოჩნდა ექვთიმეც. იოანემ იმპერატორის ნებართვით შვილი დაიბრუნა და ულუმბოს მთაზე მიიყვანა. 965 იოანე ათონის მთაზე გადასახლდა და ათანასეს ლავრაში დაემკვიდრა. მას თან გაჰყვა ექვთიმე და რამდენიმე მოწაფე. იოანეს გარდაცვალების შემდეგ ექვთიმე მთაწმიდელი ივერთა მონასტრის წინამძღვარი გახდა. პრაქტიკული საქმიანობა აფერხებდა მის ლიტერატურულ მუშაობას. 14 წლის შემდეგ მან დატოვა წინამძღვრის თანამდებობა. ექვთიმე მთაწმიდლის ღვაწლი არწერა გიორგი მთაწმიდელმა.

ლიტერატურული მოღვაწეობა ექვთიმე მთაწმიდელმა 975-977 დაიწყო. იგი ბავშვობიდანვე ფლობდა ბერძნულ ენას; თარგმნიდა არა მარტო ბერძნულიდან ქართულად, არამედ ქართულიდან ბერძნულადაც. [ბიოგრაფი ასახელებს "ბალაჰვარს" ("სიბრძნე ბალავარისი" და "აბუკურას")]. ექვთიმე მთაწმინდელს ბერძნულადაც დაუწერია თხზულება სამონაზვნო ცხოვრების წესების შესახებ.

ექვთიმე მთაწმიდელმა დიდი წვლილი შეიტანა ბიზანტიური კულტურის გაცნობისა და ათვისების საქმეში. მან ქართული მწერლობა გაამდიდრა ბიზანტიელი მოღვაწეების თხზულებათა თარგმანებით. არ დარჩენილა არც ერთი დარგი სასულიერო მწერლობისა, რომელშიც ექვთიმე მთაწმიდელს განსაკუთრებული დამსახურება არ მიუძღოდეს. ძველი და ახალი აღთქმის წიგნთაგან ექვთიმე მთაწმიდელმა თარგმნა სახარება-ოთხთავი, იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადება (აპოკალიფსი) და დავითნი; მის მიერ თარგმნილ ეგზეგეტიკურ თხზულებათაგან აღსანიშნავია ანდრია კრეტელის "თარგმანი იოანე მახარებლის ხილვისაი", იოანე ოქროპირის "თარგმანებაი იოანეს სახარებისაი", "თარგმანებაი მათეს სახარებისაი", ბასილი კესარიელის "თარგმანებაი ფსალმუნისაი" და "ითიკა", გრიგოლ ნოსელის, გრიგოლ ნაზიანზელის, მაქსიმე აღმსარებლისა და სხვათს ეგზეგეტიკური თხზულებანი. მანვე თარგმნა ასკეტურ-მისტიკური ხასიათის მრავალი ძეგლი, მ. შ. გრიგოლ ნაზიანზელის, გრიგოლ ნოსელის, იოანე ოქროპირის, მაქსიმე აღმსარებლის და ეფრემ ასურის თხზულებები "სწავლანი სულიერნი", გრიგოლ I დიდის დიალოგები, იოანე სინელის "კლემაქსი", ანდრია კრეტელის "ამაოებისას კაცობრივთა საქმეთა და შესუენებულთათჳს" და სხვ. ექვთიმე მთაწმიდელმა თარგმნა მრავალი ჰომილეტიკური ძეგლი, მ. შ. იოანე ოქროპირის ჰომილეტიკური კრებული "მარგალიტი". ექვთიმე მთაწმიდელმა ჰაგიოგრაფიაშიც დატოვა ღრმა კვალი, თარგმნა კიმენური და მეტაფრასული ჰაგიოგრაფიული ძეგლები. სიმეონ მეტაფრასტის ნაწარმოებთაგან ექვთიმე მთაწმიდლის თარგმნილია რომის პაპის კლიმენტის და პროკოპი დუქსის წამებანი და სხვა. ნაყოფირად იღვწოდა ლიტურგიკის დარგშიც. ათონის ივერთა სავანეს შეუქმნა სამონასტრო წესი, თარგმნა "მცირე სჳნაქსარი", ანდრია კრეტელის "დიდი კანონი", წმინდანთა "გალობანი" და სხვა.

ექვთიმე მთაწმიდელმა შეადგინა ნუსხა იმ წიგნებისა, რომლებიც საბერძნეთში აპოკრიფულად იყო მიჩნეული, ამ ნუსხით ის აფრთხილებდა ქართველებს, თავი შეეკავებინათ აპოკრიფული წიგნების კითხვისაგან. მიუხედავად ამისა, ექვთიმე მთაწმიდელმა თავად თარგმნა რამდენიმე აპოკრიფული საკითხავი და თვალსაჩინო წვლილი შეიტანა ამ დარგის განვითარებაშიც. ექვთიმე მთაწმიდელის მიერ ბერძნულიდან თარგმნილი კანონიკური სამართლეებრივი ძეგლები - VI მსოფლიო საეკლესიო კრების კანონები და ე. წ. მცირე სჯულისკანონი დედნის მხოლოდ თარგმანი კი არ არის, არამედ "მთარგმნელის მიერ გადაკეთებული და განმარტებებით შემკული რედაქცია" ( ივანე ჯავახიშვილი). ექვთიმე მთაწმიდლის ეს შრომა შეფარდებული იყო ქართულ სინამდვილესთან. მან გავლენა მოახდინა შუა საუკუნის საქართველოში სამართლის განვითარებაზე.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ექვთიმე მთაწმიდლის მოძღვრება დანაშაულის სუბიექტური მხარის შესახებ, რაც მან თავისი თარგმანის განმარტებითს ნაწილში მკვლელობის სხვადასხვა შემთხვევის განხილვისას ჩამოაყალიბა. ბრალის ძირითად ფორმად ექვთიმე მთწმინდელს განზრახვა ესახება და მისთვის დამახასიათებლად მიაჩნია "ნებსითი" დამოკიდებულება ქმედობისადმი. ზოგი მკვლელობა "განზრახვითია", ზოგი "უნებელი", მაგრამ მათი გრადაციები ბევრნაირია. ექვთიმე მთაწმიდელთან უკვე ვხვდებით გაუფრთხილებობისა და შემთხვევის ცნებათა ჩანასახს. ზოგადად დანაშაულის სუბიექტური მხარის დახასიათებისას ექვთიმე მთაწმიდელი განიხილავს ქმედობის მოტივებსაც, სახავს ბრალის შემამსუქებელსა და დამამძიმებელ გარემოებებს და ა. შ. იგი უფრო მცირე ასაკიდან აკისრებს პირს ჩადენილი დანაშაულისათვის პასუხისმგებლობას, ვიდრე ბიზანტიური სამართალი.

ფილოსოფიისადმი ექვთიმე მთაწმიდლის ინტერესის მაჩვენებელია იოანე დამასკელის შრომათა თარგმანები. მას ბერძნულიდან ქართულად უთარგმნია "სარწმუნოებისათჳს" (იგივე "წინამძღუარი"), რომელიც იოანე დამასკელის "გარდამოცემის" შემოკლებული რედაქციაა. ეს ძეგლი 24 სტატიისაგან შედგება. "გარდამოცემის" პარალელურად მას დამასკელის სხვა შრომებიც გამოუყენებია და მისთვის ჩვეული გამოკრებილი რედაქცია შეუქმნია. ექვთიმე მთაწმიდელს უთარგმნია აგრეთვე იოანე დამასკელის "ორისა ბუნებისათჳს ქრისტესსა". აქ მთარგმნელს დამასკელის ანტიმონოთეისტური თხზულებებიდან ამოღებული ციტატების საფუძველზე თავისებური კრებული შეუდგენია.

ექვთიმე მთაწმიდლის თარგმანები უაღრესად თავისებურია. მისთვის უცხოა დედნის ტექსტის სიტყვასიტყვით გადმოღება. ის ავრცობდა ან ამოკლებდა სათარგმნელ თხზულებას, შეჰქონდა სხვადასხვა წყაროდან ამოკრებული ცნობები და ხშირად - საკუთარი დამატებები და კომენტარები. ეფრემ მცირის თქმით, მას "ჴელეწიფებოდა შემატებაიცა და კლებაიცა". ტექსტს განსაკუთრებით მაშინ განავრცობდა, როდესაც ამა თუ იმ თხზულებაში საქართველოს ან ქართველობის შესახებ იყო საუბარი; იმ შემთხვევაშიც, როდესაც სათარგმნელი თხზულების ესა თუ ის ადგილი, მისი აზრით, განმარტებას საჭიროებდა. ამგვარი კომენტარები მას საკუთრივ ტექსტში შეჰქონდა. ექვთიმე მთაწმინდელის თარგმანებისათვის დამახასიათებელია ვრცელი "შემატებანი". მას მოაქვს ციტატები ძველი და ახალი აღქმის წიგნებიდან, სხვადასხვა ჰაგიოგრაფიული ძეგლიდან და ა. შ. ხშირად მოკლედ თქმულს საგრძნობლად ავრცობდა და თავისებურ ინტერპრეტაციას აძლევდა, ამიტომ საკმაოდ ძნელი გასარკვევია და კვლევის საგნად რჩება, რა ეკუთვნის ამ "შემატებათაგან" ექვთიმე მთაწმიდელს და რა - სხვა რომელიმე ავტორს. მის თარგმანებში ვხვდებით ეტიმოლოგიურ ძიებებს, რომელთა ნაწილი სხვადასხვა წყაროდან არის ამოღებული, ნაწილი კი ექვთიმე მთაწმიდელს უნდა ეკუთვნოდეს. თარგმანებში ტექსტის შემოკლების შემთხვევები გაცილებით უფრო იშვიათია, ვიდრე გავრცობისა. ექვთიმე მთაწმინდელის მიერ თარგმნილი ნაწარმოებები თითქოს ახალი დამოუკიდებელი რედაქციებია. სათარგმნელი მასალი შერჩევისას და თვით თარგმნის პროცესშიც მას მხედველობაში ჰქონდა თანამემამულეების ინტელექტუალური მოთხოვნილებანი და განვიტარების დონე. ექვთიმე მთაწმინდელის მიზანი იყო ქართველი მკითხველისათვის გაეადვილებინა ბიზანტიური მწერლების გაგება და ათვისება. ეფრემ მცირის თქმით, ექვთიმე მთაწმიდელმა საგრძნობლად გააღრმავა ქართველი მკითხველის ცოდნის სფერო.

ექვთიმე მთაწმიდლის თარგმანების ენა სადა და დახვეწილია, თხრობა - ყოველთვის ლაღი და ბუნებრივი. ბიოგრაფის სიტყვით, მან "აღაყუავა ენაი ჩუენი და ქუეყანაი თარგმანებითა წმინდათა წერილთაითა და ყოველნივე განაკჳრნა, რამეთუ ეგევითარი თარგმანი არღარა გამოჩინებულ არს ენასა ჩუენსა და ვჰგონებ თუ, არცაღა გამოჩინებად არს."

ექვთიმე მთაწმიდლის მთარგმნელობითი მეთოდი დიდხანს გეზს აძლევდა და განსაზღვრავდა ქართველ მთარგმნელთა მუშაობას. მაგრამ თანდათან თავი იჩინა ზუსტი თარგმანისაკენ მიდრეკილებამ. ახალი მიმართულების ბრწყინვალე პრაქტიკული ნიმუში და მეცნიერული დასაბუთება მოცემულია ეფრემ მცირის შრომებში.

იოანე პეტრიწი, XI-XII საუკუნეების ქართველი ფილოსოფოსი, ნეოპლატონიკოსი (გადმოცემით იოანე ფილოსოფოს ჭიმჭიმელსაც უწოდებდნენ). ბიოგრაფიული ცნობები არ მოგვეპოვება, მხოლოდ XVIII საუკუნის მწიგნობარნი იუწყებიან, რომ იოანე პეტრიწი სამცხიდან იყო, დიდგვაროვანი ჩამომავლობისა. ახალგაზრდობაში სწავლობდა კონსტანტინოპოლში, მანგანის აკადემიაში, სადაც მას ასწავლიდნენ ბიზანტიური რენესანსის წარმომადგენლები: მიქაელ ფსელოსი და იოანე იტალოსი.

იოანე პეტრიწს აქტიური მონაწილეობა მიუღია იდეურ მოძრაობაში, რომელსაც იტალოსი მეთაურობდა. იტალოსის გასამართლებისა (1083) და მისი მიმდევრების დევნის შემდეგ იოანე პეტრიწი პეტრიწონის მონასტერში გადასახლდა. ერთ ხანს შავ მთაზე ეფრემ მცირესთან იყო, შემდეგ საქართველოში დაბრუნდა და სათავეში ჩაუდგა გელათის აკადემიას. იოანე პეტრიწის ფილოსოფიური მემკვიდრეობა წარმოდგენილია თარგმანებითა და ორიგინალური თხზულებით ("განმარტება პროკლესთვის დიადოხოსისა და პლატონურისა ფილოსოფიისად"). თარგმნა არისტოტელეს ორი თხზულება: "ტოპიკა" და "განმარტებისათვის" ("პერი-ჰერმენეია"), ნემესიოს ემესელის "ბუნებისათვის კაცისა" (გამოიცა 1914), პროკლეს "კავშირნი ღვთისმეტყველებითნი" ("თეოლოგიის ელემენტები"), ამონიოს ჰერმიას "მოსახსენებელი ხუთთა ხმათადმი პორფირი ფილოსოფოსისა" და "მოსახსენებელი ათთა კატიღორიათადმი არისტოტელისთა" (ზოგი მეცნიერი ამ უკანასკნელი თხზულების მთარგმნელად თვლის იოანე ტარიჭისძეს. არისტოტელეს ტრაქტატთა თარგმანებს ჩვენამდე არ მოუღწევია. "კავშირნი ღმრთისმეტყველებითნის" პეტრიწისეული თარგმანი უძველესად ითვლება პროკლეს თხზულების მსოფლიოში ცნობილ თარგმანთა შორის. იოანე პეტრიწის "განმარტება" შედგება შესავლის, პროკლეს "კავშირთა" 211 თავისადმი დართული შესავლის, ვრცელი კომენტარებისა და ბოლოსიტყვაობისაგან.

იოანე პეტრიწის ფილოსოფიური შეხედულებანი განსაზღვრულია არა იმდენად ანტიკური ფილოსოფიური მემკვიდრეობით, რამდენადაც XII საუკუნის ქართული კულტურული და იდეური სფეროთი, საერო განწყოფილებათა და მისწრაფებათა მზარდი აღმავლობით, რაც ყველაზე თანამიმდევრულად რუსთაველის ჰუმანიზმში გამოიხატა.

ჰუმანიზმის ერთ-ერთი ძირითადი იდეაა ამქვეყნიური სინამდვილის ღირებულების აღიარება, რაც, თავის მხრივ, შუა საუკუნეებისათვის დამახასიათებელი მიწისა და ზეცის დუალიზმის დაძლევას გულისხმობს. იოანე პეტრიწის, როგორც ფილოსოფოსის, ისტორიული მოწოდება ამ იდეის თეორიული დასაბუთება იყო. ეს ამოცანა მის ფილოსოფიურ ნააზრევში გადაწყვეტილია ანტიკური იდეების, კერძოდ, ნეოპლატონიზმის (პროკლეს) საფუძველზე.

არსი, იოანე პეტრიწის მიხედვით, მთლიანობაა, რომლის უმაღლესი საფეხური "ყოველთაგან ზესთ მდებარე" ღმერთია, ხოლო ყველაზე დაბალი - ხილული სამყარო. უმაღლესი მიზეზისაგან სამყაროა "წარმოარსება" ნეოპლატონიზმში და იოანე პეტრიწთან ემანაციის (გამომდინარეობის, პეტრიწის ტერმინებით: "არსებითი გზავნაია", "წარმოობის", "წარმოქმნის", "წარმოარსების") ცნების საფუძველზე ხდება. ემანაცია ხორციელდება შუალედი საფეხურების მეშვეობით. პირველ მიზეზსა და ხილულ სამყაროს შორის მოთავსებულია ღვთაებრივი რიცხვების, გონისა და სულის საფეხურები. პირველმიზეზი ზეარსია, არსებობაზე აღმატებული და "უცნაური" (შეუცნობელი). მისი განსაზღვრა მხოლოდ მიახლოებით შეიძლება და პრედიკატი, რომელიც მას მიეწერება, არის სიკეთე.

იოანე პეტრიწის ფილოსოფიური მსოფლმხედველობის მნიშვნელოვანი მხარეა შეხედულება მიზეზობრიობაზე, რომელიც ვრცელდება პირველმიზეზებსა და სამყაროს შორის არსებულ კავშირებზე. კავშირი მიზეზსა და შედეგს შორის ტრიადულია და სამი მიმართების მთლიანობას წარმოადგენს. პირველი მათ შორის იგივეობისა და მსგავსების მიმართებაა. ამ საფეხურზე შედეგი მიზეზშია, იგი არსებობს "თვისსა მიზეზსა შორის" და განუსხვავებელია მიზეზისაგან. მეორე მიმართება შედეგის გამოყოფაა, მისი განსხვავება, განცალკევება, "სხვად" ყოფნა". ამ მიმართებით მოიპოვებს წარმოებული არსი საკუთარ არსებობას. ამგვარად, შედეგი განსხვავებულიცაა მიზეზისაგან და მისი იგივეობრივიც, მსგავსიც. მიზეზსა და შედეგს შორის არსებული დიალექტიკური მიმართების გარკვევის მიზნით იოანე პეტრიწს შემოაქვს ცნება, რომლის მიხედვით, შედეგი მიზეზთან მიმართებაში არის "იგივე სხვა". მიზეზ-შედეგობრივი კავშირის ამგვარი გაგება იძლევა საფუძველს არსის პირველმიზეზში, საწყისში უკუდაბრუნებისათვის, რაც ამთავრებს არსის მთლიანობას და ჰკრავს იოანე პეტრიწის ფილოსოფიურ სისტემას. პირველმიზეზისა და სამყაროს მიმართების პეტრიწისეული გადაწყვეტა მიდის სამყაროს მარადიულობისა და მისი წარმოქმნის აუცილებლობის აღიარებამდე. მესამე საფეხურია ინტუიცია, რომელიც გონის მეშვეობით ხორციელდება. ამ შემთხვევაში შემეცნების საგანი თვით აზროვნებაშია მოცემული და შემეცნება საგნის "მარტივად", უშუალოს წვდომის შედეგადაა მიჩნეული.

იოანე პეტრიწმა ფილოსოფიური ნაშრომების გარდა დაგვიტოვა მნიშვნელოვანი თარგმნილი და ორიგინალური ლიტერატურული მემკვიდრეობა: მან ბერძნულიდან ხელახლა თარგმნა ბიბლიური წიგნები და იოანე სინელის "კლემაქსი" ("კიბე"). ბერძნულიდანვე გადმოაქართულა მეტაფრასული ჰაგუიგრაფიული საკითხავები - წმინდათა ცხოვრებანი და წამებანი (მაგ., ცნობილია თეოდორა ალექსანდრიელისა და მერკვირის "ცხოვრებანი", ზოსიმესა და ბარბარეს "მარტვილობანი"), აგრეთვე იოსებ ფლავიუსის საისტორიო შრომა "მოთხრობანი იუდაებრივისა სიტყუადაასაბამობისანი" ("მსოფლიო ისტორის იოსიპოსისაი"), რომლის თხუთმეტმა წიგნმა ჩვენამდე მოაღწია და სხვა. იოანე პეტრიწმა დაწერა ორიგინალური ასკეტიკურ-მისტიკური პოეტური ტრაქტატი "სათნოებათა კიბე", რომელსაც საფუძვლად დაედო "კლემაქსის" ექვთიმე მთაწმიდლისეული ქართული თარგმანი. გალექსა "სათვეო სჳნაქსარი" ანუ "გალობანი ყოველთა წმინდათანი". მასვე მიაკუთვნებენ მცირე ზომის იამბიკურ ლექსებს, რომელთაგან ზოგს ჩვენამდე არ მოუღწევია.

იოანე პეტრიწმა შექმნა ლიტერატურულ სკოლა, აღზარდა მრავალი მოწაფე, გამოუჩნდნენ მიმდევრებიც. თავისებურია მისი ენა და სტილი. იგი ქმნიდა ახალ ფილოსოფიურ ტერმინოლოგიას, ბერძნულიდან დედანთან ზუსტი მიმართების მიზნით უხვად იყენებდა ქართული ენის ბუნებისათვის შეუფერებელი მიმღეობანი კონსტრუქციების წინადადებებს, რაც ართულებდა მის სამწერლო ენას. იოანე პეტრიწმა დიდი გავლენა მოახდინა ძველი ქართული ფილოსოფიურ აზროვნებაზე, საერო პოეზიასა და საისტორიო მწერლობაზე, განსაკუთრებით კი ანტონ I-ის ლიტერატურულ სკოლაზე.

წმიდა გიორგი მთაწმინდელი დაიბადა 1009 წელს თრიალეთში, ღვთისმოსავი ქრისტიანების ცნობილი სახელმწიფო მოღვაწეების იაკობისა და მარიამის ოჯახში.

შვიდ წლამდე გიორგი დედ-მამასთან იზრდებოდა. „და იყო იგი სიყრმითგან სავსე შიშითა და სიყუარულითა ღმრთისაითა“. შვიდი წლის ყრმა ტაძრისის მონასტერში მიიყვანეს და ჩააბარეს ღვთისმოშიშებითა და სიბრძნით განთქმულ წინამძღვარს - წმიდა საბიანეს (ხს. 31 დეკემბერს). ტაძრისში გიორგიმ სამი წელი დაჰყო.

ათი წლის გიორგი მამამ ხახულის მონასტერში წაიყვანა და აღსაზრდელად ჩააბარა იქ მოღვაწე თავის ორ ძმას, ღირს გიორგი მწერალს და საბა ხახულელს (ხს. 19 დეკემბერს).

ბიძებმა ყოველგვარი სიკეთით შემკული ძმისწული ხახულის მონასტრის წინამძღვარს, სიწმინდით განთქმულ ღირს მაკარი მმარხველს (ხს. 21 დეკემბერს) მიჰგვარეს. გაიხარა ღვთისგან მომავლის განჭვრეტით დაჯილდოებულმა წინამძღვარმა ყრმა გიორგის ხილვით და „სულისა თვისისა შვილად უწოდა“.

ამ დროს ხახულში მოღვაწეობდნენ „ქართველთა ეკლესიათა სამკაულად“ ცნობილი მამა ბასილი, ბაგრატ III-ის ძე (ხს. 27 ივნისს), ილარიონ თვალელი (ხს. 21 ივლისს), „რომლისა სათნოებათა და მოღვაწებათა წარმოთქმაი შეუძლებელ არს“, ანტონი მნათე - ღმერთშემოსილი, „ღვთისმეტყველი, ფილოსოფოსი და მთარგმნელი წერილთა“ და სხვა მრავალნი, რომელთა ცხოვრებამ წარუშლელი კვალი დატოვა გიორგის ჩამოყალიბებაში. თვითონ გიორგიმაც ყველა გააკვირვა თავისი გონიერებით და სიბეჯითით, „საგალობელნი იგი საწელიწადონი და შეწყობილებანი იგი გალობათანი ყოველნივე მეყსა შინა ზეპირად დაისწავლნა“.

როცა თრიალეთის ერისთავმა ფერის ჯოჯიკის ძემ გიორგის ბიძა, გიორგი მწერალი, თავის სასახლეში მიიწვია მოძღვრად, მოხუცმა გიორგიმ ძმისშვილიც თან გაიყოლა. ყრმა გიორგის სიკეთით განცვიფრებულმა ფერისის მეუღლემ, „საღმრთომან მან დედაკაცმან შვილად თვისად“ აღიარა იგი და „დაყვეს მრავალი ჟამი კეთილსა და ღმრთისა სათნოსა ცხოვრებასა შინა“.

1022 წელს ბიზანტიის კეისარმა ბასილიმ მის წინააღმდეგ მოწყობილ შეთქმულებაში ფერისსაც დასწამა ცილი, კონსტენტინოპოლში დაიბარა და თავი მოჰკვეთა. ფერისის მეუღლე თორმეტი წელი დარჩა დედაქალაქში. ღვთისმოყვარე დედაკაცმა გიორგი „სასწავლოდ მისცა კაცთა ფილოსოფოსთა და რიტორთა, ორთავე ცხოვრებითა შემკობილთა“. ღვთივგანბრძნობილმა ჭაბუკმა ნიჭიერებითა და გამჭრიახობით ყველა გააკვირვა.

თორმეტი წლის შემდეგ 1034 წელს კეისრის ბრძანებით ფერისის მეუღლე კვლავ სამშობლოში, ტვარწატაფს მივიდა და გიორგიც თან წამოიყვანა. გიორგი ხახულის მონასტერში მივიდა და ოცდახუთი წლისამ „ტკბილსა მას უღელსა მონაზონებისასა ქედი თჳსი მოუდრიკა. მოძღუარი მისი სულიერი და ღუაწლთა მიმართ მონაზონებისათა მწურთელი, დიდი ილარიონ წუთ ხორცთა-ღა შინა იყო და ჴელთაგან მისთა მიიღო კურთხევაი მონასონებისაი, რამეთუ იგი იყო პირველი მოძღუარი მისი და მიზეზი ყოვლისა კეთილისაი“.

1036 წელს „უცხოებისა და თვისთაგან განშორებით“ მოღვაწეობის სურვილით გიორგიმ ფარულად დატოვა მონასტერი და, გლახაკის ძონძებში გადაცმული, სირიაში გაემართა. „შრომითა და მოღვაწებითა შემკულმან მამამან“ გაჭირვებით მიაღწია შავ მთამდე. იქაური სიწმიდეების მოლოცვისა და მოღვაწე მამების მოკითხვის შემდეგ გიორგიმ „ყოვლისა პირვალად იწყო ძიებად წინამძღვრისა სულიერისა, რამეთუ უწყოდა, ვითარმედ თჳნიერ მოძღვრისა არა არს ცხოვრებაი სულისა და წარმატებაი მონაზონებისა“. იპოვა კიდეც მთის ნაპრალებში დაყუდებული საოცარი მამა - „კაცი ზეცისაი და ანგელოზი ქუეყანისაი, ყოვლითურთ უცხო და განშორებული ჴორცთა და ჴორციელთა ზრახვათაგან და გონებითა ღმრთისა მიცვალებული“ - ქართველი ბერი გიორგი დაყუდებული (ხს. 3 ივლისს).

სამი წლის მოღვაწეობის შემდეგ გიორგი დაყუდებულმა „ჰასაკით, სიბრძნითა და გონიერებით“ სრულქმნილი გიორგი სქემით შემოსა და იერუსალიმში გაუშვა წმიდა ადგილთა მოსალოცად, უკან დაბრუნებულს კი 1040 წელს მთაწმიდაზე წასვლა და „თარგმანებაი წიგნთა საღმრთოთაი ბერძნულისაგან ქართულად“, ანუ წმიდა ექვთიმე ათონელის (ხს. 13 მაისს) საქმის გაგრძელება უბრძანა. გიორგი შეაკრთო ბრძანებამ. „შეუძლებელ არს ჩემგან და ესევითართა განღმრთობილთა კაცთა შვენის, ვითარცა იყო წმიდაი მამაი ჩუენი ეფთჳმე“, - შეჰკადრა მან მოძღვარს. „შვილო, რომელმან წმიდაი იგი სიკვდილისაგან ისხნა და ქართული ენა განმარტა, იგივე შემძლებელ არს შენდაცა შეწევნად, რამეთუ მას დიდად ეწყალის და უყვარს ნათესავი ჩუენი და თჳთ მას წმიდასა მამასა ეფთჳმის ვევედრნეთ, რათა შეგეწიოს“, - დაამშვიდა ექვთიმე ათონელის ღირსეული მემკვიდრე გიორგი დაყუდებულმა და ათონს გაგზავნა.

ათონელმა ქართველებმა სიხარულით მიიღეს წმიდა მამა. გიორგიმ მონასტრის ყველაზე მძიმე საქმეები იტვირთა „ყოვლისა თავისა თვისისა შეურაცხქმნითა... ვითარცა კაცმან ლიტონმან და უსწავლელმან“. როგორც მისი ცხოვრების აღმწერელი მოგვითხრობს, ღირსი გიორგი ყოველთვის თავდახრილი დადიოდა და „თჳნიერ საჭიროთა საქმეთა“ არავის შეხედავდა. მისი სულიერი თვალები კი „მარადის უხილავსა მას დიდებასა ღვთისასა“ განიცდიდა.

გიორგი დაყუდებულმა თავისი მოწაფის, თეოდორეს პირით კიდევ ერთხელ შეახსენა გიორგის ათონზე გაგზავნის მიზეზი და საყვედურიც შეუთვალა.

გიორგიმ პატიება სთხოვა მოძღვარს, მოწიწებითა და შიშით მიიღო მღვდლობის პატივი, საღმრთო წიგნების თარგმნასაც მიჰყო ხელი და მალე მთელი საძმოს წინამძღვარიც შეიქნა. ამ დროიდან იწყება ფართო მოღვაწეობა მამა გიორგი მთაწმინდელისა. მან შეკრიბა ცნობები ექვთიმესა და იოანეს შესახებ, აღწერა მათი ცხოვრება, გადმოასვენა და დიდებულ ლარნაკში მოათავსა წმიდა მამათა ნაწილები, გაამშვენიერა და „ყოვლითურთ სრულჰყო წმიდა ეკლესიაი“.

საბერძნეთში იმპერატორ კონსტანტინე მონომახთან ჩასულმა ქართველთა მეფემ, ბაგრატ IV-მ საქართველოში დაბრუნება და ჭყონდიდლის მიტროპოლიტობა შესთავაზა წმიდა მამას, მაგრამ ქვეყნიურ დიდებას და შფოთს განრიდებულმა გიორგიმ მეფეს უარი მოასხენა.

წინამძღვრობა და მონასტრის საქმეებზე ზრუნვა ბევრ დროსა და შრომას, ხშირად კი მონასტრიდან გასვლასაც მოითხოვდა და ამიტომ სამწერლო მოღვაწეობისათვის ძალიან ცოტა დრო რჩებოდა. გიორგი წინამძღვრობიდან გადადგა და შავ მთაზე წავიდა გიორგი დაყუდებულთან. გიორგი დაყუდებულმა ღვთის სიყვარულისთვის ისევ უკან დაბრუნება უბრძანა თავის სულიერ შვილს. გიორგი დამორჩილდა მოძღვრის ლოცვა-კურთხევას, ათონის მთაზე დაბრუნდა და ჩვეულ მოღვაწეობას შეუდგა. ამ საოცარი მამის მიერ თარგმნილ წიგნთა მხოლოდ ჩამონათვალიც კი ნათელს ხდის მისი მოღვაწეობის განუზომელ მნიშვნელობას: დიდი სვინაქსარი, საწელიწადო გამოკრებული, პავლენი სრული, პავლენი გამოკრებული, საწელიწადო, თვენი, სადღესასწაულო, წიგნი ექვსთა დღეთა - ბასილი დიდისა, დავითნი, დიდი პარაკლიტონი, დიდი მარხვანი, ზატიკი, დაბადების თარგმანება იოანე ოქროპირისა, მეექვსე კრების ძეგლისწერა, წიგნი გრიგოლ ნოსელისა და სხვანი.

ერთხელ ბოროტისაგან შურით აღვსილმა სვიმონწმინდელმა ბერებმა მოინდომეს ქართველი მამების გაძევება მონასტრიდან. „გვიხსენ დიდისა ჭირისაგან და განგვათავისუფლენ კაცთაგან ამაოთა და უცხოთესლთა, რამეთუ არს მონასტერსა შინა ჩუენსა ვითარ სამეოცი კაცი, რომელნი ქართველად სახელ-იდებენ თავთა თჳსთა და არა უწყით, რაი არს სარწმუნოებაი მათი“, - შესჩივლეს მათ ანტიოქიის პატრიარქ თეოდოსის. პატრიარქმა თავისთან დაიბარა ბერძნულად მოლაპარაკე წმიდა გიორგი მთაწმინდელი. ღირსმა გიორგიმ ისეთი სიბრძნით იქადაგა მართლმადიდებლობა, რომ მსმენელები განაკვირვა. პატრიარქმა ცუდისმზრახველი სვიმონწმინდელნი შეირსხა.

ცოტა ხნის შემდეგ პატრიარქს კვლავ მოახსენეს, საქართველოში მოციქულებს არ უქადაგიათ, თვითონაც მცირერიცხოვანნი არიან, ამიტომ ჯერ-არს ანტიოქიის პატრიარქის ხელმწიფების ქვეშ იყვნენო. პატრიარქმა მამა გიორგის აუწყა: „მეფე თქუენი წინაშე ჩუენსა მოვიდეს და ჴელმწიფებასა ჩუენსა დაემორჩილოსო“. წმიდა მამამ უპასუხა: „შენ იტყჳ, ვითარმედ თავისა მის მოციქულთაისა პეტრეს საყდარსა ვზიო, ხოლო ჩუენ პირველწოდებულისა და ძმისა თჳსისა მწოდებელისა ნასწავლნი ვართ და სამწყსონი და მის მიერ მოქცეულნი და განათლებულნი და ერთი წმიდათა ათორმეტთა მოციქულთაგანი - სვიმეონს ვიტყჳ კანანელსა - ქვეყანასა ჩუენსა დამარხულ არს აფხაზეთს, რომელსა ნიკოფსი ეწოდების. ერთი ღმერთი გჳცნობიეს, არღარა უარ-გჳყოფიეს და არღა ოდენ წვალებისა მიმართ მიდრეკილ არს ნათესავი ჩუენი... ჯერ არს წოდებული იგი მწოდებელსა მას დაემორჩილოს, რამეთუ პეტრესი ჯერ არს, რათა დაემორჩილოს მწოდებელსა თჳსსა და ძმასა ანდრეას და რათა თქუენ ჩუენ დაგვემორჩილნეთ!“ ბოლოს კი დაამატა: „იყო ჟამი, რომელ ყოველსა საბერძნეთსა შინა მართლმადიდებლობაი არა იპოვებოდა და იოანე გუთელ ეპისკოპოსი მცხეთას ეკურთხა ეპისკოპოსად“.

გაკვირვებულმა პატრიარქმა კეთილად გაიღიმა და თქვა: „ხედავთ ბერსა ამას, ვითარ მარტოი ესოდენსა სიმრავლესა გუერევის“. შემდეგ თეოდოსიმ და ანტიოქიელებმა აღიარეს საქართველოს ეკლესიის მოციქულებრივი წარმოშობაც და სარწმუნოებრივი სიწმიდეც.

ღვთისმოყვარე ბაგრატ მეფე ხშირად სთხოვდა მამა გიორგის საქართველოში ჩამოსულიყო სამოღვაწეოდ. ნეტარი მამა ჯერ უარობდა, მაგრამ ბოლოს, როცა „სრულქმნა თარგმანებაი საღმრთო წიგნთაი“, აღასრულა მეფისა და კათოლიკოსის სურვილი. მათი ბრძანებით წმიდა მამამ გამოიკვლია მაშინდელი მდგომარეობა სასულიერო წოდებისა და მოაწესრიგა საეკლესიო ცხოვრება.

ხუთი წლის შემდეგ მამა გიორგი ისევ მთაწმინდაზე დაბრუნდა. ბაგრატ მეფემ პატივით და დიდძალი შესაწირავით გაისტუმრა ქართველთა მნათობი. ათონს მიმავალმა ნეტარმა მამამ თან ოთხმოცი ობოლი ბავშვი წაიყვანა აღსაზრდელად. კონსტანტინოპოლში ჩასულმა ნეტარმა გიორგიმ წანასწარ იგრძნო აღსასრულის მოახლოება და ბრძანა, ობოლნი იმპერატორის წინაშე წარსადგენად მოემზადებინათ. „უკუეთუ დღეს არა ვიხილო მეფე, ხვალე ხელთა არა გვაქვს!“ - ჩქარობდა წმიდა მამა.

მამა გიორგიმ „პატივი მისცა მეფესა და ჰრქუა, ვითარმედ „შემდგომად ღვთისა ხელთა შენთა შევვედრებ ობოლთა ამათ“. შემდეგ ყრმებს წმიდა სვიმეონ მიმრქმელის ლოცვა „აწ განუტევე...“ აგალობა და მეორე დღეს, პეტრე-პავლობის დღესასწაულზე მიიცვალა.

ათონელმა მამებმა წმიდანის გვამი ათონზე გადაასვენეს და „ლუსკუმასა შინა მარმარილოსა გიორგის თანა მაშენებელისასა (ხს. 28 ივლისს) დაკრძალეს, ვითარცა მეორედ მაშენებელი და შემამკობელი ეკლესიათა“.

წმინდა ეფრემ მცირე ( XI საუკუნე) – ქართველი საეკლესიო მოღვაწე, მწერალი, მთარგმნელი, ფილოლოგი, ფილოსოფოსი

1027 წელს ბაგრატ მეოთხის გამეფებით უკმაყოფილო თავადებმა (სამხრეთ საქართველოდან)დატოვეს საქრთველო და საცხოვრებლად საბერძნეთში გადავიდნენ;მათ შორის იყო თავადი - ვაჩე ყარიჩისძე, ისტორიკოსები თვლიან რომ სწორედ ვაჩე იყო ეფრემ ასურის მამა.

ეფრემმა მიიღო ბრწყინვალე განათლება კონსტანტინოპოლში და გაემგზავრა შავ მთაზე ანტიოქიასთან ახლოს.დიდია ეფრემ ასურის დამსახურება ქართულ და ბერძნულ სასულიერო ფილოსოფიურ ლიტერატურაში.მისი თხზულებები ეხება საეკლესიო ცხოვრების თითქმის ყველა სფეროს,მასვე ეკუთვნის ბერძნულიდან ქართულად თარგმნილი დიონისე არეოპა-გელის ხუთი თხზულება, მათ შორის არის ფსალმუნების,, კომენტარები’’ ,,წმინდა მოციქულთა წერილები’’ და ბევრი სხვა...

ეფრემმა შექმნა თარგმნის საკუთარი თეორია,რომელიც შემდეგში გახდა შუა საუკუნეების საქართველოში ყველა ნათარგმნი ლიტერატურის საფუძველი.

ეფრემ მცირეს ეკუთვნის წიგნი ქართველთა გაქრისტიანების შესახებ,რომელიც სხვადასხვა საისტორიო წყაროების სახით მოიპოვება;ამ ნაწარმოების შექმნის წინაპირობა ესეთია: XI საუკუნის მეორე ნახევარში საბერძნეთის სასულიერო პირებმა,რომლებიც იმყოფებოდნენ შავ მთაზე და ანტიოქიაში არ ცნობდნენ ქართული ეკლესიის ავტოკეფალიას, ამის მიზეზად ისინი თვლიდნენ,რომ თითქოს საქართველოში ქრისტიანობა მოციქულების მიერ არ იყო ნაქადაგები,აუცილე- ბელი გახდა ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის უფლების დამტკიცება.შავ მთაზე მყოფმა ქართული სასულიერო პირების დასმა ეს საქმე ეფრემ მცირეს დაავალა.ეფრემმა დაწვრილებით შეისწავლა ბერძნული საისტორიო წყაროები და შექმნა ქართული ეკლესიის თვითმყოფადობის დამამტკიცებელი ფუნდამენტალური დოკუმენტი.

ეფრემ მცირეს არასოდეს დაუტოვებია შავი მთა. იგი გარდაიცვალა დაახლოებით 1101 წელს რუის-ურბნისის კრების აქტებში მას იხსენიებენ როგორც გარდაცვლილს.

იოანე მტბევარი, X საუკუნის ქართველი საეკლესიო მოღვაწე, ჰიმნოგრაფი, მთარგმნელი. როგორც ტბეთის სახარების (995) მინაწერიდან ჩანს, 978-იდან ტბეთის ეპისკოპოსი ყოფილა, 995 კი მაწყვერელად დაუდგენიათ. მიქაელ მოდრეკილის "იადგარში" (978-988) დაცულია VII-IX საუკუნეების ბერძენ ავტორთა ჰიმნების თარგმანები,რომლებიც იოანე მტბევარს ეკუთვნის. მის სახელთანაა დაკავშირებული ქართული ჰიმნოგრაფიული ტერმინი მოკაზმული.

დავით ტბელი, X საუკუნის II ნახევრის ქართველი მთარგმნელი და სასულიერო მოღვაწე, ტბეთის ეპისკოპოსი. ბერძნულიდან თარგმნა კიმენური და მეტაფრასული ჰაგიოგრაფიული ძეგლები. ეფრემ მცირის ცნობით, მას უთარგმნია სიმეონ ლოგოთეტის მეტაფრასები. მასვე ეკუთვნის გრიგოლ ღვთისმეტყველის რამდენიმე თხზულების თარგმანი. ძველ წყაროებში დავით ტბელი იხსენიება ეპისკოპოს სტეფანე სანანოისძესთან ერთად.

ეზრა ანჩელი

X საუკუნის შუა ხანების ქართველი საეკლესიო მოღვაწე და ჰიმნოგრაფი.

მიქაელ მოდრეკილის კრებულში  შეტანილია ”დასდებელნი წმინდისა ეფთვიმე მოღუაწისანი”, რომლის ავტორია ეზრა და რომელიც არის 20 იანვრისათვის დადგენილი საგალობელი ეფტვიმე დიდის, პალესტინელისა.

”დასდებელნი” დიდი ფორმის პოეტური ნაწარმოებია, ესაა სრული კანონი, რომელიც სარგის ცაიშვილის დაყოფით, თერთმეტი მონაკვეთისაგან შედგება (”უფალო ღაღადყავსა” ”უგალობდითსა”, ”მოიხილესა” , ”განძლიერდასა”, უფალო გესმისა”, ”ღამითგანსა”, ”ღაღადყავსა”, ”კურთხეულ არსა”, ”კურთხევდითსა”, ”ადიდებდითსა”, ”აქებდითსა”). საგალობელი აკროსტიქულია - სტრიქონთა დასაწყისი პირველი ასოები ჰქმნის ტექსტს: ”ეზრა, ქრისტე, ადიდე საურმაგ და ძეი მისი მისგან, ამენ”. კ.კეკელიძის ვარაუდით, ეს საურმაგი და მირეანი, სხვა წყაროებით უცნობი მეათე საუკუნის ქარტველი დიდებულები, უნდა იყვნენ ამ საგალობლის შემკვეთეელნი.  მის მის ავტორს მიიჩნევენ წმინდა გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებში დასახელებულ ეზრა ანჩელ ეპისკოპოსად, რომელიც აქ მოიხსენიება და რომელც ”დიდებულთა დაფანჩულთა” შვილია. დაფანჩულები სამხრეთ საქართველოს ერთ-ერთი უძლიერესი ფეოდალური საგვარეულო იყო IX-X  საუკუნეებში. მაგალითად, ცნობილია, გაბრიელ დაფანჩული, რომელმაც დიდი დახმარება აღმოუჩინა გრიგოლ ხანცთელს სამონასტრო მშენებლობის საქმეში. მირეანი ამ დროს დაფანჩულთა საგვარეულო სახელი ჩანს, ამიტომაც, ეზრასთვის საგალობლის დამკვეთი მისი ნათესავი უნდა იყოს, დაფანჩულთა გვარიდან. გიორგი მერჩულის ცნობით, ეზრას დროს მოღვაწეობდა ”ძე დიდისა ადრნესე კურაპალატისა (899-923) ბაგრატ ერისთავთა ერისთავი (937-945), ძალითა ღმრთისაითა დიდი ხელმწიფე”. ამის მიხედვით, ეზრა ანჩელის ეპისკოპოსობა მეათე საუკუნის 30-40-იან წლებზე მოდის.

არსენ იყალთოელი, XI-XII საუკუნეების ქართველი სასულიერო მოღვაწე, ფილოსოფოსი, მწერალი, ჰიმნოგრაფი.

წყაროებში იხსენიება ვაჩესძედ. წარმოშობით იყალთოდან ყოფილა. განათლება მიიღო ბიზანტიაში, ე.წ. მანგანის აკადემიაში. მისი მასწავლებლები იყვნენ მიქაელ ფსელოსი და იოანე ნომოფილაქსი. აქვე დაუწყია მთარგმნელობითი მოღვაწეობა. 80-იან წლებში წავიდა შავ მთაზე (სირია), სადაც მოღვაწეობდა ეფრემ მცირის ხელმძღვანელობით. მისი გარდაცვალების შემდეგ დაბრუნებულა მანგანის მონასტერში, შემდეგ თეოფილე ხუცესმონაზონთან და იოანე ტარიჭისძესთან ერთად ჩამოსულა საქართველოში. მოღვაწეობდა გელათის აკადემიაში. ტრადიციული ცნობის თანახმად, დავით აღმაშენებლის დახმარებით არსენ იყალთოელის იყალთოს მონასტერთან დაუარსებია აკადემია და მისი პირველი რექტორიც ყოფილა. საბოლოოდ შიომღვიმის მონასტერში დამკვიდრებულა.

არსენ იყალთოელმა თარგმა და ერთ კრებულში "დოგმატიკონში" (ყველაზე სრული ნუსხაა S - 1463, XII-XIII სს.) გააერთიანა ბიზანტიის მწერალთა ფილოსოფიური-თეოლოგიური თხზულებები: ანასტასი სინელის "წინამძღვარი", იოანე დამასკელის "წყარო ცოდნისა", მისივე რამდენიმე პოლემიკური ნაშრომი, თეოდორე აბუკარას პოლემიკური ეპისტოლენი, მიქაელ ფსელოსის "პირმშოსათვის", კირილე ალექსანდრიელის, ნიკიტა სტითატის, ლეონ პაპის დოგმატურ-პოლემიკური ეპისტოლენი, სტატიები და ტრაქტატები, მრავალი უავტორო პოლემიკური თხზულება და სხვა. არსენ იყალთოელმა თარგმნა აგრეთვე "დიდი სჯულისკანონი", გიორგი ამარტოლის "ხრონოღრაფი" და სხვა.

არსენ იყალთოელი თარგმანებს ურთავდა ფილოლოგიურ და ფილოსოფიურ თვალსაზრისით საინტერესო სქოლიოებს. აღსანიშნავია, რომ არსენ იყალთოელს მოიხსენიებენ ანატომიის მცოდნედ. "ანატომიკოსად" (ანტონ I, იოანე ბაგრატიონი). მასვე ეკუთვნის სასულიერო შინაარსის იამბიკოები, დავით აღმაშენებლის ეპიტაფია "ვინ ნაჭარმაგევს მეფენი". არსენ იყალთოელს შეუდგენია ფიზიკის სახელმძღვანელო, რომლითაც ასწავლიდა გელათისა და იყალთოს აკადემიებში. ამ სახელმძღვანელოს იხსენიებს ანტონ I. არსენ იყალთოელი შუა საუკუნეების ქართული ფილოსოფიურ-თეოლოგიური აზრის მნიშვნელოვანი წარმომადგენელია. მონაწილეობდა დავით აღმაშენებლის მიერ მოწვეულ კრებაში, რომელიც მიზნად ისახავდა რელიგიურ-დოგმატიკურ საკითხების გადაწყვეტას. არსენ იყალთოელის პოზიცია ერეტიკოსების მიმართ შეურიგებელი და მკაცრი იყო. მისი თეორიული მეთოდი დოგმატიკურია. ფილოსოფიაში სქოლასტიკის არისტოტელიზმის მიმდევარია.

არსენ იყალთოელის მემკვიდრეობა ჯერ კიდევ არ არის მეცნიერულად გამოცემული. ზოგი მკვლევარი (თ. ჟორდანია, ზ. ჭიჭინაძე, ა. ხახანაშვილი, ი. ლოლაშვილი) არსენ იყალთოელს აიგივებს არსენ ბერთან.

იოანე-ზოსიმე, X საუკუნის ქართველი სასულიერო მწერალი, ჰიმნოგრაფი, მთარგმნელი. მის შესახებ მეტად მწირი ბიოგრაფიული ცნობები მოგვეპოვება. როგორც სინის მთის ქართული ხელნაწერების ანდერძ-მინაწერებიდან ჩანს, მოღვაწეობდა პალესტინაში, ჯერ საბაწმინდის ლავრაში, ხოლო X საუკუნის 70-იანი წლებიდან - სინის მთაზე.

იოანე-ზოსიმეს ეკუთვნის ენციკლოპედიური ხასიათის ნაშრომი "საგალობელნი იადგარნი" (Sin-34), რომელიც სხვადასხვა ლიტურგიკული ძეგლიდან გამოკრებილ თხზულებათა კრებულია. ორიგინალური თხზულებათაგან აღსანიშნავია ცხოველი პატრიოტიზმით გამსჭვალული საგალობლები "ქებაი ქართულისა ენისაი" და "ქართულისა ენისათჳს" (გამოაქვეყნა პავლე ინგოროყვამ 1924, ჟურნალი "კავკასიონი", №1-2).

იოანე-ზოსიმეს წვლილი მიუძღვის ხელნაწერთა დამზადება-გამრავლებაშიც. იგი ცნობილია როგორც ხელნაწერთა "განმაცხოველებელი", "შემმოსელი", "მომგებელი" და "ტექსტის "მჩხრეკალი".

Ani | Dokubaiazet
Tel.: (+995 32) 30 22 40
Cell.: (+995 99) 30 22 40
info@tao-klarjeti.ge
Created by George Chaganava