მოგზაურობა ტაო-კლარჯეთში
კაპადოკია







ფეოდალური კლანები
ციხისჯვრელები - სამხრეთ საქართველოს, სამცხის წარჩინებული ფეოდალური საგვარეულო, ახალ ჩორჩანელთა საგვარეულოს განშტოება. მისი ფუძემდებელი იყო XI საუკუნის შუა წლების მოღვაწე, სულა კალმხის ერისთავი. გვარის სახელწოდება წარმოსდგა სამცხეში მდებარე ციხე ციხისჯვარიდან, რომელიც სულას უწყალობა საქართველოს მეფე ბაგრატ IV-მ ლიპარიტ ბაღვაშის წინააღმდეგ ბრძოლის დროს ერთგული სამსახურისათვის. სულას საგვარეულოს მეორე შტომ მამულად დაიმკვიდრა საერისთავო კალმახი და კალმახელთა სახელწოდება მიიღო. XII საუკუნის 80-იან წლებში თამარ მეფემ გიორგი რუსის აჯანყების დროს ერთგული სამსახურისათვის ივანე-ყვარყვარე ციხისჯვარელს სამცხის ერისთავთერისთავობა და სპასალარობა უბოძა, და უწყალობა ჯაყის ციხე, რომელიც ახალ ჩორჩანელთა მეორე განშტოების წარმომადგენელს ბოცო ჯაყელს ჩამოართვა. ამიერიდან ციხისჯვარელ ჯაყელები პირველობენ სამცხეში, XIII საუკუნის 60-იან წლებში კი ყვარყვარეს შვილიშვილი სარგის I სამცხის მთავარი ხდება.

აბაშიძეები, ფეოდალური საგვარეულო იმერეთში, ქართლსა და კახეთში. პირველი დოკუმენტური ცნობა ამ საგვარეულოს შესახებ XV საუკუნის II ნახევარს ეკუთვნის. აბაშიძეები განსაკუთრებით დაწინაურდნენ იმერეთის სამეფოში. XV-XVI საუკუნეების მიჯნაზე ზემო იმერეთში ჩამოყალიბდა აბაშიძეების სათავადო, რომელიც განსაკუთრებით გაძლიერდა XVII საუკუნის მიწურულსა და XVIII საუკუნის I ნახევარში. ამ დროს აბაშიძეების სახლი ფლობდა 78 სოფელს, რამდენიმე ეკლესია-მონასტერს, 1500 კომლ ყმას, ჩხერის, სვერის, ნავარძეთის, კაცხისა და სხვა ციხესიმაგრეებს. აბაშიძეები იყვნენ იმერეთის მეფის უძლიერესი ვასალები. ხშირად მათი ნებისამებრ წყდებოდა იმერეთის მეფეთა ტახტზე ასვლა-დარჩენის საკითხი. აბაშიძე გიორგი-მალაქია 1701-1707 წლებში იმერეთის ფაქტობრივი მმართველი იყო. 1774 ერეკლე II-მ თავის სიმამრს ზაალ აბაშიძესა და მის შვილებს კახეთში უბოძა ყმა-მამული. კახეთის აბაშიძეები მათგან მომდინარეობენ. იმერელი აბაშიძეების განაყოფად მიიჩნევენ ქართლის აბაშიძეებსაც. XIII საუკუნის I ნახევარში იმერელი აზნაური აბაშიძეები ბათუმის მხარეში ჩასახლდნენ, გმაჰმადიანდნენ და ოსმალეთის მთავრობისაგან სანჯაყ-ბეგობა მიიღეს.

აბუსერისძენი, XI-XIV საუკუნეების საქართველოს დიდ ფეოდალთა საგვარეულო. ამ გვარის პირველი წარმომადგენელი არტანუჯის ერისთავი იოანე აბუსერისძე ბაგრატ IV-ის მეფობის პირველ წლებში იხსენიება. ამ დროს აბუსერისძენი ყოფილან კლარჯეთისა (არტანუჯის) და ხიხათა (აჭარის) ერისთავები და ციხისჯვრისა და აწყურის სამეფო ციხეების გამგებლები. XI საუკუნის II ნახევარში მათ დაკარგეს ჯერ არტანუჯი, შემდეგ ციხისჯვარი და აწყური. XII-XIII საუკუნეებში იყვნენ მხოლოდ ხიხათა ერისთავთერისთავები. XIV საუკუნეში ცნობილია ამირსპასალარი ივანე აბუსერისძე († 1355). უკანასკნელად აბუსერისძენი იხსენიებიან XVI საუკუნის სამცხე-საათაბაგის დიდებულთა სიაში.

დიასამიძეები, ფეოდალური საგვარეულო სამცხე-საათაბაგოში. წერილობით წყაროებში 1443 წლიდან იხსენიებიან. ამ დროს სამფლობელო ჰქონდათ ჩრდილო-აღმოსავლეთ სამცხეში. XVI საუკუნის დასაწყისში დაეუფლნენ ჯერ აბუსერისძეთა მამულს მტბევარის სამწყსოში, შემდეგ ხურსიძეთა მამულს ღობიეთს - წურწყაბლის სამწყსოში. XV საუკუნის I ნახევარში დიასამიძეების სახლი ქართლის მეფეებს უჭერდა მხარს სამცხე-საათაბაგოს ქართლთან შეერთებისათვის ბრძოლაში. 1548 წელს დიასამიძეების და სხვა მესხი დიდებულების დახმარებით ლუარსაბ I-მა დაიპყრო ჯავახეთი და მდინარე მტკვრის აღმოსავლეთი მხარე. საპასუხოდ 1553 წელს ირანის შაჰმა თამაზ I-მა დიასამიძეები აიკლო და ზოგიერთი მათგანი ტყვედ წაიყვანა. 1576-1578 წლებში დიასამიძეები აქტიურად მონაწილეობდნენ ჯაყელთა წინააღმდეგ შეთქმულებაში. 1578 წელს ოსმალთა მიერ სამცხე-საათაბაგოს დაპყრობის შემდეგ, დიასამიძეების სახლის ერთმა ნაწილმა ქართლს შეაფარა თავი. XVI-XVIII საუკუნეებში დიასამიძეების გვარიდან იყვნენ ქართლის კათალიკოსები, მცხეთის ბოქაულთუხუცესები, ჯვრის მონასტრის წინამძღვარები და სხვა; კახეთში - ბოდბელები. XVII საუკუნის 30-იან წლებში დიასამიძეებმა მონაწილეობა მიიღეს როსტომ მეფის წინააღმდეგ მოწყობილ შეთქმულებაში, რასაც მოჰყვა მათი დასჯა და სათავადო სახლის დამდაბლება.

თმოგველები, დიდგვარიან ფეოდალთა საგვარეულო XII-XIV საუკუნეების საქართველოში, მხარგრძელთა განშტოება. ამ გვარის ფუძემდებელი იყო სარგის ვარამის ძე მხარგრძელი, რომელსაც თამარ მეფემ ამირსპასალარ გამრეკელ თორელის სიკვდილის შემდეგ სამამულოდ უბოძა თორელის საკარგავი - თმოგვის ციხე (ისტორიულ ჯავახეთში) და მიმდგომი მხარე. XIII საუკუნის დასაწყისიდან თმოგველების საგვარეულო მონასტრად იქცა ვაჰანის (ვანი) სამეფო მონასტერი (თმოგვის მახლობლად). თმოგველების მამული - თმოგვის მხარე - XIII-XIV საუკუნეებში წარმოადგენდა დიდ ფეოდალურ სენიორიას, თვით თმოგვი კი - შუა საუკუნეების ტიპურ ციხე-ქალაქს. თმოგველები ატიურად მონაწილეობდნენ XII-XIII საუკუნეების საქართველოს პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში (სარგის თმოგველი, თაყაიდინ თმოგველი). თმოგველებს ფეოდალური შუღლი ჰქონდათ სამხრეთ საქართველოს მეორე დიდ საგვარეულოსთან - სამცხის მტავრებტან, ჯაყელებტან. ამ ბრძოლაში თმოგველები დამარცხდნენ და XIV საუკუნეში დატოვეს თმოგვი, გადასახლდნენ კახეთსა და შიდა ქართლში. კახეთში ისინი დაეუფლდნენ უჯარმას, ხოლო შიდა ქართლის დასავლეთ ნაწილში - ნიქოზს და ეწოდათ ჯერ თმოგველ-უჯარმელები, ხოლო შემდეგ - თმოგველ-უჯარმელ-ფავლენიშვილები. აქ მათ საგვარეულო საყდრად გაიხადეს ნიქოზის ეკლესია. საისტორიო წყაროებში თმოგველებად ხშირად იხსენიებიან არა მარტო თმოგველების საგვარეულოს წევრები, არამედ თმოგვის მხარის მცხოვრებლებიც

ბოცოსძენი, სამცხის დიდგვაროვან ფეოდალთა სახლი (საგვარეულო), ჯაყელთა განშტოება. მათი სამფლობელო მდებარეობდა ფოცხოვის ხეობაში, საგვარეულო მონასტერი - ალში. საგვარეულოს ფუძემდებელი იყო XII საუკუნის მიწურულს სამცხის ერისთავთერისთავი და სპასალარი ბოცო ჯაყელი. ბოცოსძენი მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ XII-XIV საუკუნეების სამცხის სოციალურ-ეკონომიკურდა პოლიტიკურ ცხოვრებაში. ამ საგვარეულოს ეკუთვნოდა არაერთი გამოჩენილი პოლიტიკური მოღვაწე და სარდალი. XII საუკუნის მიწურილს ბოცო ჯაყელმა დაკარგა სამცხის ერისთავთერისთავობა და სპასალარობა თამარ მეფის წინააღმდეგ დიდგვარიანთა აჯანყებაში მონაწილეობის გამო. ამის შემდეგ ერისთავთერისთავობა ჯაყელთა მეორე შტოს - ციხისჯვარელების ხელში გადავიდა, მაგრამ ბოცოსძენი შემდეგაც არ ჩამოშორებიან პოლიტიკურ ასპარეზს. ბოცო ჯაყელის ვაჟს ბოცოსძე ბოცოს თამარმა ჩუხჩარხობა უბოძა. XVI საუკუნეში შედგენილი სამცხის ფეოდალთა სიიდან ჩანს, რომ ბოცოსძეთა საგვარეულო იმ დროს აღარ არსებობდა, მათი საფეოდალო კი ოლადასშვილთა ხელში იყო გადასული.

ფანასკერტელები, წარჩინებული ფეოდალური საგვარეულო XII-XVI საუკუნეების საქართველოში, ასპანისძეთა განშტოება და ციციშვილების წინამორბედი.გვარის სახელწოდება წარმოდგება მისი სამამულე ციხე-ქალაქ ფანასკერტიდან (ტაოშია). გვარის ფუძემდებელი გახდა შავში აზნაური ზაქარია ასპანისძე, რომელსაც თამარ მეფემ უწყალობა ფანასკერტი და ტაოს ერისთავობა. XII-XIII საუკუნეებში ზემო ქართლის უძლიერესი ფეოდალები და გამგებლები იყვნენ. ასპანისძეთა ფეოდალურ სახლს არ შეუწყვეტია არსებობა ფანასკერტელთა გამოყოფის შემდეგაც. მათი საფეოდალო შავშეთში არსებობდა XV საუკუნემდე, ვიდრე მას ბეენაშვილები არ დაეპატრონენ. ფანასკერტელების სამფლობელოები კიდევ უფრო გაფართოვდა XIV-XV საუკუნეებში ორბოძლელ-ჩიჟავაძეებისა და ჯავახიშვილების მამულების ხარჯზე შიდა ქართლში. ამ მხარეში მათ ეკუთვნოდათ: ხვედურეთი, კეხიჯვარი, ქვახვრელი, უფლისციხე, კარალეთი, ძამის ციხე და ყინწვისისა და სამწევრისის ეკლესიები. ჰქონდათ ყმა-მამული ქვემო ქართლშიც, რაზეც მიუთითევს სოფელ წერაქვის ეკლესიის საამშენებლო წარწერა. XV საუკუნის შუა ხანებში გამწვავდა ბრძოლა ჯაყელების სამთავრო სახლსა და მეფის მომხრე ფანასკერტელებს შორის. სამცხედან განდევნილი ზაზა ფანასკერტელი - მეფის მეჭურჭლეთუხუცესი - შიდა ქართლში დამკვიდრდა და საფუძველი ჩაუყარა შემდგომში სათავადოს, რომელიც შემდგომში საციციანოდ იქცა. ქართლში დაფუძნებული ფანასკერტელ-ციციშვილები დაუნათესავდნენ მეფეებსა და ქართლის თავადებს. XV საუკუნეში ერთხანს ფანასკერტელებს სამეფო ქალაქის - ატენის მოურავობა ეპყრათ.ფანასკერტელთა ერთი შტო თავის ძველ მამულში - ტაო-შავშეთში დარჩა და ჯაყელებს ეყმო. მესხური მატიანის მიხედვით, ფანასკერტელ იობის ძე ჯარასონი ყვარყვარე ჯაყელის ერთგული ყოფილა და 1576 წ. ფეოდალთა შეთქმულების დროს იგი დაღუპვისგან გადაურჩენია.

თორელები, დიდგვარიან ფეოდალთა საგვარეულო XII-XIV საუკუნეების საქართველოში. სახელწოდება წარმოდგება მათი საგვარეულო მამულიდან - თორი (ახლანდელი ბორჯომის რაიონში). თორის წარმომავლობაზე სამეცნიერო ლიტერატურაში არსებობს სხვადასხვა აზრი: ს. კაკაბაძე თორელებს მიიჩნევს მხარგრძელთა საგვარეულოს განშტოებად. ლ. მუსხელიშვილის აზრით, თორელების სახლი უკავშირდება სამძივართა გვარს, ნ. შოშიაშვილს მიაჩნია, რომ თორელების სახლი წარმოიქმნა გამრეკელთა საგვარეულოდან (პირველად იხსენიება X საუკუნეში), ხოლო გამრეკელი, გვარის აღმნიშვნელი სიტყვა, თორელებში იქცა სახელად. მართლაც XII საუკუნიდან გამრეკელი სახელად გვხვდება მხოლოდ თორელებისა და მათი შთამომავლების - ჯავახიშვილების გვარში (ისევე, როგორც კახა).

სამეცნიერო ლიტერატურაში გამოთქმული მოსაზრება (ს. კაკაბაძე, ნ. შოშიაშვილი, ს. ცაიშვილი), რომ XII-XIII საუკლუნეების გენიალური ქართველი პოეტი შოთა რუსთაველი თორელების საგვერეულოდან იყო და რუსთაველი იმიტომ ეწოდა, რომ მესხეთის რუსთავს ფლობდა სამამულედ. ამას მხარს უჭერს ის გარემოება, რომ თორელების საგვარეულო მესხური იყო და ამ საფეოდალოში შედიოდა რუსთავი, აგრეთვე ისიც, რომ იერუსალიმის ჯვრის მონასტერის აღაპში შოთა იხსენიება მეჭურჭლეთუხუცესად. ეს სახელო კი ამ პერიოდში თორელებს ეპყრათ.

XII საუკუნის II ნახევრიდან XIII საუკუნის 60-იან წლებამდე თორელების სახლის თავადები (ე. ი. ფეოდალური საგვარეულოს უფროსები) იყვნენ როგორც საქვეყნოდ გამრიგე მოხელეები (ახალქალაქის ერისთავთერისთავები), ისე დარბაზის რიგის მოხელეები - უწყების მეთაურები (ამილახვრები, ამირსპასალარები, მეჭურჭლეთუხუცესები). ამასთან ერთად, თორელებს ზოგჯერ განსაგებლად ეძლეოდათ სახასო ქვეყნის (ე. ი. სამეფო დომენის) რომელიმე ნაწილიც. მაგ. 1163 წელს ანისის გამგებელი ყოფილა კახა თორელი. ასევე საგამგებლოდ ჰქონდათ თორელებს, როგორც ჩანს, საუფლისწულო დომენი - ძამის ხეობა - და სამეფო დომენი - "კარული ქვეყანა" (კარის მიმდგომი მხარე). ორივე ეს მხარე მათ შემდეგ საკუთარ მამულად აქციეს ("კარული ქვეყანა" თორელ-ახალციხელებს 1270-იან წლებში მედროვე სადუნ მანკაბერდელმა წაართვა). თორელებმა ხელთ იგდეს სხვა მამულებიც: ახალციხე (სამცხეში), ღობიეთი (ჯავახეთში), ქვემო (ქვემო ქართლში), ძამა (შიდა ქართლში). ამის მიხედვით წარმოიქმნა თორელთა საგვარეულო განშტოებები: ახალციხელი, ღობიარი, ქვეშელი, ძამელი. XII საუკუნიდან თორელების ფეოდალური მფლობელობა გავრცელდა თეძმის ხეობაზეც. აქ XIII საუკუნეში ჩამოყალიბდა თორელ-ჯავახიშვილთა ახალი საფეოდალო, რომელიც XIV საუკუნიდან იქცა ჯავახიშვილთა სათავადოდ

ახალციხელები, სამხრეთ საქართველოს დიდგვაროვან ფეოდალთა საგვარეულო XII-XIII საუკუნეებში, თორელთაგან გამოყოფილი შტო. მათი თავდაპირველი სამფლობელო ახალციხე იყო. XII საუკუნის ბოლოს ახალციხელებმა პირველობა წაართვეს თორელთა ძირითად შტოს - ახალქალაქის (ე. ი. ჯავახეთის) ერისთავთერისთავებს. ამირსპასალარ გამრეკელ თორელის შემდეგ ახალციხელებმა მიიღეს ჯავახეთის მონაპირის სახელო, ხოლო კარის (ყარსი) აღების შემდეგ (XIII საუკუნის დასაწყისი) - ამ მხარის მონაპირეობაც. გვარის სახელოვანი წარმომადგენლები იყვნენ შალვა და ივანე ახალციხელები. მათ შემდეგ ახალციხელები დასუსტდნენ და სამხრეთ საქართველოში კვლავ თორელთა ძირითადი შტო გაბატონდა. მონღოლებმა XIII საუკუნის 40-იან წლებში სამხრეთ საქართველოს დუმნის თავად გამრეკელ თორელი დანიშნეს. XIII საუკუნის II ნახევარში ახალციხე და სამეფო ქალაქ კარის გამგებლობაც ხელთ იგდეს ჯაყელებმა (1270 დემეტრე II-მ კარი სადუნ მანკაბერდელს გადასცა). ახალციხელების დაკნინებული საგვარეულო შიდა ქართლში გადასახლდა. მათი შთამომავლობა მოხსენიებულია 1487 წელს ქართლის მეფის კონსტანტინე II-ის სიგელში.

ჩორჩანელები - სამხრეთ საქართველოს წარჩინებული ფეოდალური საგვარეულო VIII-XI საუკუნეებში. გვარის სახელწოდება წარმოსდგა ჩორჩანელების საგვარეულო ციხე ჩორჩანიდან. ამ საგვარეულოს წარმომადგენელი გიორგი ჩორჩანელი პირველად IX საუკუნის წყაროში „სერაპიონ ზარზმელის ცხოვრებაში“ იხსენიება, მაგრამ სავარაუდოა რომ საგვარეულო არსებობდა VIII საუკუნიდან მაინც. ჩორჩანელების საფეოდალო მოიცავდა ჩორჩანს, ზანავს და სხვა მრავლ დაბას (ახლანდელი ადიგენის მუნიციპალიტეტი), სადაც ჰქონდათ ტაძრები, სასახლეები და ციხეები. ჩორჩანელი ამ მხარის დიდი მთავარი იყო. მისი ვასალები იყვნენ მცირე მთავრები. ეპარქიულად ჩორჩანელების საფეოდალო შედიოდა მაწყვერელის (აწყურის საეპისკოპოსო) სამწყსოში. გიორგი ჩორჩანელის დახმარებით ცნობილმა საეკლესიო მოღვაწემ სერაპიონმა ააშენა ზარზმის მონასტერი, რომელსაც გიორგიმ სამფლობელოდ ვრცელი ტერტიტორია უბოძა. გიორგი ჩორჩანელი იყო ძველი ჩორჩანელების საგვარეულოს უკანასკნელი წარმომადგენელი. ის უშვილოდ გარდაიცვალა და ყმა-მამული დაუტოვა მირიან ბაჰლაუნდზე გათხოვილი თავისი დის, ლატავრის (მონაზვნობაში თეკლას) შთამომავლობას. თვით ჩორჩანს, როგორც ჩანს დაეუფლა ლატავრის უფროსი ვაჟი სულა, რომელიც გახდა ახალი ჩორჩანელების გვარის ფუძემდებელი. შუათანა ვაჟმა ბეშქენმა საფუძველი დაუდო ჯაყელების საგვარეულოს, ხოლო უმცროსი ვაჟის სახელი - ლაკლაკი იქცა ბაჰლაუნდების მესამე განშტოების სახელწოდებად -წარმოიქმნა ლაკლაკთა გვარი. ახალი ჩორჩანელების (ხოლო შემდეგ მათი შთამომავალი საგვარეულოს ხურსიძეების) საგვარეულო მონასტერი გახდა ზარზმა. X საუკუნის 70-იან წლებში ზარზმაში ეკვდერი ააგო ახალი ჩორჩანელების წარმომადგენელმა, ბარდა სკლიაროსის წინააღმდეგ ქართველთა ლაშქრობის მონაწილემ ივანე სულას ძემ (ალბათ „სერაპიონ ზარზმელის ცხოვრებაში“ მოხსენიებული სულა მირიანის ძის ვაჟმა). ივანე სულას ძის შვილიშვილები უნდა იყვნენ XI საუკუნის შუა ხანების მოღვაწეები - ძმები გიორგი ჩორჩანელი და ფარსმან თმოგველი სულას ძეები. გიორგი ჩორჩანელი უკანასკნელია წყაროებში მოხსენიებული ახალი ჩორჩანელებიდან. შემდეგ ახალი ჩორჩანელების სამფლობელოს დაეპატრონა ამ საგვარეულოს ახალი განშტოება - ხურსიძენი.

თავდგირიძეები, ფეოდალური საგვარეულო სამხრეთ საქართველოში. წერილობით წყაროებში იხსენიება XIV საუკუნიდან (ზოგჯერ თავდირიძე, თაქთირიძე). ოსმალთა მიერ სამცხე-საათაბაგოს დაპყრობის შემდეგ თავდგირიძეების საგვარეულო საქართველოს სხვა მხარეებში (ქართლი, იმერეთი, გურია) გაიფანტა. გიორგი III გურიელმა თავდგირიძეებს ქვემო გურიაში უბოძა ყმა-მამული. XVII საუკუნეში თავდგირიძეებს გურიის სამთავროს ბოქაულთუხუცესის სახელო ეკავათ. XVII-XVIII საუკუნეების მიჯნაზე თავდგირიძეების ერთი შტო გონიის სანჯაყს განაგებდა. რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს ქობულეთის სარდალ-მოურავი მამუკა თავდგირიძე (სოლომონ I-ის სიძე) აქტიურად იბრძოდა ოსმალეთის წინააღმდეგ. ქუჩუქ-კაინარჯის ზავის შემდეგ, როდესაც ქვემო გურია ოსმალებმა დაიკავეს, მამუკა ცოლ-შვილით და ამალით საჯავახოში გადავიდა. მამუკას ვაჟი, მაქსიმე, რომელსაც თურქებთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, გამაჰმადიანდა, სულეიმანად იწოდა და თურქებმა ქობულეთის სანჯაყის გამგებლად დანიშნეს. მამუკა თავდგირიძე შუა გურიაში დამკვიდრდა. 1850 წელს მის მემკვიდრეებს რუსეთის მთავრობამ თავადთა წოდება დაუმტკიცა. სულეიმან-ბეგის მემკვიდრეთაგან ცნობილი იყვნენ ძმები თავდგირიძეები: ჰასან-ბეგი, აღმოსავლეთის 1853-1856 ომის მონაწილე, მოკლეს 1854 წელს (მასზე შექმნილია სიმღერა "ხასანბეგურა"); ალი-ფაშა, რომელიც 1878 თურქეთში გადასახლდა (მასზეა შექმნილია სიმღერა "ალი-ფაშა"). XIX საუკუნის შუა წლებში თავდგირიძეების ერთი შტო ქვემო აჭარას განაგებდა 1877-1878 წლებში ბათუმის მუთესარიფი იყო ოსმან-ფაშა, "აჭარელ ოსმალ-ფაშად" წოდებული, რომელიც 1878 წელს თურქეთში გადასახლდა.
Ani | Dokubaiazet
Tel.: (+995 32) 30 22 40
Cell.: (+995 99) 30 22 40
info@tao-klarjeti.ge
Created by George Chaganava